კადიროველებმა ჩეჩნეთში ზაკაევის ნათესავები დააკავეს და კამერის წინ მისი გაკრიტიკება აიძულეს

23-09-2021 12:58:45 კავკასია

ჩეჩნეთის რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმული ლიდერის - რამზან კადიროვის საჯარო მუქარის შემდეგ მას დაქვემდებარებულმა ძალოვანებმა, რომლებსაც "კადიროველებად" მოიხსენიებენ, ჩეჩნეთში ცნობილი პოლიტიკოსის, პირველ პრეზიდენტ დუდაევის მთავრობის თავმჯდომარის, ამჟამად ბრიტანეთში მცხოვრები ახმედ ზაკაევის ნათესავები დააკავეს. პორტალ "Кавказ.Реалии"-ს ცნობით, მათ აიძულეს, ზაკაევი ტელეკამერის წინ გაეკრიტიკებინათ.

დაკავებულებს შორის იყვნენ ზაკაევის ძმები ბუვადი და ალი, მათი ცოლები და ერთ-ერთი და - ზეზა.

ისინი ჯერ ურუს-მარტანის შს რაიონულ განყოფილებაში გადაიყვანეს, ხოლო შემდეგ - გროზნოში, სადაც რამდენიმე საათის განმავლობაში "ამუშავებდნენ". მოგვიანებით დაკავებულები ურუს-მარტანის რაიონში დააბრუნეს და ზაკაევის ერთ-ერთი ძმის სახლში შეკრებილთ აიძულეს, კრიტიკული ვიდეომიმართვა ჩაეწერათ. სახლი იმ მომენტში სახლმწიფო დაცვის მრავალრიცხოვანი თანამშრომლებით იყო გარშემორტყმული, ჩაწერის პროცესს კი ადგილობრივი ადმინისტრაციის, ასევე შსს-ს და კიდევ ერთი უცნობი ძალოვანი შენაერთის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მანამდე "ინსტაგრამ"-ეთერში რამზან კადიროვი ახმედ ზაკაევს "ლურჯ ალში დაწვით" დაემუქრა და მოუწოდა, ჩეჩნეთში ერთ-ერთი ვაჟი გაეგზავნა, რათა მას გროზნოს ცენტრში თავი აეფეთქებინა - "ვაჟკაცობის დასამტკიცებლად და ოჯახის ნამუსის გადასარჩენად".

ეს მისი მხრიდან ზაკაევის მიმართ პირველი მუქარა არ ყოფილა. ადრე ასევე საჯაროდ გაიჟღერა "შუბლის გახვრეტის" პირობამ იმის გამო, რომ ზაკაევმა ჩეჩნეთში "კადიროველების" სპეცოპერაციის შედეგად მოკლული ასლან ბიუტუკაევის ახლობლებს ბრიტანეთიდან მიუსამძიმრა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები