"კანონიერი მიზანი არ ჰქონდა ლაშქარავას გადაადგილების ამსახველი ვიდეოს გავრცელებას" — ინსპექტორმა შსს დააჯარიმა

24-09-2021 10:37:09 სამართალი

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაადგინა, რომ ლექსო ლაშქარავას გადაადგილების ამსახველი ვიდეოჩანაწერების გასაჯაროებას არ ჰქონდა კონკრეტული და მკაფიოდ განსაზღვრული კანონიერი მიზანი. შესაბამისად, ინსპექტორმა შსს-ს ადმინისტრაციული სახდელის სახით 2000-ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა. ასევე, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრა სამედიცინო დაწესებულებას, კერძოდ, დაჯარიმდა 500 ლარით პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის დარღვევისთვის.

ინსპექტორის განცხადებით, ვინაიდან 11 ივლისს სამინისტროს მიერ გასაჯაროებული ვერცერთი ვიდეოჩანაწერი ვერ პასუხობდა მთავარ კითხვას გარდაცვალების მიზეზთან დაკავშირებით, ვიდეოჩანაწერების გასაჯაროება შეფასდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის [მე-4 მუხლის ბ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემთა დამუშავების პრინციპის] დარღვევად.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაადგინა, რომ სამინისტრომ შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მოიპოვა 2021 წლის 12 ივლისის ბრიფინგზე გამოქვეყნებული ერთ-ერთი აუდიო-ვიდეოჩანაწერი.

კერძოდ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაადგინა, რომ აუდიო-ვიდეოჩანაწერი სამედიცინო დაწესებულებიდან მოპოვებულ იქნა სამინისტროს წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.

ინსპექტორი აცხადებს, რომ კლინიკის აუდიო-ვიდეოჩანაწერზე (2021 წლის 12 ივლისს, 00:21, 00:24, 00:28 და 00:52 საათებზე) წვდომისა და სამედიცინო დაწესებულების კომპიუტერული მოწყობილობიდან მისი გადმოწერის დროს შსს-მ საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ამსახველი რაიმე საპროცესო დოკუმენტი არ შეადგინა.

შესაბამისად, სახელმწიფო ინსპექტორმა დაადგინა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სამედიცინო დაწესებულების მიერ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის (მონაცემთა დამუშავების საფუძვლების) დარღვევა, სამინისტროს მიერ სამედიცინო დაწესებულებიდან ვიდეოჩანაწერების სამართლებრივი საფუძვლის გარეშე დათვალიერებისა და გადმოწერის ფაქტზე.

რაც შეეხება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, 2021 წლის 11 და 12 ივლისს, ალექსანდრე (ლექსო) ლაშქარავას გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმეზე გასაჯაროებული სხვა ვიდეოჩანაწერების მოპოვების კანონიერებას, სამსახურის მიერ ჩატარებული შემოწმებით ირკვევა, რომ სამინისტრომ ისინი სხვადასხვა პირისაგან მოიპოვა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 125-126-ე მუხლებით დადგენილი წესით (დათვალიერების გზით), ვიდეოსამეთვალყურეო კამერების მფლობელების წერილობითი თანხმობის საფუძველზე და ვიდეოჩანაწერების დათვალიერება განხორციელდა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.

ვიდეოჩანაწერების დათვალიერების გზით მოპოვების კანონიერების შეფასების მიზნით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ შესწავლილი სასამართლო პრაქტიკა ცხადყოფს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილებები არაერთგვაროვანია.

შესაბამისად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის ფარგლებში, ვერ/არ შეაფასა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით (თვითმკვლელობამდე მიყვანა) მიმდინარე გამოძიების ფარგლებში კომპიუტერულ სისტემაში დაცული ინფორმაციის/დოკუმენტის მტკიცებულების სახით დათვალიერების გზით მოპოვების კანონიერების საკითხი:

"სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაადგინა, რომ: ალექსანდრე (ლექსო) ლაშქარავას შესახებ ინტერნეტსივრცეში გავრცელებული მონაცემები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ბაზაში - info.pol.ge აღრიცხული მონაცემების იდენტურია.

ინტერნეტში გავრცელებული და სამინისტროს საინფორმაციო ბაზაში მითითებული ინფორმაციები თანხვედრაშია ერთმანეთთან, როგორც სტრუქტურით და თანმიმდევრობით, ასევე ტექსტში გამოყენებული სიმბოლოებით (სასვენი ნიშნებით);

საინფორმაციო ბაზა - info.pol.ge-ში დაცულ ალექსანდრე (ლექსო) ლაშქარავას მონაცემებთან წვდომა 2021 წლის 5 ივლისიდან 11 ივლისის ჩათვლით ჰქონდათ მხოლოდ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, რომელთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ მონაცემებზე წვდომა განახორციელა 2021 წლის 11 ივლისს;

საინფორმაციო ბაზა - info.pol.ge-ში დაცულ ალექსანდრე (ლექსო) ლაშქარავას მონაცემებთან წვდომა ჰქონდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა (თითქმის ყველა) სტრუქტურული დანაყოფის 82 თანამშრომელს.

შემოწმების შედეგად გამოვლენილი ზემოაღნიშნული გარემოებები მიუთითებს ალექსანდრე (ლექსო) ლაშქარავას პერსონალური მონაცემების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლ(ებ)ის მხრიდან გამჟღავნების ფაქტზე.

ვინაიდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შემოწმების პარალელურად, 2021 წლის 12 ივლისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაიწყო სამსახურებრივი შემოწმება სამინისტროს თანამშრომლების მიერ ერთიან საინფორმაციო ბანკში განხორციელებული არასანქცირებული წვდომებისა და 2021 წლის 11 ივლისს ალექსანდრე (ლექსო) ლაშქარავას პერსონალური მონაცემების გამჟღავნების შესწავლის მიზნით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-16 მუხლის 1-ელი ნაწილის თანახმად, მოკლებულია შესაძლებლობას შეაფასოს სამინისტროს კონკრეტული თანამშრომლის პასუხისმგებლობის საკითხი".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები