სოცქსელების ოსური სეგმენტი თალიბებთან მოლაპარაკებების გასაიდუმლოებასა და მათთან სასაუბროდ ვინმე მაქსიმოვის წარგზავნას აპროტესტებს

24-09-2021 22:39:43 კონფლიქტები

სოცქსელების ოსური სეგმენტის მომხმარებლები “სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის” სახელით თალიბებთან გასაიდუმლოებულ მოლაპარაკებებზე ალექსეი მაქსიმოვის წარგზავნას აპროტესტებენ.

“კითხვა მაქვს ჩვენს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან: რატომ ხდება, რომ ჩვენ - სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა, მხოლოდ არამეგობრული ქვეყნების არხების მეშვეობით ვიგებთ საიდუმლო მოლაპარაკებების შესახებ “თალიბანთან”, რომელმაც ავღანეთში ძალაუფლება ჩაიგდო ხელში და რუსეთში ტერირისტულ ორგანიზაციად არის მიჩნულები?

ანდა ვინ მიანიჭა სამხრეთ ოსეთის ხალხის სახელით მოლაპარაკებების წარმოების უფლებამოსილება ალექსეი მაქსიმოვს? თუ ეს სამხრეთ ოსეთის ახლადგამომცხვარი მოქალაქისა და ვერზიევის უწყების ახლადგამომცხვარი თანამშრომლის კერძო ვიზიტია, მაშინ ხალხი ოფიციალურ განმარტებებს ველით სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საგარეო დაზვერვის სამსახურისგან მისი თანამშრომლის მსგავსი უცნაური ქცევის გამო” – წერენ “ფეისბუქის” ოსურ სეგმენტში.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ავღანეთის ახალ ხელმძღვანელობაში პრემიერ-მინისტრის მოადგილე მულა აბდულ განი ბარადარი "სამხრეთ ოსეთის წარმომადგენელს" შეხვდა, მოძრაობა "თალიბანის" პოლიტიკური ოფისის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მუჰამედ ნაიმმა გაავრცელა. ცხინვალში მოსახლეობამ ამის შესახებ სოცქსელებიდან შეიტყო.

«შეხვედრაზე განხილულ იქნა საკითხები, რომელიც ორივე ქვეყანას, ავღანეთში არსებულ ვითარებასა და რეგიონულ უსაფრთხოებას ეხება», – ნათქვამია ნაიმის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მოგვიანებით გაირკვა, რომ თალიბებს შეხვდა ალექსეი მაქსიმოვი, რომელიც, როგორც ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, ცხინვალში მოსკოვიდან მიავლინეს "რუსეთში სამხრეთ ოსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის წარმომადგენლის" სტატუსით.

  • ცოტა ხნის წინ მედია მაქსიმოვის ბიოგრაფიაში მთელი რიგი საეჭვო ფაქტების შესახებ იუწყებოდა. კერძოდ, საუბარი იყო მის მიერ არარსებული საბრძოლო დამსახურებებისა და ჯილდოების "მიწერაზე".
  • მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლოს ოსური დე ფაქტო პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა დავით სანაკოევმა "თალიბანის" ხელისუფლების მიერ სამხრეთ ოსეთის პოლიტიკური აღიარება" არ გამორიცხა. «მართალია, ალანიის სახელმწიფოს მიერ "თალიბანის" აღიარების საკითხი დღის წესრიგში ჯერ არ დგას, თუმცა გამორიცხული არაფერია. ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად საღად და პრაგმატულად მოაზროვნედ წარმოაჩენს თავს ავღანეთის ახალი ხელმძღვანელობა», – წერდა სანაკოევი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები