Accentnews.ge
მეგის ქარდავა: "არავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას არ ვაპირებ"

მეგის ქარდავა: "არავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას არ ვაპირებ"

20/09/2021 14:45:15 სამართალი

თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა, რომლის უკრაინიდან საქართველოში ექსტრადირებაც 17 სექტემბერს მოხდა, მის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს და ამბობს, რომ არავის წინააღმდეგ აპირებს ჩვენების მიცემას. ამის შესახებ ქარდავამ საკუთარი ფეისბუქ გვერდის საშულებით გაავრცელა განცხადება.

“ხელოვნურად აგორებული კამპანიის/ვნებათაღელვის ჩასაცხრობად ხაზს ვუსმევ, არავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას არ ვაპირებ. ამ სიამოვნებას ვერ მივანიჭებ პოლიტიკურ პროსტიტუტებსა და საქართველოს სახელმწიფოებრიობის მტრებს. პუტინის ოლიგარქისგან საქართველოს დეოკუპაციის შემდგომ ზემოთხსენებული პოლიტიკური კლასის გავლენებისგან თავისუფალ, დამოუკიდებელი სასამართლოს პირობებში ყველა ბრალდებას გავცემ პასუხს და უკანონო განაჩენების გამომტანი მოსამართლეებისა და ცრუ მოწმეების პირით მოვასმენინებ ჩემს ოჯახსა და საზოგადოებას თუ ვისი დავალებით სჩადიოდენ ყოველივე იმ ისტორიულ რუსულ ბოროტებას, რომელიც არამხოლოდ ჩემთან მიმართებაში განახორციელეს, არამედ ჩვენი ოჯახების, ჩვენი შვილების, ჩვენი თანამემამულეებისა და ქართული სახელმწიფოს წინაშე”, – აცხადებს ქარდავა.

ამასთან, ქარდავა, რომელიც ადამიანების წამებისა და დამცირების არაერთ საქმეშია მსჯავრდებული, ამბობს, რომ მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები პოლიტიკურად მოტივირებულია და “რუსეთს წმენდს ნამუსს”. ამასთან, იმ შემთხვავშიც კი, ეს ბრალდებები რომ სიმართლეს შეიცავდეს, ის ქვეყნის ინტერესებს მოემსახურებოდა:

“თუნდაც თუ დავუშვებთ და ცრუ ბრალდებების პარალელურად შეიცავდეს სიმართლეს, ისრაელის სახელმწიფოს უსაფრთხოების განმტკიცების პროცესში ისრაელის სპეცსამსახურების ჩვეული რუტინაა და ამიტომაც აქვს ისრაელს სახელწიფო, ამიტომაც არიან ებრაელები სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, პატრიოტი და ერთმანეთის გამტანი ხალხი, ამიტომაც ინარჩუნებს სახელმწიფოებრიობას გულით დიდი „პატარა“ ისრაელი მტრული ქვეყნების ალყაში, უბრალოდ არ არსებობს ისრაელის მტრების სასარგებლოდ ებრაელების გადადგმული მოღალატობრივი ნაბიჯები, არ ღალატობენ საკუთარ ჯარისკაცებს, „მოსადის“ ოფიცრებს და უბრალოდ არ ჰყავთ ქვეყნის სათავეში საოკუპაციო რეჟიმი, რასაც არც არასოდეს დაუშვებენ”, – ნათქვამია ქარდავას განცხადებაში.

მეგის ქარდავა წარსულში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა შსს-სა და თავდაცვის სამინისტროებში და სასჯელაღსრულების სისტემაში.

ქარდავას არაერთგზის ადანაშაულებდნენ ადამიანების წამებასა და დამცირებაში. მსგავსი ეპიზოდები სახალხო დამცველის რამდენიმე ანგარიშშიც მოხვდა.

მეგის ქარდავამ საქართველო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან მალევე დატოვა, 2013 წლის 13 თებერვლიდან კი საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ იძებნებოდა.

2017 წლის პირველ ნოემბერს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გაავრცელა ცნობა, რომ მისი შუამდგომლობის საფუძველზე, უკრაინის სამართალდამცავმა ორგანოებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნილი ქარდავა დააკავეს. ამის შემდეგ ქართული მხარე მის ექსტრადირებას ითხოვს. 2018 წლის დეკემბერში უკრაინამ მეგის ქარდავას საექსტრადიციო პატიმრობა შინაპატიმრობით შეუცვალა.

ქარდავას წინააღმდეგ არაერთი გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს. პროკურატურის თანახმად, ყოფილი მაღალჩინოსანი: მსჯავრდებულია ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე, სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტები, და მისჯილი აქვს 3 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.მსჯავრდებულია პატიმართა წამების საქმეზე (ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმე), სსკ-ს 1441 მუხლის მეორე ნაწილით. მისჯილი აქვს 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.მსჯავრდებულია ე.წ. „კასრების“ საქმეზე, საქართველოს სსკ-ის 138-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 1441-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,ზ“და „ე“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. მისჯილი აქვს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.მსჯავრდებული ბ.რ-ს წამების საქმეზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443 -ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ „ბ“ და „ზ“ ქვეპუნქტით და მისჯილი აქვს 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.მსჯავრდებულია პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების საქმეზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,ე“, ,,ზ“ ქვეპუნტებით, 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით. მისჯილი აქვს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ დაუსწრებლად იხილებოდა რამდენიმე სხვა საქმეც, რომლებშიც ასევე ფიგურირებს ქარდავა. თავად ყოფილი მაღალჩინოსანი აღნიშნულ ბრალდებებს უარყოფს და პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S