ცაგერის მერობის კანდიდატი გახარიას პარტიიდან: "ჩემი მანქანა დაცხრილეს!"
25/09/2021 09:46:39 სამართალი
ცაგერში პარტიიდან "საქართველოსთვის" მერობის კანდიდატის ბესარიონ ბენდელიანის განცხადებით, მისი მანქანა დაცხრილეს.
ბდელიანის თქმით, მან ავტომობილი წუხელ, დაახლოებით 00:00 საათზე, ცაგერში, საკუთარი სახლის წინ გააჩერა, 25 სექტემბრის დილით კი მანქანა დაცხრილული დახვდა.
ბენდელიანი ვარაუდობს, რომ გამოყენებულ იქნა "მაყუჩიანი" იარაღი, რადგან სროლის ხმა არავის გაუგია.
მერობის კანდიდატი მომხდარს მის პოლიტიკურ აქტივობას და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს უკავშირებს და აცხადებს, რომ მის დაშინებას ცდილობენ:
"მაგრამ მე ვეტერანი, მეომარი ვარ და ვერ დამაშინებენ!".
ამის შესახებ ისაუბრა პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა ნათია მეზვრიშვილმაც და განაცხადა, რომ პარტია "საქართველოსთვის" წინასაარჩევნო კამპანიას ფაქტობრივად, ვერ ატარებს.
"დღეს, გამთენიისას მანქანა დაუცხრილეს ცაგერის მერობის კანდიდატს – ბესო ბენდელიანს. პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება "ოცნების" ხელმძღვანელობას: კობახიძეს, კალაძეს, ღარიბაშვილს, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში ამართლებენ ძალადობას და ახალისებენ სიძულვილის ენას. პასუხისმგებლობა ეკისრება შს მინისტრ გომელაურს, გენერალურ პროკურორ შოთაძეს, რომლებიც პირდაპირი მნიშვნელობით, არ გაინძრნენ. ეს ადამიანები დანაშაულს ვერ ხედავენ და არ რეაგირებენ სისტემურ დანაშაულზე",- თქვა ნათია მეზვრიშვილმა.
მეზვრიშვილი ამბობს, რომ პარტიის კანდიდატებსა და მხარდამჭერებზე ზეწოლა გრძელდება:
"მხარდამჭერებს ემუქრებიან სოციალური დახმარების მოხსნით. გუშინ მანქანის საბურავები დაუჭრეს ლაგოდეხის საკრებულოს წევრობის კანდიდატს, სალომე ღონღაძეს. რამდენიმე დღის წინ ასპინძის მერის მოვალეობის შემსრულებელი და მერიის თანამშრომლები თავს დაესხნენ ასპინძის საკრებულოს წევრობის კანდიდატს, არკადი სოფოევს. მთელი ქვეყნის მასშტაბით აზიანებენ და ანადგურებენ პარტიის სააგიტაციო მასალას".


