ასლან ბჟანია: "რუსეთის მოქალაქეებისთვის აფხაზეთის მოქალაქეობის მინიჭების საკანონმდებლო შეზღუდვა ძალაში რჩება"

22-09-2021 15:55:55 კონფლიქტები

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია ირწმუნება, რომ რუსეთთან ე.წ. „ორმაგი მოქალაქეობის“ შესახებ შეთანხმება, რომლის გაფორმებაც მან უახლოესი მომავლისთვის დააანონსა, მხოლოდ აფხაზეთის "მოქალაქეების" მიერ რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მიღებას მოიცავს, ხოლო რუსეთის მოქალაქეების მიერ აფხაზურის მიღების გამარტივებაზე საუბარი არ არის.

"მინდა, ეს ყველამ ცალსახად გაიგოს და არანაირ ინტერპრეტაციებს ადგილი არ ჰქონდეს! ჩვენ ვსაუბრობთ მხოლოდ და მხოლოდ ამაზე - აფხაზეთის მოქალაქეებისთვის რუსეთის მოქალაქეობის მინიჭების წესის გამარტივებაზე, ხოლო აფხაზეთის მოქალაქეობის ნებისმიერი სხვა ქვეყნის, მათ შორის რუსეთის მოქალაქეებისთვის მინიჭების კუთხით აფხაზურ კანონმდებლობაში არსებული ყველა შეზღუდვა ძალაში რჩება" - განაცხადა ასლან ბჟანიამ.

მისივე განმარტებით, ეს რომ აფხაზური "მოქალაქეობის" გაცემის წესის გამარტივებასაც ეხებოდეს, მაშინ ავტომატურად დაკარგავდა აზრს აფხაზურ კანონმდებლობაში არსებული სხვა მკაცრი შეზღუდვებიც, მათ შორის - უცხოელთათვის სტრატეგიული ობიექტებისა და უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის.

"არც ამ მხრივ ვაპირებთ ჩვენი კანონმდებლობის შეცვლას. უკვე ვთქვი, მაგალითად, რომ ენერგეტიკა აფხაზეთის სახელმწიფო დარგია და ასეთად დარჩება. საინვესტიციო წინადადებები, რომლებიც შემოგვივიდა, არ ითვალისწინებს ენერგოობიექტების ვინმესთვის საკუთრებაში გადაცემას, საუბარია მხოლოდ მზაობაზე, ინვესტირება გრძელვადიანი იჯარის პირობით განახორციელონ. სავარაუდო ინვესტიციების მოცულობისა და სირთულის გათვალისწინებით, დასახელდა იჯარის 25-წლიანი ვადა. და ამ შემთხვევაშიც კი, მეიჯარეები გაცილებით უფრო გრძელვადიანს ითხოვდნენ, მაგრამ ჩვენ მკაცრი პირობა წავაყენეთ ამ მაქსიმალური ვადის და ჩვენს პოზიციას მტკიცედ ვიცავთ. ასე, რომ ვაპირებთ, მხოლოდ და მხოლოდ მოქმედი აფხაზური კანონმდებლობის ფარგლებში ვიმოქმედოთ, მათ შორის - "ენერგეტიკის შესახებ" კანონისაც და მათ დარღვევას არავინ აპირებს" - განაცხადა ასლან ბჟანიამ.

რუსეთთან ე.წ. „ორმაგი მოქალაქეობის“ შესახებ შეთანხმების გაფორმება ასლან ბჟანიამ 21 სექტემბერს გამართულ პრეს-კონფერენციაზე დააანონსა.

«წელს მიღწეულია შეთანხმება საერთაშორისო შეთანხმების გაფორმების შესახებ, რომელიც აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეების მიერ რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებულად მიღების საფუძვლებსა და ორი მოქალაქეობის მქონე პირთა სამართლებრივ სტატუსს განსაზღვრავს. ორმაგი მოქალაქეობის საკითხთა დარეგულირების შესახებ განკარგულებას მიმდინარე წლის 25 აგვისტოს მოვაწერე ხელი და ის რუსულ მხარეს გადავუგზავნე. გადაწყვეტილების მოსამზადებლად მხარეებს წელიწადი დასჭირდათ. სადღეისოდ დოკუმენტი შეთანხმებულია. რუსული მხრიდან არსებობს გაგება, რომ აფხაზეთის რესპუბიკის მოქალაქეებს უფლება აქვთ, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა გამარტივებული წესით მიიღონ. თავად განაცხადის წარდგენის წესი, ისევე, როგორც აუცილებელი დოკუმენტების ჩამონათვალი და განაცხადების განხილვის წესი, განისაზღვრება რუსეთის პრეზიდენტის განკარგულებით მას შემდეგ, რაც შეთანხმება გაფორმდება. შეგვიძლია, ვთქვათ, რომ სამუშაოს ჩვენი ნაწილი შევასრულეთ. ეს მექანიზმი ამოქმედდება, გვრჩება მხოლოდ შეთანხმების გაფორმება, შემდეგ - პრეზიდენტის განკარგულება, რომელიც რუსეთის მოქალაქეობის მიღების წესს განსაზღვრავს», - განაცხადა 21 სექტემბერს ასლან ბჟანიამ.

ცნობისთვის: აფხაზეთის მაცხოვრელებისთვის რუსეთის მოქალაქეობის მინიჭების პროცესი 2008 წლის აგვისტოში, რუსეთის მიერ აფხაზეთის "დამოუკიდებლობის" აღიარების შემდეგ შეწყდა. სოხუმის ოფიციალური ინფორმაციით, სადღეისოდ აფხაზეთში დაახლოებით 250 ათასი ადამიანი ცხოვრობს და მათგან დახლოებით 140 ათასი რუსეთის ფედერაციის მოქალაქობას ფლობს.

ბოლო დღეებში სოხუმში გავცელებული არაოფიციალური ინფორმაციის თანახმად, მოსკოვთან მომავალი შეთანხმების საფუძველზე რუსეთის მოქალაქეობის მიღებას ოკუპირებული რეგიონის ყველა მცხოვრებს დაავალდებულებენ.