საგრძნობლად სეკვესტრირებული “რუსული სამყარო” სახელად “სამოკავშირეო სახელმწიფო”, ანუ საით მიცურავს აფხაზური ნავი

19-09-2021 17:49:31 კონფლიქტები

უკვე შორეულ 2008-ში დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ კოსოვო გაერო-ს წევრმა 8 ათეულზე მეტმა ქვეყანამ აღიარა, მათ შორის – აშშ-მა და ევროკავშირის სახელმწიფოებმაც. უცნობია, ანალოგიური შედეგის მიღწევის იმედი ჰქონდა მოსკოვს, როცა რამდენიმე თვეში აფხაზეთისა და ე.წ. “სახმრეთ ოსეთის” აღიარების შესახებ თავის გადაწყვეტილებას აცხადებდა (დასავლეთისთვის კოსოვოს გამო სამაგიეროს გადასახდელად, ხსენებულ ტერიტორიებზე თავისი ჯარის დატოვების გასამართლებლად, თუ ერთდროულად ორივე ამ მიზნით), მაგრამ საერთაშორისო აღიარების ხანგრძლივი კამპანია, რომელიც იმხანად პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევის ამ განცხადებას მოჰყვა, ფაქტობრივი კრახით დასრულდა: ქვეყნები აფხაზეთი და “სამხრეთ ოსეთი” მსოფლიო რუქაზე დღემდე არ არსებობს, ხოლო იმ სახელმწიფოების სია, რომლებმაც მოსკოვის მაგალითს მიბაძეს, 13 წლის თავზე მხოლოდ 4 პუნქტით შემოიფარგლება: ნიკარაგუა, ვენესუელა, ნაურუ და სირია. სამართლიანობისთვის ისიც ვთქვათ, რომ ამ სიაში იყვნენ კუნძულოვანი ვანუატუ და ტუვალუც, მაგრამ ისინი დროულად მოეგნენ გონს – როგორც ჩანს, გადაწყვიტეს, საეჭვო ავანტიურებში აღარ ჩაბმულიყვნენ და შარისგან შორს დაეჭირათ თავი.

არადა, მოსკოვს სოხუმისა და ცხინვალის ფართო საერთაშორისო აღიარების მიღწევის სურვილი თითქოს დიდი ჰქონდა. შესაბამის საერთაშორისო კამპანიასაც იგი თითქოს დიდი მონდომებით აწარმოებდა, პირველ ხანებში – დიპლომატიურთან ერთად წმინდად ფინანსური ბერკეტებითაც კი: მართალია, მოსკოვში, ცხინვალსა და სოხუმში ამას საჯაროდ ამ დრომდე არ აღიარებენ (ამის უარყოფა ამასწინანდელ ინტერვიუში აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამაც სცადა), მაგრამ ფაქტები ჯიუტი რამაა და იმაში მდგომარეობს, რომ ვენესუელის ლიდერი უგო ჩავესი 2009 წელს სოხუმისა და ცხინვალის აღიარებაზე მხოლოდ მას შემდეგ წავიდა, რაც მოსკოვთან შეიარაღების მიწოდების საკითხზე არქი-ხელსაყრელი ხელშეკრულება გააფორმა, წყნარი ოკეანეს კუნძულოვანი მინი-სახელმწიფო ნაურუ კი – მოსკოვისგან 50 მლნ დოლარის ოდენობის “დახმარების” მიღების შემდეგ (აქვე ისიც ვთქვათ, რომ ნაურუ მსგავს ცოდვებში ადრეც ყოფილა შემჩნეული: 2002 წელს კუნძულოვანმა სახელმწიფომ უარი განაცხადა ტაივანის აღიარებაზე, მიიღო რა ჩინეთისგან 130 მლნ დოლარი, ხოლო სამ წელიწადში ადგა და აღიარა ტაივანი, მიიღო რა “დახმარება” ამჯერად უკვე მისგან). მათ გარდა, “ამღიარებლების” მოკლე სიაშია რუსეთის დიდი მეგობარი, ნიკარაგუას ოდიოზური პრეზიდენტი დანიელ ორტეგა, რომელმაც მოსკოვის მაგალითს პირველმა - იმავე 2008 წელს მიბაძა, და ბოლოს – ნახევრადდანგრეული სირიის ნახევრადლეგიტიმური პრეზიდენტი ბაშარ ალ ასადი, რომელმაც იგივე ბევრად გვიან – 2018-ში, ისევ და ისევ მოსკოვის “მრავალრიცხოვანი თხოვნების” საფუძველზე, უბრალოდ გამოუვალი მდგომარეობის გამო გააკეთა.

