კალაძე: "დიპლომატებს არავინ უსმენდა"
22/09/2021 11:37:16 პოლიტიკა
დედაქალაქის მოქმედი მერი, „ქართული ოცნების“ ერთ–ერთი ლიდერი კახა კალაძე „სუს–ის ფაილებთან“ დაკავშირებით დაინტერესებულ საზოგადოებას ურჩევს, დაელოდოს გამოძიების შედეგებს, იმავდროულად ირწმუნება, რომ დიპლომატებს არავინ უსმენდა.
„უნდა დაველოდოთ გამოძიებას და გაირკვეს, რა არის ტყუილი და რა – მართალი. დიპლომატებს არავინ არ უსმენდა, ამას ხაზგასმით ვამბობ და კიდევ ერთხელ, გამოძიება დაადგენს ყველაფერს“, – განაცხადა კალაძემ თემის კომენტირებისას.
ამასთან, ამბობს, რომ ევროკავშირში საქართველოს ელჩის ბრიუსელში, ევროკავშირის ოფისში დაბარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს.
20 სექტემბერს კალაძემ განაცხადა, რომ „უშიშროების სამსახური არის იმისთვის, რომ ქვეყანაში დაიცვას უსაფრთხოება. მოუსმინოს იმას, ვინც მოსასმენია კანონის ფარგლებში. ეს ყველა ქვეყანაში ასე ხდება. შესაბამისად, ჩვენი უსაფრთხოების სამსახურიც უნდა იყოს ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე, აუცილებლად უნდა მოუსმინონ, ვინც სჭირდებათ და მოსასმენია, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში. თუ საჭიროა დიპლომატებსაც“.
საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კი მსგავს ნარატივს შემდეგნაირად უპასუხა:
„მინდა, ყველას შევახსენო, რომ ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურმა უნდა იმუშაოს იმ საფრთხეებზე, რაც ქვეყანას ემუქრება. მაგალითად, ტერორიზმზე, შპიონაჟზე და ეს ყველაფერი უნდა იყოს განხორციელებული ძალიან ფრთხილად, ეს ინსტიტუცია ანგარიშვალდებული უნდა იყოს. ასევე ხაზგასმით უნდა აღვნიშნო პირადი ცხოვრების ხელყოფის დაუშვებლობა! ყველა ადამიანს აქვს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის და დაცვის უფლება. მიმდინარეობს გამოძიება და უფრო ფართო დისკუსიაა საჭირო პოლიტიკურ სპექტრში, რადგან მიყურადება და თვალთვალი არ არის დემოკრატიული საზოგადოების ნაწილი“.
ამასთან, ელჩმა აღნიშნა, რომ საკითხს ბრიუსელში სერიოზულად მოეკიდნენ:
„თქვენ უკვე იცით ბრიუსელის რეაქცია ამასთან [„სუს–ის ფაილებთან“ – რედ.]დაკავშირებით: ჩვენ ამას ძალიან სერიოზულად ვიღებთ, რადგან ეს საბოლოო ჯამში, ვენის კონვენციის დარღვევას ეხება და არაა ბუნებრივი, როდესაც ასეთი დამოკიდებულებაა პარტნიორი ქვეყნის მიმართ. ევროკავშირში საქართველოს ელჩი გუშინ დაბარებული იყო ბრიუსელის სათავო ოფისში, რათა დაფიქსირებულიყო პოზიციები და ყოფილიყო შემდგომი მსჯელობა“.
შეგახსენებთ, რომ 12 სექტემბერს ზოგიერთმა მედიასაშუალებამ მიიღო ვებსაიტის ბმული, სათაურით „სუს–ის კომპრომატი საპატრიარქოს წინააღმდეგ“, სადაც განთავსებული იყო ათასობით ტექსტური, ვიდეო და აუდიოფაილი. მათგან მნიშვნელოვანი ნაწილი სასულიერო პირებს ეხებოდა, ნაწილი კი მათ შორის, დიპლომატებს, საელჩოების თანამშრომლებს.
14 სექტემბერს, საქართველოს პროკურატურამ განაცხადა, რომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლით - კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევა.
მასალების ავთენტურობის დადასტურების შემთხვევაში დადასტურდება ისიც, რომ ქვეყანაში ტოტალური მიყურადება მიმდინარეობს.
იხილეთ ასევე: "საკითხი ასე მარტივად არ დაიხურება" – ბრიუსელმა ნაბიჯების გადადგმა დაიწყო?


