Accentnews.ge
"საკითხი ასე მარტივად არ დაიხურება" – ბრიუსელმა ნაბიჯების გადადგმა დაიწყო?

"საკითხი ასე მარტივად არ დაიხურება" – ბრიუსელმა ნაბიჯების გადადგმა დაიწყო?

22/09/2021 11:14:15 საგარეო პოლიტიკა

ვიდრე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილ ფაილებთან დაკავშირებით სიტუაციურად პოზიციონირებენ, დამნაშავის ოპოზიციაში მოძებნას ცდილობენ, "გამოძიებას დაველოდოთო" – მოგვიწოდებენ, თუმცა იმავდროულად ბოლო დროის ყველაზე მასშტაბური სკანდალის კონტექსტში ვერსიებს გვთავაზობენ, ირკვევა, რომ ევროკავშირში განსხვავებული პოზიცია აქვთ და როგორ ჩანს, დაანონსებული ნაბიჯების გადადგმაც დაიწყეს – დიპლომატების სავარაუდო მოსმენის საქმეზე ბრიუსელში საქართველოს ელჩი დაიბარეს. განწყობა კარგად იკითხება თემასთან დაკავშირებით საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის კომენტარშიც:

„ჩვენ ამას ძალიან სერიოზულად ვიღებთ, რადგან ეს საბოლოო ჯამში, ვენის კონვენციის დარღვევას ეხება და არაა ბუნებრივი, როდესაც ასეთი დამოკიდებულებაა პარტნიორი ქვეყნის მიმართ. ევროკავშირში საქართველოს ელჩი გუშინ დაბარებული იყო ბრიუსელის სათავო ოფისში, რათა დაფიქსირებულიყო პოზიციები და ყოფილიყო შემდგომი მსჯელობა“.

მან დეტალებში ღრმად შესვლისგან თავი შეიკავა, თუმცა აღნიშნა, რომ მოვლენებს თვალს ადევნებს და კომუნიკაცია აქვს საქართველოს ხელისუფლებასთან. ამასთან, დიპლომატმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ფუნქცია–მოვალეობები შეახსენა:

„მინდა, მოსმენების საკითხს უფრო ღრმად შევეხო, როგორც შინაარსს, ასევე ზოგადად. უნდა გაგრძელდეს დისკუსია თვალთვალისა და მიყურადების შესახებ და მასშტაბზე. მინდა, ყველას შევახსენო, რომ ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურმა უნდა იმუშაოს იმ საფრთხეებზე, რაც ქვეყანას ემუქრება. მაგალითად, ტერორიზმზე, შპიონაჟზე და ეს ყველაფერი უნდა იყოს განხორციელებული ძალიან ფრთხილად და ეს ინსტიტუცია ანგარიშვალდებული უნდა იყოს. ასევე ხაზგასმით უნდა აღვნიშნო პირადი ცხოვრების ხელყოფის დაუშვებლობა! ყველა ადამიანს აქვს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის და დაცვის უფლება. მიმდინარეობს გამოძიება და უფრო ფართო დისკუსიაა საჭირო პოლიტიკურ სპექტრში, რადგან მიყურადება და თვალთვალი არ არის დემოკრატიული საზოგადოების ნაწილი“.

„დიდი ალბათობით, ევროკავშირი ქართული მხარის გამოძიებას არ დაელოდება“

მრავალწლიანი დიპლომატიური გამოცდილების მქონე გიგი გიგიაძე, რომელიც ამჟამად ეკონომიკური პოლიტიკის კვლევების ცენტრის უფროსი მკვლევარია, თემის კომენტირებისას ამბობს, სკანდალის კონტექსტში ევროკავშირში საქართველოს ელჩის ახსნა–განმარტებების მისაღებად დაბარება, მკაფიო ნიშანია იმისა, რომ საკითხი მარტივად არ დაიხურება და საქართველოს ხელისუფლებისგან ძალიან კონკრეტული ახსნა დასჭირდება, თუ რასთან გვაქვს საქმე? როგორ შეიძლება, რომ უცხო ქვეყნების დიპლომატები იყვნენ ფარული მიყურადების ობიექტები?

„ეს არ არის სკანდალების ძებნის მცდელობა, ეს ნამდვილად დიდი სკანდალია. [...] რაღაცა ფორმით ამის გადაფარვა, საკითხის დაკნინება, მცდელობა, ამაზე ყურადღება არ გამახვილდეს, სრულიად წარმოუდგენელია. ცხადია, ამას შესაბამისი რეაგირება მოხდება“,– ამბობს გიგიაძე.

ის შემდგომ ნაბიჯებსაც არ გამორიცხავს, მათ შორის, საქართველოში ევროკავშირის ელჩის ბრიუსელში დაბარებას, რათა უშუალოდ მისგან მოისმინონ, რა მოხდა რეალურად.

