"ოლიგარქების შესახებ" კანონი მიღებულია: კიევური პერიპეტიების დეტალები

23-09-2021 17:57:20 მსოფლიო

უკრაინის უმაღლესმა რადამ (პარლამენტმა) დღეს საბოლოო მოსმენით მიიღო "ოლიგარქების შესახებ" კანონი, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს პრეზიდენტმა ზელენსკიმ წარუდგინა.

დოკუმენტში "ოლიგარქის" დეფინიცია შემდეგნაირადაა მოცემული: საზოგადოებრივ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ეკონომიკური წონის მქონე ადამიანი, რომელიც შეესაბამება ჩამოთლილი კრიტერიუმებიდან სულ მცირე, სამს:

  • მონაწილეობს პოლიტიკურ ცხოვრებაში;
  • გააჩნია საგრძნობი გავლენა მასმედიაზე;
  • არის იმგვარი საწარმოს საბოლოო ბენეფიციარი, რომელსაც ბაზარზე ბოლო წლის განმავლობაში უწყვეტად ჰქონდა მონოპოლიური მდგომარეობა და აგრძელებს მის გამყარებას;
  • მისი აქტივების დადასტურებული ღირებულება უნდა აღემატებოდეს 2 მილიარდ 270 ათას გრივნას (დაახლოებით 80 მლნ დოლარს).

გადაწყვეტილებას იმის შესახებ, თუ ვინ ჩაითვლება ოლიგარქად, მიიღებს ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭო. მანვე უნდა აწარმოოს ოლიგარქების რეესტრი, რომლის ფიგურანტებს აეკრძალებათ შენატანები პოლიტიკური პარტიების სასარგებლოდ, ასევე დაეკისრებათ ვალდებულება, ამა თუ იმ სახელმწიფო მოხელეებთან საკუთარი შეხვედრების შესახებ მოხსენებები საბჭოს წარუდგინონ და რიგი სხვა მოთხოვნებიც აკმაყოფილონ.

რადას დღევანდელ სხდომაზე დოკუმენტის მიღებას 226 აუცილებელის ნაცვლად, 279-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, მათ შორის - უმრავლესობის მქონე საპრეზიდენტო პარტია "ხალხის მსახურის" თითქმის ყველა წარმომადგენელმა. ოპოზიციამ კი - როგორც ექს-პრეზიდენტ პოროშენკოს მხარდამჭერებმა, ისე პრორუსულად ცნობილმა "ოპოზიციურმა პლატფორმამ - სიცოცხლისთვის", კანონპროექტის წინააღმდეგ მისცეს ხმა.

ოპოზიცია შიშობს, რომ კანონი მოქმედი ხელისუფლების ოპონენტების წინააღმდეგ იქნება გამოყენებული, მაგალითად, პარტია "ევროპული სოლიდარობის" ლიდერის, ექს-პრეზიდენტ პოროშენკოს წინააღმდეგ, რომელიც, როგორც მსხვილი ბიზნესმენი, ოლიგარქად შეიძლება, გამოაცხადონ.

საგულისხმოა, რომ უკრაინული პარლამენტის სპიკერი დიმიტრი რაზუმკოვი, რომელიც კანონპროექტს "უმწიფრად" მიიჩნევდა, ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების გამო კარანტინში იმყოფება და დღევანდელ სხდომას არ უძღვებოდა. წინა პერიოდში კი საპრეზიდენტო პარტიის წარმომადგენლები მას ღიად აკრიტიკებდნენ, ხოლო მედია რაზუმკოვის მოსალოდნელი გადადგომის შესახებ წერდა.

ცნობისთვის: ტრადიციულად, რუსეთში, უკრაინასა და სხვა ქვეყნებში ოლიგარქებად მოიხსენიებენ ადამიანებს, რომელთაც მნიშვნელოვანი აქტივები გააჩნიათ და გავლენას ახდენენ პოლიტიკაზე. ამასთან, უკრაინელი ოლიგარქები, როგორც წესი, ამა თუ იმ პოლიტიკურ პარტიებს უჭერენ მხარს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები