ანა დოლიძე გიორგი გახარიას სამართლებრივ დახმარებას სთავაზობს

24-09-2021 12:29:03 პოლიტიკა ,ადამიანი და კანონი

თბილისის მერობის კანდიდატი ანა დოლიძე კონკურენტს გიორგი გახარიას სამართლებრივ მხარდაჭერას სთავაზობს. საქმე ეხება წინასაარჩევნო თემის კონტექსტში მმართველი გუნდის მხრიდან გიორგი გახარიას თითქოს ნარკოდამოკიდებულების თემის შემოტანას.

ანა დოლიძე ფიქრობს, რომ გახარიამ სამართლებრივი ბერკეტები აუცილებლად უნდა გამოიყენოს.

„აბსოლუტურად მიუღებელია ნარკოდამოკიდებულების თემით მანიპულირება, ნარკოდამოკიდებულების კიდევ უფრო სტიგმატიზაცია, ვიდრე დღესაა. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ბევრ საკითხთან დაკავშირებით გიორგი გახარიასთან მაქვს მკვეთრი წინააღმდეგობა, როგორც ამ საქმეში გამოცდილი საერთაშორისო სამართლის იურისტი, ვთავაზობ გიორგი გახარიას სამართლებრივ მხარდაჭერას, წარმოვადგინო ის საქართველოს სასამართლოებში ცილისწამების საქმეზე უტიფარ ირაკლი კობახიძესთან მიმართებაში და ასევე წარმოავდგინო ის სტრასბურგის სასამართლოს წინაშე, რათა მან საკუთარი პატივისა და ღირსების დაცვისთვის იბრძოლოს“,– განაცხადა ანა დოლიძემ.

ცნობისთვის: 17 სექტმბერს პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გიორგი გახარიას „კოკაინშიკი" უწოდა. „ყველანაირად სუფთა ვარ“, - ეს სიტყვები თქვა კახა კალაძემ, „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა ნარკოტესტირების ჩატარების შემდეგ და კონკურენტებსაც ანალოგიური ნაბიჯისკენ მოუწოდა. 11 სექტემბერს ჟურნალისტის შეკითხვაზე, ეს მოწოდება ხომ არ არის კომპრომატებით ბრძოლა პოლიტიკოსებს შორის, კალაძემ ასე უპასუხა: „კომპრომატი რა შუაშია? გიორგი გახარია ნარკოდამოკიდებული ადამიანია?“.

18 სექტემბერს პარტიამ „საქართველოსთვის" გახარიას ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. კერძოდ, მისი ინფორმაციით, გახარიას ექსპერტიზა ქალაქ ვენის წამყვან ჰოსპიტალში „RUDOLFINERHAUS“ 2021 წლის 14 სექტემბერს ჩაუტარდა:

„ექპერტიზის დასკვნაში აღნიშნულია, რომ გიორგი გახარიამ გაიარა ნარკოტიკულ ნივთიერებებზე ნებაყოფლობითი შემოწმება სისხლისა და შარდის ანალიზებით. გამოკვლევა ჩატარდა ავსტრიაში დადგენილი წესებისა და რეგულაციების შესაბამისად.დეტალური კვლევების შედეგებით, არანაირი ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება არ დასტურდება.დოკუმენტის გაცემის თარიღია - 2021 წლის 16 სექტემბერი".

21 სექტემბერს თბილისის მერობის კანდიდატების გახარია დაინტერესდა ყოფილი თანაგუნდელის კახა კალაძის აზრით, იზიარებს თუ არა ის თანაპარტიელების ბრალდებებს, მათ შორის ნარკოდამოკიდებულების თაობაზე, რაზეც კალაძემ უპასუხა, რომ „მე მგონი, არავიდ დაუბრალებია და არავის უთქვამს, რომ გახარია ნაკომანია“. მოგვიანებით თემის კომენტირებისას კობახიძემ განაცხადა, რომ არათუ აბრალებ, ფაქტს კონსტანტირებს. მან თქვა ისიც, რომ გახარიას „კოკაინი“ ქალბატონმა გაასინჯა და „პრობლემები“ „ქართული ოცნებიდან“ წასვლის შემდეგ დაიწყო.

23 სექტემბერს გახარიამ თქვა, რომ არანაირ ნარკოტიკთან არასდროს ქონია შეხება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები