
მარგარიტა სიმონიანი ცხინვალში "ჯოჯოხეთური პროვოკაციის" შესახებ იუწყება
24/09/2021 08:13:55 კონფლიქტები
კრემლის ცნობილი პროპაგანდისტი, სააგენტო «Россия Сегодня»-სა და ტელეარხ RT-ს ხელმძღვანელი მარგარიტა სიმონიანი ცხინვალში "ჯოჯოხეთური პროვოკაციის", კერძოდ, მის მიერ მართულ ასევე ცნობილ სადეზინფორმაციო-პროპაგანდისტულ რესურს "სპუტნიკის" ადგილობრივი ოფისის - "«Спутник – Южная Осетия»-ს ხელმძღვანელ ვიტალი დენისოვის "გაზით მოწამლვის მცდელობის" შესახებ იუწყება.
როგორც სიმონიანი სოცქსელში წერს, დენისოვმა, რომელიც ცხინვალში მოსკოვიდან მიავლინეს, მისთვის ნაქირავებ კერძო სახლში ორ ლოკაციაზე ბუნებრივი აირის გაჟონვა აღმოაჩინა: ერთი - ქუჩიდან შემავალ მთავარ მილში, მეორე - პირველ სართულზე არსებულ საქვაბეში.
«გაზის კონცენტრაცია იმდენად მაღალი იყო, რომ შეეძლო, აფეთქება გამოეწვია. ეს მხოლოდ ბედნიერი შემთხვევითობით არ მოხდა – სისტემაში წყალი არ აღმოჩნდა. ადგილზე გამოძახებულმა საავარიო სამსახურმა დაზიანებების ლიკვიდაცია განახორციელა. გარკვეული დროის შემდეგ დენისოვმა ხსენებული ადგილები დაათვალიერა და აღმოაჩინა, რომ მილი გადახერხილი იყო. და აი, აქ ყველას გაგვახსენდა, როგორ დაიღუპა ჯანდაცვის საკითხებში რუსი მრჩელის - იგორ გალის ოჯახი. სწორედ ასე დაიღუპნენ ისინი თავის დროზე, 2020 წლის თებერვალში - გაურკვეველ ვითარებაში გაზით მოიწამლნენ», – წერს სიმონიანი.
მისივე ინფორმაციით, მოგვიანებით დენისოვს დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა დაურეკა და მომხდარის უსწრაფესი გამოძიების პირობა დადო.
«ვიცი, როგორი დამოკიდებულება აქვთ ოსებს რუსებისა და რუსეთის მიმართ. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ეს ჯოჯოხეთური პროვოკაცია ჩვენი ხალხების გადაკიდებას ისახავდა მიზნად. ახლა მხოლოდ იმის დადგენა რჩება, ვისი იყო ეს პროვოკაცია" - წერს სიმონიანი.
მის პუბლიკაციას დე ფაქტო უშიშროების სამსახური გამოეხმაურა, რომლის ცნობით, ადგილზე სპეციალისტები იყვნენ გასულები, რომლებმაც სახლის გათბობის სისტემაში ერთ-ერთი მილის დაზიანებას მართლაც მიაკვლიეს, თუმცა გამიზნული ბოროტმოქმედების კვალი ვერ იპოვეს.
მიუხედავად ამისა, როგორც დე ფაქტო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ამჟამად ექსპერტების ჩართულობით მომხდარის ყველა დეტალის დადგენა ხორციელდება, მუშავდება სხვადასხვა ვერსიები, მათ შორის - გამიზნული დაზიანებისაც.