
საპენსიო სააგენტომ თვითრეკლამა ბანკების ანტირეკლამის ხარჯზე გადაწყვიტა
16/05/2019 11:16:19 ეკონომიკა
საპენსიო სააგენტო დანაზოგების ბანკებში განთავსების დაცულობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. მსგავს შინაარსს მოიცავს სააგენტოს სარეკლამო ბანერი, რომელიც სოციალურ ქსელში უწყების ოფიციალურ ვებ–გვერდზეა განთავსებული.
სოციალურ ქსელში რეკლამას არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა, თავად საპენსიო სააგენტოში კი განმარტავენ, რომ "საპენსიო დანაზოგებზე აღსრულების არანაირი მექანიზმი არ ვრცელდება და სადღეისოდ საპენსიო დანაზოგი კანონით უფრო დაცულია, ვიდრე ბანკში არსებული დანაზოგი".
"კანონით: საპენსიო დანაზოგები წარმოადგენენ თქვენს ყველაზე უფრო დაცულ აქტივებს, უფრო დაცულს, ვიდრე თქვენი სახლი, ავტომობილი, ფული ბანკში - საპენსიო დანაზოგებზე არ ვრცელდება არანაირი აღსრულების მექანიზმები - ვისი ვალიც არ უნდა გქონდეთ - ბანკის, სახელმწიფოს, ნებისმიერი სხვა სუბიექტის; დღეს ბანკში დანაზოგის შენახვა აღარ არის წარსული მძიმე გამოცდილებიდან მომდინარე რისკის განცდებთან ასოცირებული; საპენსიო დანაზოგები კანონით უფრო დაცულია ვიდრე ბანკში არსებული დანაზოგები; საპენსიო სააგენტო, რომელიც პასუხისმგებელია საპენსიო შენატანების მიღებაზე, ადმინისტრირებაზე, ინვესტიციებზე და რისკების კონტოროლზე, შექმნილია საუკეთესო დასავლური სტანდარტების შესაბამისად; დაგროვებითი საპენსიო შენატანები უზრუნველყოფენ პირველად ქვეყნის ისტორიაში მასშტაბური საინევსტიციო კაპიტალის ბაზის შექმნას - შედეგად განვითარდება კაპიტალის ბაზარი, ეკონომიკის ზრდა დაჩქარდება მინიმუმ 4-5%-ით, შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები, გაიზრდება ხელფასები და სოციალური შემწეობები - ყველა ეს სიკეთე აისახება ჩვენს მოქალაქეზე მიუხედავად იმისა მონაწილეობენ დაგროვებით საპენსიო სქემაში თუ არა; რეგისტრირებულია 800 000-მდე მონაწილე, საპენსიო ფონდში მობილიზებულია 200 მილიონზე მეტი ლარი, რომელსაც უკვე დაერიცხა მილიონზე მეტი სარგებელი",– განუცხადეს "აქცენტს" საპენსიო სააგენტოში.
ექსპერტ ლევან ალაფიშვილს აღნიშნული რეკლამა ღიმილს ჰგვრის.
"დასაცინად იხდიან საქმეს. თვითონ საპენსიო სააგენტოს უკვე 4 თვეა, შეგროვილი ფული ბანკებში აქვს განთავსებული. რას როგორ ახსნიან, ან უსუსურად იმართლებენ თავს [საპენსიო სააგენტო], არ არის საინტერესო. საინტერესოა ფაქტი: დღეს მოქალაქეთა საპენსიო ანგარიშები და შენატანები განთავსებულია ბანკებში და ამ აქტივს, ბანკში განთავსებულ ფულად სახსრებს არ შეეხება ყადაღა, აღსრულება თუ სხვა შეზღუდვა. ეს ფაქტია, რომელიც განსხვავებული ინტერპრეტაციის საშუალებას არ იძლევა",– აცხადებს ალაფიშვილი.