ელენე ხოშტარია სუს-ის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს
18/09/2021 11:06:47 სამართალი
პოლიტიკური პარტია "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინააღმდეგ სამართლებრივი ბრძოლის დაწყებას აპირებს.
ხოშტარია ამბობს, რომ ფარული ჩანაწერების მიხედვით ამ დრომდე გასაჯაროებულ ყველა დოკუმენტში ამბები, რომლებშიც ის არის ნახსენები, ნამდვილად მოხდა, რაც ჩანაწერების ავთენტიკურობის დადასტურებაა.
ელენე ხოშტარია სხვა პოლიტიკოსებს, აქტივისტებსა და იურისტებს სთავაზობს გაერთიანებას ამ სამართლებრივ ბრძოლაში იმისათვის, რომ ერთად შექმნან სამართლებრივი პრაქტიკა უკანონო მოსმენებისა და პირადი ცხოვრებით შანტაჟის წინააღმდეგ.
"ამ თავხედობის ამ მასშტაბით ჩვენება და “ქართული ოცნების” რეაქცია, რომ დიპლომატების, ბაგა-ბაღის მასწავლებლების და დირექტორების ჩაწერა არის ნორმალური, საჭიროებს ჩვენი საზოგადოების მხრიდან რეაგირებას.
არ ვაპირებ, ჩემი პოლიტიკური ცხოვრების არცერთ ეტაპზე კომენტარები ვაკეთო, ჩემი თუ სხვისი პირადი ცხოვრების შემცველი მასალების შინაარსზე. როგორი მომგებიანიც არ უნდა ჩანდეს წულუკიანის ან “ოცნების” პოლიტიკოსების პირად საუბრებზე ლაპარაკი, რომელიმე მომენტში.
ვაპირებ ამ უდიდესი ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლას და მოვუწოდებ ყველა ჩვენს მეგობარს, საქართველოს მოქალაქეებს, ასეთი ძალიან ბევრია, რომ ყველამ ერთად დავიწყოთ სამართლებრივი პროცესი, რომელიც, საბოლოო ჯამში, მივა სტრასბურგამდე. შევქმნათ მნიშვნელოვანი პრეცედენტი, რომ საქართველოში საქართველოს მოქალაქეები, არცერთ ეტაპზე არ ეგუებიან და არც არასდროს შეეგუებიან ჩაწერებს.
მე არ მაქვს ილუზია, რომ აქ, საქართველოში, ამ სამართლებრივ ბრძოლას ექნება აზრი, მაგრამ ეს იქნება პროტესტის ძალიან დიდი აქტი", - თქვა ელენე ხოშტარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
პარტიის იურისტის, გიგა ლემონჯავას თქმით, უკანონო მოსმენების წინააღმდეგ სამართლებრივ დავას ორი მიზანი ექნება:
"პირველი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მომუშავე ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურად არღვევენ კანონს, კარგად უნდა ესმოდეთ, რომ ეს უკანონობა არ დარჩება რეაგირების გარეშე და მათ აუცილებლად მოუწევთ სამართლებრივად პასუხის გაცემა ამ უმძიმეს დანაშაულებზე.
მეორე, გარდა პოლიტიკურისა, მნიშვნელოვანია, საქართველოში დამკვიდრდეს ერთიანი, უნიფიცირებული, სამართლებრივი სტანდარტი მოსმენებთან და თვალთვალთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნას ეფექტიანი, სამართლიანი, სამართლებრივი ჩარჩო, რომელიც ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში, დაიცავს საქართველოს მოქალაქეებს. ასევე საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებს და ყველა ადამიანს უკანონო მოსმენისგან და თვალთვალისაგან", - თქვა ლემონჯავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე.


