კალაძე – გახარიაზე: პირველი პირი იყო და სამხარაულს არ ენდობა, ამაზე დიდი სიბეცე რა უნდა იყოს
23/09/2021 20:03:31 პოლიტიკა
თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, "ძალიან მძიმე" იყო როდესაც გიორგი გახარია სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს არ ენდო და ნარკოტესტი უცხოურ კლინიკაში ჩაიტარა. ამაზე კალაძემ პალიტრანიუსის ეთერში ისაუბრა და თქვა, რომ ყოფილმა პრემიერმინისტრმა ამ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი თავის წინააღმდეგ კამპანია თავადვე დაიწყო.
"მეგონა, რომ გიორგი გახარია იქნებოდა ის, ვინც პირველი ჩაერთვებოდა ამ კამპანიაში. თუმცა, გიორგი გახარიამ საკუთარი თავის წინააღმდეგ კამპანია თავადვე წამოიწყო თავისი არასწორი განცხადებებით და დამოკიდებულებით ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. ძალიან ბევრი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო, მისი განცხადებები, მისი არაადრეკვატური ქმედებები, რამაც ძალიან დიდი ეჭვები გააჩინა. თბილისში, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტია ქვეყანაში. მას უნდობლობა გამოუცხადა, რაც ძალიან მძიმეა. კაცი იყო ქვეყნის პირველი პირი, პრემიერ-მინისტრი და დღეს, სამხარაულის ეროვნულ ბიუროს უცხადებს უნდობლობას, ამაზე დიდი სიბეცე რა უნდა იყოს, ეს ძალიან მძიმე იყო", - თქვა კალაძემ.
ცნობისთვის: 17 სექტმბერს პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გიორგი გახარიას „კოკაინშიკი" უწოდა. „ყველანაირად სუფთა ვარ“, - ეს სიტყვები თქვა კახა კალაძემ, „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა ნარკოტესტირების ჩატარების შემდეგ და კონკურენტებსაც ანალოგიური ნაბიჯისკენ მოუწოდა. 11 სექტემბერს ჟურნალისტის შეკითხვაზე, ეს მოწოდება ხომ არ არის კომპრომატებით ბრძოლა პოლიტიკოსებს შორის, კალაძემ ასე უპასუხა: „კომპრომატი რა შუაშია? გიორგი გახარია ნარკოდამოკიდებული ადამიანია?“.
18 სექტემბერს პარტიამ „საქართველოსთვის" გახარიას ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. კერძოდ, მისი ინფორმაციით, გახარიას ექსპერტიზა ქალაქ ვენის წამყვან ჰოსპიტალში „RUDOLFINERHAUS“ 2021 წლის 14 სექტემბერს ჩაუტარდა:
„ექპერტიზის დასკვნაში აღნიშნულია, რომ გიორგი გახარიამ გაიარა ნარკოტიკულ ნივთიერებებზე ნებაყოფლობითი შემოწმება სისხლისა და შარდის ანალიზებით. გამოკვლევა ჩატარდა ავსტრიაში დადგენილი წესებისა და რეგულაციების შესაბამისად.დეტალური კვლევების შედეგებით, არანაირი ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება არ დასტურდება.დოკუმენტის გაცემის თარიღია - 2021 წლის 16 სექტემბერი".
საქართველოს კანონმდებლობით მერობის კანდიდატს არ აქვს ნარკოტესტირების გავლის ვალდებულება.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება.
იხილეთ ასევე: გარაია: „კალაძე აღარ არის საინტერესო“