„დიდი ალბათობით, ევროკავშირი ქართული მხარის გამოძიებას არ დაელოდება“,– აღნიშნავს გიგიაძე და განმარტავს იმასაც, რომ სკანდალი მძიმე გავლენას ახდენს ორმხრივ ურთიერთობებზე, ცუდად აისახება საქართველო–ევროკავშირს შორის ნდობის ხარისხზე:

„ეს არ არის ნორმალური ვითარება, როდესაც ჩვენი პარტნიორი ქვეყნების, ევროკავშირის ელჩები ფარული მიყურადების ობიექტები ხდებიან, ისინი კი ისმენენ [საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან – რედ.], რომ ეს ნორმალურია და ამას ყველა ქვეყანა აკეთებს. მსგავსი დემოკრატიულ ქვეყნებში ნამდვილად არ ხდება, ეს არის სერიოზული გადაცდენა დიპლომატიური საქმისწარმოების, დიპლომატიური პრაქტიკის და ასევე ძალიან სერიოზული დარღვევა ვენის 1961 წლის საერთაშორისო კონვენციის დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ“.

რა მოხდა?

12 სექტემბერს ზოგიერთმა მედიასაშუალებამ მიიღო ვებსაიტის ბმული, სათაურით „სუს–ის კომპრომატი საპატრიარქოს წინააღმდეგ“, სადაც განთავსებული იყო ათასობით ტექსტური, ვიდეო და აუდიოფაილი. მათგან მნიშვნელოვანი ნაწილი სასულიერო პირებს ეხებოდა, ნაწილი კი მათ შორის, დიპლომატებს, საელჩოების თანამშრომლებს.

14 სექტემბერს, საქართველოს პროკურატურამ განაცხადა, რომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლით - კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევა.

მასალების ავთენტურობის დადასტურების შემთხვევაში დადასტურდება ისიც, რომ ქვეყანაში ტოტალური მიყურადება მიმდინარეობს.

რას ამბობენ „ქართულ ოცნებაში“

"ქართული ოცნების" საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი შალვა პაპუაშვილი ერთის მხრივ, ამბობს, რომ ელჩის დაბარებაში სკანდალური არაფერია, მეორეს მხრივ, აცხადებს, რომ რომ შეხვედრის დეტალები არ იცის:

"ამაში არაფერი სკანდალური არ არის, მე ამ შეხვედრის შესახებ კონკრეტულად არ ვიცი, თუმცა, რა თქმა უნდა, ასეთ პირობებში, როდესაც სამწუხაროდ, უკვე მერამდენე დღეა, მედიის მხრიდან ხდება ამ საკითხით აჟიტირება, რა თქმა უნდა, განმარტებებს ვაძლევთ, მათ შორის – ჩვენს დასავლელ პარტნიორებსაც. ეს საჭიროა და ამ კომუნიკაციაში ჩვენ ყველა არხებით, რა თქმა უნდა, ვართ იმისთვის, რომ განმარტება მივცეთ. ისევე, როგორც საზოგადოებას ვაძლევთ განმარტებას, ასევე ვაძლევთ განმარტებას ჩვენს დასავლელ პარტნიორებს,".

მმართველი გუნდის ერთ–ერთი ლიდერი კახა კალაძე კი დაინტერესებულ საზოგადოებას ურჩევს, დაელოდოს გამოძიების შედეგებს, იმავდროულად ირწმუნება, რომ დიპლომატებს არავინ უსმენდა.

„უნდა დაველოდოთ გამოძიებას და გაირკვეს, რა არის ტყუილი და რა – მართალი. დიპლომატებს არავინ არ უსმენდა, ამას ხაზგასმით ვამბობ და კიდევ ერთხელ, გამოძიება დაადგენს ყველაფერს“, – განაცხადა კალაძემ თემის კომენტირებისას.

ამასთან, ამბობს, რომ ევროკავშირში საქართველოს ელჩის ბრიუსელში, ევროკავშირის ოფისში დაბარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს.

20 სექტემბერს კალაძემ განაცხადა, რომ „უშიშროების სამსახური არის იმისთვის, რომ ქვეყანაში დაიცვას უსაფრთხოება. მოუსმინოს იმას, ვინც მოსასმენია კანონის ფარგლებში. ეს ყველა ქვეყანაში ასე ხდება. შესაბამისად, ჩვენი უსაფრთხოების სამსახურიც უნდა იყოს ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე, აუცილებლად უნდა მოუსმინონ, ვინც სჭირდებათ და მოსასმენია, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში. თუ საჭიროა დიპლომატებსაც“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S