პარლამენტის თავმჯდომარეს, მათ შორის, "ქართული ოცნების" კამპანიაზე თანაგუნდელებისგან განსხვავებული პოზიცია აქვს
21/09/2021 07:47:32 პოლიტიკა
თბილისში გამოჩენილი "სისხლიანი" ბანერების, შარდის ანალიზებზე კონცენტრირებისა და მათ შორის, მმართველი გუნდის წევრების მიერ წინასაარჩევნოდ აქტიურად გამოყენებული სიძულვილის ენის, კონკურენტების არაეთიკურად მოხსენიების ფონზე, პარლამენტის თავმჯდმარე კახა კუჭავა აცხადებს, რომ სიძულვილის ენის გამოყენება არ არის ის ფორმა, რომლითაც ქვეყანა უნდა იყოს დაკავებული.
"მივიჩნევ, რომ სიძულვილის ენის გამოყენებას ყველა თუ შევეშვებით და გადავალთ უფრო კონსტრუქციულ კამათზე, მსჯელობაზე, ამ ქვეყნისთვის იქნება უკეთესი", – ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტების კითხვას, რომელიც ქალაქის სხვადასხვა ადგილზე გამოკრულ "სისხლიან" ბანერებს შეეხებოდა.
კითხვას, რამდენად მისაღებია ვაქცინაციის მხარდამჭერი ბანერების სიძულვილის ენის შემცველი ბილბორდებით ჩანაცვლება, კახა კუჭავამ ასე უპასუხა:
„ვაქცინაცია ის საკითხია, რომელზეც ყველა ერთად უნდა ვიყოთ მობილიზებული, გაერთიანებული და შეიძლება, სხვა ადგილი გამოიყენონ თუ ამის სურვილია. ზოგადად ვთვლი, რომ სიძულვილის ენის გამოყენებას ყველა თუ შევეშვებით და გადავალთ უფრო კონსტრუქციულ კამათზე, მსჯელობაზე იქნება ამ ქვეყნისთვის უკეთესი. ზოგადად, სიძულვილის ენის გამოყენება საჯაროდ ბანერებით მით უმეტეს არ არის ის ფორმა, რომლითაც ეს ქვეყანა უნდა იყოს დაკავებული“.
გარდა ამისა, კუჭავამ ისაუბრა სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილ ასობით ფაილზე ფარული მიყურადების თაობაზე და აღნიშნა ისედაც ცნობილი მოცემულობა, რომ არავის მოსმენა არ არის კანონიერი, თუ ამის შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს:
„უკანონობაა ყველანაირი უკანონო მოსმენა. თვითონ სიტყვა ამბობს. თუ უკანონო მოსმენაზე ვსაუბრობთ, ესე იგი უკვე დარღვევა არის და დანაშაულია. ის, თუ უსაფრთხოების სამსახური რას ჩათვლის, ვის ჩათვლის მოუსმინოს კანონის ფარგლებში, ეს არის ქვეყნის უსაფრთხოების საკითხი და გადასაწყვეტია შესაბამისი უწყების მიერ. ზუსტად ამაზე ვსაუბრობდით, რომ მოსმენა იქნება, თუ შემდეგ იქნება მიღებული სხვა ზომებიც პარლამენტში, ეს ის კითხვებია, რომელიც უნდა დაისვას და შესაბამისმა კომპეტენტურმა პირებმა, ამ უწყების წარმომადგენლებმა უნდა გასცენ პასუხი. არავის მოსმენა არ არის კანონიერი, თუ ამის შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. თუ უკანონო მოსმენა არის, ეს არის ყოვლად მიუღებელი და შესაბამისი რეაგირება უნდა მოჰყვეს, არ აქვს მნიშვნელობა, ვისი მოსმენა ხდება. ჩვეულებრივი ადამიანიც რომ იყოს, თუ უკანონოა“.
ამასთან, კუჭავა მიიჩნევს, რომ ჩანაწერების გაშუქება არასწორია:
„ზოგადად ყველაფერი უნდა განადგურდეს. რასაც ვხედავთ დღეს ტელევიზიაში, ისიც არ არის სწორი, გარკვეული ჩანაწერები რომ გამოდის. მესმის, ეს კარგი საფუძველია, გახდეს სენსაციური ამბის წყარო, თუმცა თუ ვსაუბრობთ იმაზე, რომ უკანონო მოსმენა იყო, ამის გამოტანა რამდენად სწორად მიაჩნია ვინმეს“.
შეგახსენებთ, რომ 12 სექტემბერს ზოგიერთმა მედიასაშუალებამ მიიღო ვებსაიტის ბმული, სათაურით „სუს–ის კომპრომატი საპატრიარქოს წინააღმდეგ“, სადაც განთავსებული იყო ათასობით ტექსტური, ვიდეო და აუდიოფაილი. მათგან მნიშვნელოვანი ნაწილი სასულიერო პირებს ეხებოდა, ნაწილი კი მათ შორის, დიპლომატებს.
14 სექტემბერს, საქართველოს პროკურატურამ განაცხადა, რომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლით - კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევა.
მასალების ავთენტურობის დადასტურების შემთხვევაში დადასტურდება ისიც, რომ ქვეყანაში ტოტალური მიყურადება მიმდინარეობს.


