Accentnews.ge
ხუთი გარემოება, რომელზეც IDFI–ს მიერ "სუს–ის ფაილების" შესწავლის შედეგები მიუთითებს

ხუთი გარემოება, რომელზეც IDFI–ს მიერ "სუს–ის ფაილების" შესწავლის შედეგები მიუთითებს

17/09/2021 09:28:34 სამართალი

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) სავარაუდოდ სუს–იდან გამოჟონილი მასალების სისტემური მახასიათებლები, მოცულობა, პერიოდი, სამიზნე სუბიექტთა კატეგორიზაცია და ინფორმაციის მრავალფეროვნება შეისწავლა, გარკვეული მონაცემები შემთხვევითობის პრინციპით შედარდა ღია წყაროებით მოძიებულ ინფორმაციას.

ორგანიზაციის დაკვირვების შედეგები მიუთითებს, რომ:

  • გავრცელებულია დიდი მოცულობის, სავარაუდოდ 2014-2021 წლებში შექმნილი მასალა, რომელიც განსაკუთრებით სენსიტიურ ინფორმაციას შეიცავს;
  • მასალები მაღალი ალბათობით არ არის ფალსიფიცირებული;
  • მასალები მაღალი ალბათობით დამუშავებულია სუს-ის მიერ;
  • მასალების მნიშვნელოვანი ნაწილი სავარაუდოდ მოპოვებულია უკანონოდ;
  • მასალები სავარაუდოდ მიუთითებს უკანონო მიყურადების სისტემურობაზე.

„თუ ეს დოკუმენტები ავთენტურია, ამ მასალებზე საჯარო წვდომის მყისიერი შეზღუდვა აუცილებელია ადამიანთა პირადი ცხოვრებისა და უსაფრთხოების დასაცავად.

​საქართველოს პროკურატურამ დაუყოვნებლივ უნდა მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია, არის თუ არა გავრცელებული მასალები ავთენტური. ამ საკითხის გამოძიება არ მოითხოვს განსაკუთრებულ დროსა და რესურსს, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თანამშრომლობის მზადყოფნა უკვე გამოხატა. ამ ფაქტის გამოძიების დაყოვნება არსებითად დააზარალებს ადამიანის ძირითად უფლებებსა და საჯარო ინტერესებს. ამასთან პროკურატურას უნდა ესმოდეს, რომ გამოძიების პროცესში დამოუკიდებელი პირების/ინსტიტუტების ჩართვა კრიტიკულად აუცილებელია გამოძიების ლეგიტიმაციის უზრუნველსაყოფად",– აცხადებენ ორგანიზაციაში.

ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ საქართველოს პარლამენტმა უნდა გაიაზროს ვითარების სიმწვავე:

"მხოლოდ საქართველოს პროკურატურის მიერ განხორციელებულ ძალისხმევას ვერ ექნება სათანადო საზოგადოებრივი ნდობა. პარლამენტმა უნდა გამოიყენოს მისთვის კონსტიტუციითა და კანონით მინიჭებული უფლებამოსილებები და ჩაერიოს გავრცელებული მასალებთან დაკავშირებული გარემოებების შესწავლაში, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ სავარაუდოდ იკვეთება სისტემური უკანონო თვალთვალის ნიშნები".

ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, სასწრაფო წესით გამოიკვლიოს გავრცელებული მასალების ავთენტურობა და საზოგადოებას დაუყოვნებლივ მიაწოდოს ინფორმაცია; მასალების ავთენტურობის დადასტურების შემთხვევაში გამოიყენოს საერთაშორისო თანამშრომლობის მექანიზმები და უზრუნველყოს გავრცელებული მასალების წაშლა/წვდომის შეზღუდვა; გამოძიების პროცესში უზრუნველყოს საქართველოს სახალხო დამცველისა და სახელმწიფო ინსპექტორის ჩართულობა.

ამასთან, ორგანიზაცია მოუწოდებს პარლამენტს, დაუყოვნებლივ შექმნას საგამოძიებო კომისია. კომისიამ უნდა შეისწავლოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ სავარაუდო სისტემური თვალთვალის კანონირებისა და მასში მაღალი თანამდებობის პირთა ჩართულობის საკითხი.

ორგანიზაცია მიმართავს მედიაორგანიზაციებსა და ჟურნალისტებსაც, გავრცელებული მასალები გააშუქონ ჟურნალისტური ეთიკის პრინციპების სრული დაცვით. მასალები უნდა გავრცელდეს მხოლოდ იმ მოცულობით, რასაც ღირებული საჯარო ინტერესი მოითხოვს. გაშუქებისას დაცულ უნდა იქნეს ადამიანთა პირადი ცხოვრების უფლება.

შეგახსენებთ, რომ 12 სექტემბერს ზოგიერთმა მედიასაშუალებამ მიიღო ვებსაიტის ბმული, სათაურით „სუს–ის კომპრომატი საპატრიარქოს წინააღმდეგ“, სადაც განთავსებული იყო ათასობით ტექსტური, ვიდეო და აუდიოფაილი. მათგან მნიშვნელოვანი ნაწილი სასულიერო პირებს ეხებოდა, ნაწილი კი მათ შორის, დიპლომატებს.

14 სექტემბერს, საქართველოს პროკურატურამ განაცხადა, რომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლით - კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევა.

მასალების ავთენტურობის დადასტურების შემთხვევაში დადასტურდება ისიც, რომ ქვეყანაში ტოტალური მიყურადება მიმდინარეობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S