კობახიძე – ევროკავშირის ელჩის განცხადებაზე: „მე მგონი, დიპლომატიურ სტანდარტებს ოდნავ აცდენილი იყო“

22-09-2021 18:05:46 პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ თამჯდომარე ირაკლი კობახიძე გამოთქვამს ვარაუდს, რომ „სუს–ის ფაილებთან“ დაკავშირებით საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადება „დიპლომატიურ სტანდარტებს ოდნავ იყო აცდენილი, მით უმეტეს ამ წინასაარჩევნო პერიოდში.

„ის, რომ ჩვენი მეგობრები ინტერესდებიან ასეთ ფაქტებით, არის აბსოლუტურად ბუნებრივი. როდესაც არის თუნდაც ნიშნები იმის, რომ ვიღაცა ვიღაცას უსმენდეს უკანონოდ რა თქმა უნდა, ამით ჩვენი მეგობრები დიანტერესდებოდნენ და დაინტერესდნენ კიდეც, ამიტომ ყველაფერს უნდა მოეფინოს ნათელი, ვინ რა ინფორმაცია გაიტანა, რა იყო ავთენტური, რამდენად შეესაბამება ეს ინფორმაციები სინამდვილეს და ა.შ. ამაზე ზოგადი შეფასებები ჩვენგან იცით. რაც შეეხება კონკრეტულად ელჩის განცხადებას, მე არ ვარ დიპლომატი და შეიძლება ვერ ვერკვევი ბოლომდე ამ საკითხებში, მაგრამ დიპლომატიურ სტანდარტებს ოდნავ მე მგონი, იყო აცდენილი, მით უმეტეს ამ წინასაარჩევნო პერიოდში“, – განაცხადა კობახიძემ.

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა, რომ ევროკავშირში საქართველოს ელჩი ვახტანგ მახარობლიშვილი ბრიუსელის სათავო ოფისში დაიბარეს.

„თქვენ უკვე იცით ბრიუსელის რეაქცია ამასთან [„სუს–ის ფაილებთან“ – რედ.]დაკავშირებით: ჩვენ ამას ძალიან სერიოზულად ვიღებთ, რადგან ეს საბოლოო ჯამში, ვენის კონვენციის დარღვევას ეხება და არაა ბუნებრივი, როდესაც ასეთი დამოკიდებულებაა პარტნიორი ქვეყნის მიმართ. ევროკავშირში საქართველოს ელჩი გუშინ დაბარებული იყო ბრიუსელის სათავო ოფისში, რათა დაფიქსირებულიყო პოზიციები და ყოფილიყო შემდგომი მსჯელობა“,– განაცხადა ჰარცელმა თემის კომენტირებისას.

მან დეტალებში ღრმად შესვლისგან თავი შეიკავა, თუმცა აღნიშნა, რომ მოვლენებს თალს ადევნებს და კომუნიკაცია აქვს საქართველოს ხელისუფლებასთან.

ამასთან, მან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ფუნქცია–მოალეობები შეახსენა:

„მინდა, მოსმენების საკითხს უფრო ღრმად შევეხო, როგორც შინაარსს, ასევე ზოგადად. უნდა გაგრძელდეს დისკუსია თვალთვალისა და მიყურადების შესახებ და მასშტაბზე. მინდა, ყველას შევახსენო, რომ ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურმა უნდა იმუშავოს იმ საფრთხეებზე, რაც ქვეყანას ემუქრება. მაგალითად, ტერორიზმზე, შპიონაჟზე და ეს ყველაფერი უნდა იყოს განხორციელებული ძალიან ფრთხილად და ეს ინსტიტუცია ანგარიშვალდებული უნდა იყოს. ასევე ხაზგასმით უნდა აღვნიშნო პირადი ცხოვრების ხელყოფის დაუშვებლობა! ყველა ადამიანს აქვს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის და დაცვის უფლება. მიმდინარეობს გამოძიება და უფრო ფართო დისკუსიაა საჭირო პოლიტიკურ სპექტრში, რადგან მიყურადება და თვალთვალი არ არის დემოკრატიული საზოგადოების ნაწილი“.

შეგახსენებთ, რომ 12 სექტემბერს ზოგიერთმა მედიასაშუალებამ მიიღო ვებსაიტის ბმული, სათაურით „სუს–ის კომპრომატი საპატრიარქოს წინააღმდეგ“, სადაც განთავსებული იყო ათასობით ტექსტური, ვიდეო და აუდიოფაილი. მათგან მნიშვნელოვანი ნაწილი სასულიერო პირებს ეხებოდა, ნაწილი კი მათ შორის, დიპლომატებს.

14 სექტემბერს, საქართველოს პროკურატურამ განაცხადა, რომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლით - კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევა.

მასალების ავთენტურობის დადასტურების შემთხვევაში დადასტურდება ისიც, რომ ქვეყანაში ტოტალური მიყურადება მიმდინარეობს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები