Accentnews.ge
11 საქმე, რომელიც ქარდავას წინააღმდეგაა აღძრული

11 საქმე, რომელიც ქარდავას წინააღმდეგაა აღძრული

17/09/2021 14:18:41 სამართალი

საქართველოს პროკურატურაში უკრაინიდან ექსტრადირებულ მეგის ქარდავას წინააღმდეგ 11 სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, მათგან 5-ზე გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი, ხოლოდ 6 სისხლის სამართლის საქმე იხილება თბილისის საქალაქო სასამართლოში,– აღნიშნულის შესახებ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს:

საქმე პირველი: მ.ქ. მსჯავრდებულია პატიმართა მიმართ განხორციელებული წამებისთვის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441-ე მუხლით, და ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე, რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად, 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით, განსაზღვრული აქვს 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

გამოძიების ვერსიით, 2006 წლის 12 იანვარს ქ. თბილისში, ნავთლუღის ავტოსადგურის ტერიტორიაზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თითქოსდა რუსთავის N1 ციხეზე თავდასხმის და პატიმართა გაქცევის აღსაკვეთად ჩატარებული ე.წ. სპეცოპერაციისას, განახორციელეს სამი ახალგაზრდის განზრახ მკვლელობა. იმავე დღეს, ჩატარებული სპეცოპერაციის და პატიმრების გაქცევის შესახებ გამოგონილი ამბის დამაჯერებლად წარმოჩენის მიზნით, იმ დროისთვის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N7 დაწესებულების დირექტორმა მ.ქ.-მ დეპარტამენტის თავმჯდომარესთან და სპეცდანიშნულების რაზმის წევრებთან ერთად, რუსთავის N1 დაწესებულებაში, აწამეს პატიმრები. პატიმართა მიმართ სასტიკი ძალადობა გაგრძელდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N7 დაწესებულებაში გადაყვანის პროცესში და ამ დაწესებულებაში მათი მიყვანის შემდგომაც.

საქმე მეორე: მ.ქ. ასევე მსჯავრდებულია ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე, პატიმართა მიმართ განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობისთვის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1443-ე მუხლით, რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად, 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით განსაზღვრული აქვს 3 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.

გამოძიების ვერსიით, 2006 წლის 27 მარტს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N7 დაწესებულების დირექტორმა მ.ქ.-მ, დეპარტამენტის თავმჯდომარემ, დეპარტამენტის მაღალჩინოსნებმა და სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებმა, მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში მოთავსებულ რამდენიმე მსჯავრდებულს ღირსებისა და პატივის შელახვით მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. მსჯავრდებულების მიმართ ფიზიკური ძალადობა გაგრძელდა მათი დაწესებულების ეზოში გაყვანის შემდგომაც. ყველას დასანახად პატიმრების უმოწყალოდ ცემამ და მათი ამ ფორმით ბადრაგირებამ, სასჯელაღსრულების დაწესებულების ნორმალური ფუნქციონირების მოშლა, პატიმართა ბუნტი და საზოგადოების პროტესტი გამოიწვია.

საქმე მესამე: მ.ქ.-ს მიმართ გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი სერგო თეთრაძის საქმეზე, პატიმართა მიმართ განხორციელებული წამების, წამების ორგანიზების, სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების ორგანიზების, თავისუფლების უკანონო აღკვეთის და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის, დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 138-ე, 143-ე, 1441-ე და 333-ე მუხლებით, ხოლო სასჯელის სახედ და ზომად, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით განსაზღვრული აქვს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.

გამოძიების ვერსიით, 2011 წლის სექტემბერში, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ მ.ქ.-მ, სხვა პირებთან ერთად, თითქოსდა ჯაშუშობაში მხილებულ სამ სამხედრო მოსამსახურეს, რომელთა შორის იყო სერგო თეთრაძე, 4-5 საათის განმავლობაში განუწყვეტლივ სცემდა და დამამცირებლად ეპყრობოდა, ემუქრებოდა მოკვლით, აყენებდა ძლიერ ფიზიკურ და მორალურ ტანჯვას. ამასთან, მ.ქ.-მ განახორციელა სერგო თეთრაძის წამებისა და სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების ორგანიზება მისგან სასურველი ინფორმაციისა და აღიარების მიღების მიზნით. სერგო თეთრაძე, განხორციელებული წამებისა და სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების შემდეგ, ჩავარდა კომატოზურ მდგომარეობაში და გონს მოუსვლელად გარდაიცვალა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N18 სამკურნალო დაწესებულებაში.

საქმე მეოთხე: სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით, მ.ქ.-ს მსჯავრი დაედო ე.წ. კასრების საქმეზე, სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და წამებისთვის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 138-ე, 143-ე და 1441-ე მუხლებით, რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით განსაზღვრული აქვს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.

გამოძიების ვერსიით, 2011 წლის 29 მაისს და 2 აგვისტოს, მ.ქ.-მ რომელსაც იმ დროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობა ეკავა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა თანამშრომლებმა, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება ორ პირს, რის შემდეგაც მიიყვანეს ზუგდიდის რაიონში, სოფელ განმუხურის ტერიტორიაზე არსებულ მიწურში. ხსენებული პირებისგან ტერორისტული აქტების განხორციელებაში მონაწილების შესახებ აღიარების მისაღებად, მ.ქ. მათ ელექტროშოკით დენს არტყამდა, სხვა პირები კი აყენებდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფას და ემუქრებოდნენ გაუპატიურებით. სასურველი აღიარების მისაღებად, თავისუფლებააღკვეთილი პირების მიმართ განხორციელდა სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება.

"საქართველოს პროკურატურა, როგორც ძებნილ პირთა საქართველოში ექსტრადიციის განხორციელებაზე პასუხისმგებელი უწყება, მომავალშიც მიიღებს ყველა ზომას, რათა დანაშაულის ჩამდენი ნებისმიერი პირი, მიუხედავად მისი ადგილსამყოფელისა, დროულად წარდგეს ქართული მართლმსაჯულების წინაშე",– აცხადებენ პროკურატურაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S