“თბილსერვისს” ყოფილმა თანამშრომელმა უჩივლა

24-09-2021 16:20:33 სამართალი

“თბილსერვისის” ყოფილმა თანამშრომელმა ირაკლი ბაღდავაძემ სამსახურიდან გათავისუფლების გამო თბილისის საქალაქო სასამართლოში უჩივლა. ბაღდავაძე სამსახურის გარეშე ზაფხულის გაფიცვების შემდეგ დარჩა.

ბაღდავაძის ინტერესების დამცელის, "დროას” იურისტ გიგა ლემონჯავას განმარტებით, ბაღადავაძეს სარჩელში სამი მოთხოვნა აქვს:

  • ირაკლი ბაღდავაძის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გაუქმდეს თბილსერვის ჯგუფის დირექტორის ბრძანება.
  • აღადგინონ ბაღდავაძე თანამდებობაზე.
  • სასამართლოს დასრულების შემდეგ აუნაზღაურდეს იძულებითი განაცდური.

ირაკლი ბაღდავაძე სამსახურიდან ზაფხულში “თბილსერვის ჯგუფის” თანამშრომლების გაფიცვების შემდეგ გაუშვეს. მან 12 სექტემბერს სამსახურში აღდგენის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო, თუმცა ლემონჯავას განმარტებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მან შიმშილობა რამდენიმე დღის წინ შეწყვიტა.

რაც შეეხება უშუალოდ გაფიცვას, აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნები ხელფასის მატებას, სამუშაო პირობებისა და აღჭურვილობის გაუმჯობესებას, დაზღვევას, შვებულების უფლებით სარგებლობას და პროტესტის გამოხატვისა და გაფიცვის გამო „ხელშეუხებლობას“ – სამუშაო ადგილის შენარჩუნებას ეხებოდა.

თბილისის მერმა, კახა კალაძემ გაფიცვას „დაგეგმილი პროვოკაცია“ უწოდა. მოგვიანებით, 8 აგვისტოს, დასაქმებულთა ნაწილმა გაფიცვა შეწყვიტა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები