
ოსური უშიშროება: "ახალგორში ქართული სპეცსამსახურების ინფორმატორი გამოვავლინეთ"
22/09/2021 17:20:07 კონფლიქტები
ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი ირწმუნება, რომ ახალგორში "ქართული სპეცსამსახურების ინფორმატორი გამოავლინა".
დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი "ინფორმატორის" ვინაობას არ ამხელს, თუმცა აცხადებს, რომ ამ პირს "მყარი კონტაქტები ჰქონდა ქართული სპეცსამსახურების წარმომადგენლებთან, რომელთათვისაც სისტემატიურად აგროვებდა და შემდეგ აწვდიდათ ინფორმაციას სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე არსებული ვითარებისა და მის დასაცავად სასაზღვრო სამსახურების საქმიანობის შესახებ".
ამასთან, ცხინვალის მტკიცებით, "ქართული სპეცსამსახურებისთვის მიწოდებული ინფორმაცია სახელმწიფო საიდუმლოებას არ წარმოადგენს, შესაბამისად, ინფორმატორის საქმიანობას სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის ზიანი არ მიუყენებია".
«ხსენებულ პირს გაფრთხილება მიეცა იმ საქმიანობის დაუშვებლობის თაობაზე, რომელიც ქმნის საფუძველს რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე - ჯაშუშობის შესახებ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის. ეს უკანასკნელი პიროვნების, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების კატეგორიას განეკუთვნება და ისჯება 12-დან 20 წლამდე პატიმრობით. მივმართავთ ჩვენი რესპუბლიკის ყველა მცხოვრებს, დაფიქრდნენ მოსალოდნელ შედეგებზე, სანამ მსგავს დანაშაულს ჩაიდენენ" - ნათქვამია დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებაში, რომელიც რატომღაც მხოლოდ დღეს - ანუ ხსენებული პირის "ჯაშუშობაში მხილებიდან" ორი თვის თავზე გავრცელდა.