ახალგორის რაიონში თანამედროვე “ზოროს” - “ციცერონ კსატნის” ეძებენ

19-09-2021 14:54:53 კონფლიქტები

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის ახალგორის რაიონში კუდიანებზე ნადირობაა გაჩაღებული. ეძებენ ბლოგერ “ციცერონ კსანტის”, რომელმაც სოცქსელებში დე ფაქტო ჩინოსნებისა და ძალოვანების შესახებ მამხილებელი პუბლიკაციებით გაითქვა სახელი. ეძებენ მის შესაძლო ინფორმატორებსაც. მათზე მონადირეები – დე ფაქტო ჩინოსნები, ძალოვანები, კონტრაბანდისტები და სხვები, ვისაც “ციცერონის” პუბლიკაციები უკვე არასახუმაროდ აშფოთებთ, აღარ ეპუებიან არც მუქარას, არც ძალადობას, არც სამსახურიდან გათავისუფლებასა და სხვა მსგავს ბინძურ მეთოდებს. “ეჭვმიტანილთა” წრე კი ყოველდღიურად ფართოვდება, - იუწყება “Эхо Кавказа”-ს ადგილობრივი მიმომხილველი მურატ გუკემუხოვი.

ამასთან, იგი აზუსტებს, რომ საუბარია არა რაიმე ორგანიზებულ კამპანიაზე, არამედ უფრო ერთგვარ კერძო გამოძიებებზე, რომლებსაც ბლოგერის “მსხვერპლნი” საკუთარი შესაძლებლობებისა და დასაშვების შესახებ ინდივიდუალური წარმოდგენის ფარგლებში ახორციელებენ.

ყველა ამ “კერძო გამომძიებელს” ერთი რამ აერთიანებს: “მონადირეები” მტკიცებულებების ძიებით თავს არ იწუხებენ და ადგილობრივი სამართალდამცველებისთვის ჩვეულ “სწრაფ” მეთოდებს ანიჭებენ უპირატესობას – ეჭვმიტანილთა მიმართ მუქარისა და “ბრალის” აღიარების იძულების სახით.

ერთ-ერთ ბოლო Facebook-პოსტში თავად «ციცერონ კსანტის» ასეთი მაგალითები მოჰყავს: სამსახურიდან დაითხოვეს ქსნის ერისთავების რეზიდენციის მუზეუმის თანამშრომელი, რომელიც ბლოგერთან კავშირში აღმოჩნდა ეჭვმიტანილი; ძმები ასლან და ავთანდილ ბითაროვების მიერ დე ფაქტო უშიშროების ადგილობრივი სამსახურის შეფის ხელშეწყობით “ქართულ მხარეზე” კონტრაბანდული სიგარეტის გატანისა და იქიდან კონიაკ “სარაჯიშვილის” შეტანის ბიზნესის შესახებ ფეისბუქ-პუბლიკაციის შემდეგ “მონადირეებმა” ეს რატომღაც რაიონის სასოფლო საბჭოების კოორდინატორ ვასილი ხაჩიროვს დაუკავშირეს – “სხვა მსგავს რამეს ვერ დაწერდაო”, ძმებმა ბითაროვებმა იგი ქუჩაში გააჩერეს, განუცხადეს, რომ “კსანტი” ის იყო და ამის აღიარება მოსთხოვეს, ხოლო უარის მიღების შემდეგ მობილური ტელეფონი წაართვეს და მასში “მტკიცებულებების” ძებნა სცადეს, თუმცა ვერაფერს მიაკვლიეს. “ციცერონობაში” ეჭვმიტანილთა შორის აღმოჩნდნენ ასევე რაიონის დე ფაქტო პროკურორი ალან კულუმბეგოვი, რაიონის ყოფილი დე ფაქტო ხელმძღვანელი ვიტალი მამიტოვი და სხვებიც.

ერთხანს “ციცერონ კსანტი” ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილიც ეგონათ. მაშინ საქმე ადგილობრივ ფოსტაში დარღვევების შესახებ ფეისბუქ-პუბლიკაციას ეხებოდა. ფოსტის ჩინოსნის მუქარა თამარს ნაცნობმა ქალმა გადასცა, მის მშობლებს კი ჩინოსანი პირად საუბარში დაემუქრა.

სკანდალური ბლოგერის ინტერესთა სფერო ახალგორის რაიონით არ შემოიფარგლება. იგი წერს სიგარეტის კონტრაბანდაზე, დე ფაქტო მინისტრების მიერ 5-5 თანამდებობის შეთავსებაზე, დე ფაქტო პრეზიდენტის მიერ სასაჩუქრე იარაღით 8-10 მლნ რუბლად ვაჭრობაზე, მხოლოდ “ქაღალდზე” აშენებულ ობიექტებზე და ბევრ სხვა რამეზეც.

და როგორც წესი, “ციცერონ კსანტის” ინფორმაცია მართლდება, – ამასწინათ ეს თავის ინტერნეტ-პუბლიკაციაში ახალგორის რაიონის დე ფაქტო პროკურორმაც კი აღნიშნა: “რასაც წერს, სიმართლეა - მართალია, ხანდახან ცოტა გაზვიადებული, მაგრამ სრული სიმართლეო”. ალან კულუმბეგოვმა ამასთან დაკავშირებით იხუმრა კიდეც – “ციცერონმა” საქმე დამიმატაო”. როგორც ჩანს, დე ფაქტო მაღალჩინოსნებს სჯერათ იმის, რასაც სკანდალური ბლოგერი წერს და დე ფაქტო პროკურორს მის პოსტებში მოყვანილი ინფორმაციის გადამოწმებას ავალებენ. ამჟამად, მაგალითად, მოწდება ფოსტა – იკვლევენ, როგორ გაიცემა იქ პენსიები. დე ფაქტო პროკურატურა და უშიშროების სამსახური იკვლევენ ასევე, როგორ გაიცემა სამედიცინო დასკვნები, ამოწმებენ ზოგიერთი საკადრო გადაწყვეტილების კანონიერებასა და სხვასაც.

თამარი “ციცერონ კსანტის” ხუმრობით “ფანტომასს” ადარებს, თუმცა ის უფრო სოცქსელების ეპოქის “ზოროა”: ნიღბის ნაცვლად - “ნიკი”, მახვილის ნაცვლად - Facebook-პოსტი.

ფეისბუქ-ზორო აშკარად კარგადაა ინფორმირებული დე ფაქტო ხელისუფლების სხვადასხვა დერეფნებში მიმდინარე მოვლენებზე. აქედან გამომდინარე, აქ შესაძლოა, ძალაუფლების მქონე პირებთან ნდობაზე დამყარებულ ურთიერთობებთან გვქონდეს საქმე. ახლა ხომ დე ფაქტო ხელისუფლებაში მყოფი ბევრი ადამიანი არ ეთანხმება ბიბილოვის რეჟიმის გადაწყვეტილებებს, ბლოგერი კი უკმაყოფილოებს შესაძლებლობას აძლევთ, ეს უკმაყოფილება ანონიმურად გამოხატონ და ამ გზით “სინდისი გაიწმინდონ”.

გარდა ამისა, “ციცერონი” ღიაა თანამშროლობისთვის – მისთვის ნებისმიერი დარღვევის შესახებ მიმართვა ოკუპირებული რეგიონის ნებისმიერ მაცხოვრებელს შეუძლია. და თუ სოცქსელში მისი პუბლიკაციების ქვეშ განთავსებული კომენტარებით ვიმსჯელებთ, ხალხს იზიდავს ურთიერთობის ეს ფორმატი – კუპიურების, ფორმალობებისა და მოსაწყენი ანალიზის გარეშე. ამ პუბლიკაციებში ხომ ფაქტები სარკასტულად გადმოიცემა, ხშირ შემთხვევაში იუმორითაცაა შეკმაზული და როგორც სათავგადასავლო სიუჟეტებს შეეფერება, გმირს ადგილობრივი “ცუდი ბიჭები” დასდევენ – ზუსტად ისეთები, როგორც “ზოროს” შესახებ ფილმებში.

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში გამოიყენება

ახალი ამბები

სხვა სიახლეები