აშშ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს ამკაცრებს

23-09-2021 11:29:34 მსოფლიო

აშშ-ის კონგრესში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას გეგმავენ. ამერიკულ კომპანიებს რუსეთის სახელმწიფო ობლიგაციებით ვაჭრობას მეორად ბაზრებზეც აუკრძალავენ. შესაბამისი შესწორება აშშ-ის თავდაცვით ბიუჯეტში შეიტანეს.

ახალ რეგულაციას წარმომადგენელთა პალატაში მხარი უკვე დაუჭირეს. შესწორების ინიციატორი კონგრესმენი ბენ შერმანია.

რუსეთის სახელმწიფო ობლიგაციების წინააღმდეგ მიმართული შესწორება აშშ-ის მომავალი წლის თავდაცვით ბიუჯეტში შედის, რომელიც პირველი ოქტომბრიდან ამოქმედდება, და როგორც კონგრესში აცხადებენ, ეს არის ვაშინგტონის საპასუხო ნაბიჯი რუსეთის მხრიდან აშშ-ის არჩევნებში ჩარევაზე.

ბლუმბერგის ცნობით, ახალი შეზღუდვა „სავაჭრო ბაზრებზე რყევების დროს რუსეთის ფინანსურ დანახარჯებს გაზრდის“. აშშ-ის თავდაცვითი ბიუჯეტი კონგრესმა ამ კვირაში უნდა დაამტკიცოს.

გარდა ამისა, კონგრესში რუსეთის წინააღმდეგ კიდევ ერთი კანონპროექტი მიიღეს, რომელიც 35 რუსი ბიზნესმენის და პოლიტიკოსის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. აღნიშნულ პირებს რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ადამიანების უფლებების დარღვევაში ადანაშუალებდა.

არსებული ცნობებით, იმ 35 ადამიანს შორის, რომელთა წინააღმდეგაც სანქციების დაწესება იგეგმება, არიან ბიზნესმენები: რომან აბრამოვიჩი, ალიშერ უსმანოვი, ოლეგ დერიპასკა და სხვები. ასევე, სიაში არიან რუსეთის სახელმწიფო მედიის წარმომადგენლები ვლადიმირ სოლოვიოვი და მარგარიტა სიმონიანი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები