ერდოღანი: "ერევნიდან პოზიტიურ გზავნილებს ვიღებ"

24-09-2021 16:29:58

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, იგი სომხეთიდან "პოზიციურ გზავნილებს იღებს".

«ჩვენ გვქონდა თანამშრომლობის ვარიანტი, რომელსაც ხუთთა თუ ექვსთა პლატფორმა ეწოდა. ამჟამად ფაშინიანისგან ამ საკითხზე პოზიტიურ გზავნილებს ვიღებ. ახლა, ამ სიგნალების მიღების შემდეგ, აღნიშული მიმართულებთ რიგ ნაბიჯებს გადავდგამთ», – განაცხადა ერდოღანმა თვითმფრინავში, აშშ-დან დაბრუნებისას მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში.

თურქმა ლიდერმა აღნიშნა ისიც, რომ ამ საკითხების განხილვას სექტემბრის ბოლოს სოჭში რუსეთის პრეზიდენტ ბლადიმირ პუტინთან დაგეგმილ შეხვედრაზე გეგმავს.

«ჩვენ გვეძლევა შესაძლებლობა, განვავითაროთ რეგიონში მშვიდობის დამყარების საკითხი. ეს ერთ-ერთია იმ თემებს შორის, რომლებიც ვლადიმირ პუტინთან ჩემი მოახლოებული შეხვედრის დღის წესრიგში შედის. ამგვარად, თურქეთ-რუსეთის ურთიერთობები ახალ მძლავრ იმპულსს მიიღებს», – დასძინა თურქეთის პრეზიდენტმა.

რამდენიმე დღის წინ ერდოღანმა განაცხადა, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრისგან შეხვედრის თხოვნა მიიღო, რომელიც მას საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა გადასცა და რომ ეს შეხვედრა დამოკიდებული იქნება სომხეთის პოზიციაზე ე.წ. ზანგეზურის დერეფნის საკითხში.

მანამდე რუსულმა «Росбалт»-მა "ზანგეზურის დერეფნის" თემას ვრცელი სტატია მიუძღვნა სათაურით «რის შესახებ საუბრობენ ბაქო, ერევანი, მოსკოვი და ანკარა ჯერ ჩურჩულით». ავტორი მიანიშნებს გარკვეულ შეთანხმებებზე, რომლებიც, მისი ინფორმაციით, უკვე მიღწეულია, თუმცა მხარეები ამას ჯერ არ ასაჯაროებენ. მან არ გამორიცხა, რომ «ერთ მშვენიერ დღეს გამოცხადდეს სამუშაოების დაწყება ზანგეზურის დერეფნის გასახსნელად, ხოლო შემდეგ ფაშინიანისა და ერდოღანის "გულთბილი" შეხვედრის შესახებ ინფორმაცია გაჟღერდეს".

თურქეთის პრეზიდენტმა რუს კოლეგასთან დაგეგმილი შეხვედრის რიგი დეტალებიც გაამხილა და აღნიშნა, რომ პუტინს პირისპირ, დელეგაციების გარეშე შეხვდება.

ანალიტიკოსები ამ დღეებში წერენ, რომ მოლაპარაკებები მარტივი არ იქნება სირიის პროვინცია იდლიბში შექმნილი ვითარების გამო და რომ სწორედ იდლიბი იქნება მთავარი განსახილველი თემა.

თუმცა თავად ერდოღანმა განაცხადა, რომ სოჭში მიღებული იქნება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება თურქეთ-რუსეთის ურთიერთობების განვითარებასთან დაკავშირებით. ეს გადაწყვეტილება, ისევე, როგორც ის, ეხება თუ არა იგი სირიას, თურქ ლიდერს არ დაუკონკრეტებია. ერდოღანი მხოლოდ იმის თქმით შემოიფარგლა, რომ «თურქეთი და რუსეთი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ რეგიონში და ჯერ-ჯერობით თურქეთს რუსეთთან ურთიერთობაში ცუდი არაფერი უნახავს».

ახალი ამბები

სხვა სიახლეები