Accentnews.ge
ლილუაშვილი –"სუს–ის" ფაილებზე: "მე რა შუაში ვარ?!"

ლილუაშვილი –"სუს–ის" ფაილებზე: "მე რა შუაში ვარ?!"

27/09/2021 07:18:50 პოლიტიკა

სუს–ის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილ ფაილებთან დაკავშირებით საუბრისას იმეორებს მმართველი გუნდის წევრების რიტორიკას ეკლესიასთან ბრძოლის თაობაზე და ამბობს, რომ „სასულიერო პირებთან და ეკლესიასთან ბრძოლა ჯერ არავის მოუგია“.

ამასთან, გრიგოლ ლილუაშვილი ირწმუნება, რომ გამოძიება გამჭვირვალედ მიმდინარეობს.

„პასუხისმგებლობას ვიღებთ ყველა მოვლენაზე, რაც უსაფრთხოებას უკავშირდება. დაელოდეთ გამოძიებას, რომელიც საკმაოდ გამჭვირვალედ მიმდინარეობს. გაქვთ საშუალება, შეამოწმოთ შედეგები“, – განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

რაც შეეხება მოთხოვნას, დატოვოს თანამდებობა ლილუაშვილმა, სუს–ის ხელმძღვანელი პასუხობს, „ოპოზიციის ჭკუაზე ვერ ვივლით. სამწუხაროდ, ეს ცხოვრება ასეა, რომ საქმე უნდა აკეთოს იმან, ვინც საქმის გაკეთება იცის“.

კითხვაზე, რატომ არ იბარებენ გამოკითხვაზე თავად ლილუაშვილს, სუს-ის უფროსმა განაცხადა, რომ გამოძიება თუ ჩათვლის საჭიროდ, ყველა გამოიკითხება:

„მე რატომ უნდა დამიბარონ, რა შუაში ვარ? თქვენ რა იცით, რომ სუს-ის თანამშრომლები არ დადიან გამოკითხვაზე? რა თქმა უნდა, იკითხებიან. თუ ჩათვლის გამოძიება, ყველა გამოიკითხება. თუმცა არავინ არ დაიჩაგრება, განსაკუთრებით უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები, ვინც საქმეს აკეთებს. გამოძიების შედეგად დადგინდება, რა პროვოკაციაც იგეგმებოდა. გაირკვევა სიმართლე და ყველას თავის საკადრისი პასუხი გაეცემა. სასულიერო პირებთან და ეკლესიასთან ბრძოლა ჯერ არავის მოუგია მსოფლიოში და ვერ მოიგებენ ვერც საქართველოში. ყველაფერი წინ არის და დაელოდეთ. გამოძიების შედეგები აბსოლუტურად გამჭვირვალე იქნება“.

შეგახსენებთ, რომ 12 სექტემბერს ზოგიერთმა მედიასაშუალებამ მიიღო ვებსაიტის ბმული, სათაურით „სუს–ის კომპრომატი საპატრიარქოს წინააღმდეგ“, სადაც განთავსებული იყო ათასობით ტექსტური, ვიდეო და აუდიოფაილი. მათგან მნიშვნელოვანი ნაწილი სასულიერო პირებს ეხებოდა, ნაწილი კი მათ შორის, დიპლომატებს, საელჩოების თანამშრომლებს.

14 სექტემბერს, საქართველოს პროკურატურამ განაცხადა, რომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლით - კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევა.

მასალების ავთენტურობის დადასტურების შემთხვევაში დადასტურდება ისიც, რომ ქვეყანაში ტოტალური მიყურადება მიმდინარეობს.

იხილეთ ასევე: "საკითხი ასე მარტივად არ დაიხურება" – ბრიუსელმა ნაბიჯების გადადგმა დაიწყო?

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S