ჯერ-ჯერობით სულ ესაა: ყველაზე ხელმოკლე ქვეყნების უმრავლესობამაც კი უარი განაცხადა რუსეთის “თხოვნის” დაკმაყოფილებაზე. ასევე არ ისურვეს, გაერისკათ საკუთარი რეპუტაციით მოსკოვის პარტნიორებმა საინტეგრაციო პროექტებში - ОДКБ-სა და ЕврАзЭС-ში. არ მიბაძეს რუსეთის მაგალითს მისმა უახლოესმა პარტიორებმაც კი, მათ შორის - ბელარუსმა, რომლის პრეზიდენტმა გასულ წელს პირადად დაადასტურა მოსკოველი კოლეგების მიერ მისთვის შესაბამისი “თხოვნით” მიმართვის ფაქტი. ერთ-ერთ ტელეინტერვიუში ალექსანდრე ლუკაშენკომ იმ საუბრის რიგი დეტალებიც გაამხილა, აღნიშნა რა, რომ სოხუმისა და ცხინვალის აღიარების სანაცვლოდ რუსულ მხარეს რიგი ეკონომიკური მოთხოვნები წაუყენა, კერძოდ, იმ სავარაუდო ზარალის კომპენსაცია მოსთხოვა, რომელსაც მინსკს სოხუმისა და ცხინვალის აღიარების შემთხვევაში დასავლეთის მხრიდან მოსალოდნელი სანქციები მოუტანდა, ხოლო რაკი მოსკოვმა ამ პირობის დაკმაყოფილებაზე უარი უთხრა, რუსი კოლეგები თავადაც უარით გაისტუმრა. და მართალია, მას შემდეგ გარკვეული ცვლილებები მოხდა (კერძოდ, ბელარუსული არჩევნებისა და ხელისუფლების შემდგომი აქტიური ანტიდემოკრატიული ქმედებების შემდეგ ლუკაშენკოს პრეზიდენტობა პრაქტიკულად სრულად აღმოჩნდა კრემლის ხელში, რის გამოც ლუკაშენკოს მანევრირებისთვის სივრცე მინიმუმამდე შეუმცირდა), მაგრამ ახალ პირობებშიც კი ბელარუსის ლიდერი სოხუმისა და ცხინვალის აღიარების საკითხში ჯერ-ჯერობით მტკიცედ ინარჩუნებს უწინდელ პოზიციას.

თუმცა მთავარი ცვლილება, უფრო ზუსტად განვრცობა თავად ინიციატორის – რუსეთის გეგმამ განიცადა: ახლა “სტრატეგიული მეგობარი” სოხუმსა და ცხინვალს მისივე ინიციატივით ჩამოსაყალიბებელ სამოკავშირეო სახელმწიფოში – ერთგვარ სსრკ-2-ში ხედავს – მართალია, ყოფილ სსრკ-სთან შედარებით, ბევრად მცირეში, მაგრამ სამაგიეროდ სუბიექტების ბევრად უფრო მჭიდრო ინტეგრაციით. დანარჩენი ადგილები ამ ახალ ერთობაში, მოსკოვის გათვლით, უნდა შეავსონ სხვა ოკუპირებულებმა/ანერქსირებულებმა – დნესტრისპირეთმა, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. “სახალხო რესპუბლიკებმა”, შესაძლოა – სომხეთმაც, რომელიც, კრემლის ხედვით, ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ “დასუსტებულია და დემორალიზებული” და, რაღა თქმა უნდა, ლუკაშენკოს ბელარუსმა.

კრემლის ეს გეგმა სიამოვნებით შეიტანა თავის წინასაარჩევნო პროგრამებში რუსული პარტიებისა და ცალკეული პოლიტიკური მოღვაწეების მთელმა რიგმა. ამასწინათ კი დაიწყო მისი აქტიური ლობირება ბელარუსის საჯარო სივრცეშიც: 7 სექტემბერს მინსკში, რესპუბლიკური საზოგადოებრივი გაერთიანება “სამოქალაქო ერთობის” ორგკომიტეტის ოფისში გაიმართა ანალიტიკური მოხსენების პრეზენტაცია სახელწოდებით «ბელარუსია და ყირიმი. დროა, ვაღიაროთ რეალობა». მისმა ავტორებმა ასევე ბელარუსის მიერ დნესტრისპირეთის, დონეცკისა და ლუგანსკის “სახალხო რესპუბლიკების”, აფხაზეთის და ე.წ. “სამხრეთ ოსეთის” აღიარების საკითხები დააყენეს და “სამოკავშირეო სახელმწიფოში” მათი გაწევრიანების ლობირების “აუცილებლობას” გაუსვეს ხაზი.

რაც შეეხება “სსრკ-2”-ის სხვა პოტენციურ წევრებს, ლუგანსკის, დონეცკის ე.წ. “სახალხო რესპუბლიკებთან” და “სამხრეთ ოსეთთან” დაკავშირებით საკითხი პრაქტიკულად გადაჭრილია: რუსეთმა იქ უკვე დიდი ხანია, ჩაატარა მისთვის საჭირო რეფერენდუმები მისთვის ხელსაყრელი შედეგების გამოცხადებითურთ, მის მიერ ადგილებზე გამწესებული ხელმძღვანელები კი პერიოდულად საჯაროდ ლოცულობენ კრემლზე, ხანდახან – არა უბრალოდ “სამოკავშირეო სახელმწიფოში”, არამედ პირდაპირ რუსეთის შემადგენლობაში შეყვანის ხვეწნით. ამ საქმეში ერთ-ერთი მოწინავე “სამხრეთ ოსეთის” ლიდერი ანატოლი ბიბილოვია. რამდენიმე დღის წინ დონბასში, “დონბასის გათავისუფლების 78-ე წლისთავისადმი” მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას მან საკუთარ თავსაც კი “აჯობა” და განაცხადა: «დღეს აქ სხვადასხვა ომების მონაწილეები შევიკრიბეთ – ავღანეთის, დნესტრისპირეთის, აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის, რათა ერთად ვაჩვენოთ, რომ არსებობს სული, რომელსაც ვერ გატეხ და რომელიც ყველას გვაერთიანებს, გვაძლევს ძალას, ეროვნებისა და რელიგიური მრწამსის განურჩევლად. ეს რუსული სულია, რუსული სამყარო, რომლისთვისაც ვიბრძვით და ამ თვალსაზრისით თითოეული ჩვენგანი რუსიაო».

უნდა აღინიშნოს, რომ ბიბილოვს კვლავაც ზედმეტი წამოსცდა: მისმა განცხადებამ კიდევ უფრო გაამყარა ეჭვები, რომ ახალი სამოკავშირეო სახელმწიფოს ჩამოყალიბების იდეა მხოლოდ საგრძნობლად გამარტივებული ვერსიაა პუტინის სანუკვარი ოცნებისა სახელად “რუსული სამყარო”. საუბრები ამ ოცნებაზე დიდი ხანია, მიდის. თავის დროზე მისი ლობირება პატრიარქმა კირილმაც კი სცადა. “რუსული სამყაროსთვის, როგორც იდეისთვის, სახელმწიფო საზღვრები პირობითია და ცვალებადი. მის ფუნდამენტს წარმოადგენს რელიგიურ-ცივილიზაციური ვექტორი. ამ სივრცის წევრი შეიძლება, იყოს როგორც რუსი ადამიანი, ისე უკრაინელიცა და ქართველიც, რადგან ჩვენს ხალხებს ერთმორწმუნეობა აერთიანებს" – განაცხადა თავის დროზე მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა, რითაც ნათელი გახადა, რომ პუტინის რუსეთი “რუსული სამყაროს” ნაწილად უკრაინასა და საქართველოსაც განიხილავდა. ყოველგვარი, მათ შორის სამხედრო მცდელობების მიუხედავად, კრემლს ამ მიმართულებით არაფერი გამოუვიდა და ახლა უწევს დაკმაყოფილება მცირედით – “რუსული სამყაროს” პროექტის მნიშვნელოვნად სეკვესტრირებული ვერსიით სახელწოდებით “სამოკავშირეო სახელმწიფო”.

თუმცა ვაი, რომ პუტინს შესაძლოა, “რუსულ სამყაროზე” ოცნების ვერც ამ სეკვესტრირებული ვერსიის განხორციელება ეწეროს: 1) “ძალზე დასუსტებული და დემორალიზებული” სომხეთი სსრკ-2-ში ჯერ-ჯერობით დიდად არ ისწრაფვის და ცდილობს, კრემლის ეს პროექტი საერთოდ არ შეიმჩნიოს; 2) კრემლის მარწუხებში აღმოჩენილმაც კი, ბელარუსის ლიდერმა ალექსანდრე ლუკაშენკომ მოახერხა, პუტინთან ამასწინანდელი შეხვედრის შედეგად ორი ქვეყნის ინტეგრაცია კვლავ გადაევადებინა; 3) იგივე ლუკაშენკო კვლავინდებურად არ ჩქარობს სოხუმისა და ცხინვალის აღიარებას (ისევე, როგორც ერევანი, რომელსაც თბილისთან საუკეთესო ურთიერთობა აქვს), ხოლო როგორ უნდა თანაიარსებოს სამოკავშირეო სახელმწიფოს ფარგლებში ბელარუსმა მის მიერ არაღიარებულ აფხაზეთსა და “სამხრეთ ოსეთთან” – სრულიად გაუგებარია. აქ ორი შესაძლო გამოსავალი რჩება: ან მოსკოვი ლუკაშენკოს მაინც დაიყოლიებს, ან აფხაზეთს მოუწევს, რუსეთის ფედერაციის ნაწილად იქცეს. და ბოლოს - 4) თავად აფხაზეთია წინააღმდეგი: მოსკოვის მხრიდან მძლავრი ზეწოლის პირობებშიც კი იგი “სტრატეგიულ მეგობართან” ინტეგრაციას ყველა შესაძლო ხერხითა და საშუალებით აჭიანურებს. ბიბილოვისგან განსხვავებით, სოხუმში ჯერ კიდევ ახსოვთ, რისთვის დაიღვარა თავის დროზე სისხლი, ჯერ კიდევ აცნობიერებენ განსხვავებას “დამოუკიდებლობისა” და “სხვა სახელმწიფოს შემადგენლობაში შემავალი სუბიექტის” ცნებებს შორის. და მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვზე ტოტალური დამოკიდებულების გამო კრემლის გეგმების რეალიზებისთვის წინააღმდეგობის გაწევის რესურსი ძალზე მწირი რჩებათ, “რუსეთთან მიერთების აუცილებლობის” შესახებ მოსკოველი მოღვაწეების განცხადებებს სოხუმში ყოველ ჯერზე კვლავინდებურად ხმამაღალი აღშფოთებით ხვდებიან.

მოსკოვს ამ პირობებში უწევს, “ურჩი” აფხაზების მიმართ ზეწოლის ყველა ბერკეტი გამოიყენოს – დაწყებული პოლიტიკურითა და ეკონომიკურით, დამთავრებული კრემლის სახელგანთქმული “რბილი ძალით”. და ბოლო პერიოდში – “სტრატეგიული პარტნიორის” ქცევით აფხაზეთის მოსახლეობის მზარდი უკმაყოფილების ფონზე კრემლმა ამ მიმართულებით ძალისხმევა შესამჩნევად გაზარდა. სწორედ ამ პრიზმაში უნდა განვიხილოთ სოხუმში ცნობილი პროპაგანდისტის - ანდრანიკ მიგრანიანის ამასწინანდელი ვიზიტიც. მან აფხაზეთში რამდენიმე დღე დაჰყო და არაერთი შეხვედრა-ლექცია გამართა აშკარად დაზეპირებული სადეზინფორმაციო-პროპაგანდისტული ნარატივების გასავრცელებლად. ჩვეული კომპეტენტური სახითა და უწყინარი გამომეტყველებით მიგრანიანი შეკრებილთათვის ნაკლებად ცნობილი უცხოელი მოღვაწეების “ციტატებს” აფრქვევდა აუდიტორიისთვის გზა-კვალის ასაბნევად, ხოლო შემდეგ “საჭირო კონდიციამდე” მიყვანილთ არწმუნებდა “თურქეთისა და აზერბაიჯანის მავნებლობაში”, დასავლეთის “მტრულ ზრახვებსა” და “სისუსტეში”, რუსეთის “ერთგულებასა” და “სიძლიერეში”, ასევე უამრავ სხვა რამეში, ისეთი დაუფარავი სისულელეების ჩათვლით, როგორიცაა, მაგალითად, მტკიცება, რომ “საქართველო აზერბაიჯანული რეგიონებითაა გარშემორტყმული”. მისი მთავარი სადეზინფორმაციო პოსტულატები ასეთია: ვინც რუსეთთან ერთად არაა, ან სუსტია და წაგებული (დასავლეთი), ან გარეწარი (თურქეთი და აზერბაიჯანი), ან ხვალ-ზეგ საერთოდაც აღიგვება პირისაგან მიწისა (საქართველო), ამდენად, აფხაზებს მტკიცედ უნდა ეჭიროთ კურსი რუსეთზე და მხოლოდ რუსეთზე, როგორც ერთადერთ რეალურ, მძლავრ, საიმედო და პერსპექტიულ მოთამაშეზე.

არ ვიცი, აუდიტორიის რა ნაწილმა დაიჯერა მიგრანიანის ამ ფანტასტიკის, მაგრამ პროპაგანდისტების ამ თავდაუზოგავი მცდელობების მიზეზი მარტივია, მათი მტკიცებებისგან განსხვავებით – სრულიად რეალური, მარტივად გადამოწმებადი და გამოუცდელი დამკვირვებლის “შეუიარაღებელი” გონებისთვისაც კი ადვილად შესამჩნევი: რუსეთი ფაქტობრივად მარტო დარჩა შავ ზღვაზე, შავი ზღვისპირეთის ყველა დანარჩენი სახელმწიფო ან უკვეა ცივილიზებული დემოკრატიული სამყაროს წევრი, ან ცალსახად იღწვის მისკენ და შესაბამისად, იმავე “ბანაკს” წარმოადგენს. აფხაზეთი კი – თუნდაც პატარა და არაღიარებული, შავ ზღვაზე ერთადერთ ჯერ-ჯერობით “ჩამოუყალიბებელ” კუნძულად რჩება და რუსეთი მას, ბუნებრივია, თავისკენ მიექაჩება.

სოხუმს უნდა ახსოვდეს ეს არცთუ უმნიშვნელო ფაქტორი, როცა კრემლის მიერ საქართველოთი, დასავლეთითა და სხვა “ბუებით” მორიგ დაშინებებს მოისმენს და გააგრძელებს თავდაცვას “სტრატეგიული მეგობრის” მხრიდან მძლავრი განგრძობადი პრესინგის პირობებში. უნდა ახსოვდეს ეს ფაქტორი პირადად ასლან ბჟანიასაც, რომელსაც ოქტომბრისთვის ვლადიმირ პუტინთან მორიგი შეხვედრა აქვს დაგეგმილი. წინააღმეგ შემთხვევაში აფხაზური ნავი მხოლოდ პუტინის მორიგ იმპერიალისტურ კაპრიზამდე მიაღწევს და მსოფლიოში ესოდენ ნანატრი ფანჯრის ნაცვლად, აფხაზეთი მხოლოდ სარკმელს მიიღებს, თანაც სარკმელს მხოლოდ რუსეთში.

ეკატერინე ცანავა

___________________________________________________________________________________

მასალა მომზადებულია საინფორმაციო სააგენტო "აქცენტისა" და არასამთავრობო ორგანიზაცია GRASS-ის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, რომელიც ღია საინფორმაციო პარტნიორობის (OIP) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება

ახალი ამბები

სხვა სიახლეები