
ბიბილოვი: "საქართველო რაღაც ვირტუალურ სამყაროში ცხოვრობს"
23/09/2021 12:39:20 კონფლიქტები
ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ლიდერი ანატოლი ბიბილოვი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს შეხვდა და სამი ძირითადი საკითხი დაასახელა, რომელთა განხილვას საერთაშორისო დისკუსიების მორიგ რაუნდზე ისურვებდა.
«ესაა უსაფრთხოების, სამხრეთ ოსეთის უგზო-უკვლოდ დაკარგული მოქალაქეებისა და უისტას [წნელისის - რედ.] ქართული საგუშაგოს საკითხები. არსებობს დოკუმენტურად დამტკიცებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სამი ჩვენი ახალგაზრდა ქართული პოლიციის ხელში იყო. გადმოგვცენ თუნდაც მათი ნეშტები, რათა შევძლოთ მათი ადამიანურად დაკრძალვა და ახლობლებმაც დაიტირონ», – განაცხადა ბიბილოვმა.
ოსური სააგენტო «Рес»-ის ინფორმაციით, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარემ ეუთო-ს მხრიდან ანიკა სიოდერმა აცნობა ოსური მხარის წარმომადგენლებს, რომ მიმდინარეობს ფართო მუშაობა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ძიების კუთხით, დაგეგმილია შეხვედრა საქართველოს გენერალურ პროკურორთან.
საპასუხოდ დე ფაქტო ლიდერმა აღნიშნა, "სრულებითაც არ აკნინებს საკითხების გადასაჭრელად თანათავმჯდომარეების ძალისხმევას, თუმცა შედეგი არ ჩანს».
«მეჩვენება, რომ საქართველო რაღაც ვირტუალურ რეალობაში, ომის პერიოდში ცხოვრობს. დროა, თბილისი შეეგუოს რეალობას, დაიწყოს საკითხების გადაჭრა და უპირველესად, აიღოს უიასტას [წნელისის - რედ.] უკანონო საგუშაგო. უარი უნდა ითქვას ორმაგ მიდგომებზე. ჩვენის მხრივ, მზად ვართ ყველა საკითხის გადასაწყვეტად და ყოველთვის ვასრულებთ ჩვენს მიერ ნაკისრ ვალდებულებებს», – დასძინა ბიბილოვმა.
თავის მხრივ, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარემ ევროკავშირიდან ტოივო კლაარმა საპასუხოდ განაცხადა, რომ «იმედი აქვს დისკუსიების ყველა მონაწილის კეთილი ნების, რადგან იმისათვის, რომ შედეგი დადგეს, მნიშვნელოვანია, ერთ მონაწილეს მეორესი ესმოდეს».
ჟენევის დისკუსიების მორიგი - 54-ე რაუნდი 12-13 ოქტომბრისთვისაა დაგეგმილი.