
არჩევნები - პოლიტიკური კულტურის, სოციალური გარემოს და ტრაციციების ჭიდილი
27/09/2021 09:15:23 ანალიზი
პოლიტიკური პარტია „ევროპელი დემოკრატების“ გენერალური მდივანი მამუკა გამყრელიძე საარჩევნო სისტემების, ქართული არჩევნების თავისებურებების და სუპერქარიზმატული ლიდერების ხათრით გაკეთებული არჩევანების შესახებ.
პრეამბულის სახით უნდა ვთქვათ, რომ იდეალური არჩევნები ბუნებაში არ არსებობს. დღეს მსოფლიოში შეგვიძლია ვიხილოთ საარჩევნო სისტემების დიდი მრავალფეროვნება. ძირითადად დაყოფა ხდება მაჟორიტარულ, პროპორციულ და შერეულ სისტემებად, თუმცა ისინიც იყოფა იმის და მიხედვით, თუ რამდენი პროცენტი ითვლება გამსვლელად, აბსოლუტური, ფარდობითი თუ კვალიფიციური. არის ქვეყნები, სადაც საერთოდ არ არსებობს პირდაპირი არჩევნები. არჩევნები შეიძლება ტარდებოდეს ბიულეტენებით, ელექტრონულად. ფოსტითაც კი. საქართველო დღეს შერეული საარჩევნო სისტემის ერთგვარ, გარდამავალ ეტაპზეა, როცა მომავალი კონსტიტუციით ქვეყანაში ჩატარდება სრულად პროპორციული არჩევნები. ახლა კი, რაღაც უცნაური, ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეთანხმებაზე დამყარებული შერეული სისტემით ჩატარებული არჩევნებით და შემდეგ შარლ მიშელის ძალისხმევით მიღებული პარლამენტი გვყავს, რომლის სრულფასოვანი არსებობაც და მუშაობის ხარისხიც შორს არის იდეალურისგან. სისტემების მრავალფეროვნების მიუხედავად, არჩევნები ყოველთვის და ყველგან დამოკიდებულია ქვეყნის მოსახლეობის პოლიტიკური კულტურის ხარისხზე, რომელიც თავის მხრივ მჭიდრო ბმაშია სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობასთან, ტრადიციებთან და ქვეყნის სახელმწიფო მოწყობასთან. შეუძლებელია შევადაროთ არჩევნები დემოკრატიულ და ავტოკრატიულ ქვეყნებში. აქ ჩნდება სამართლიანი კითხვა, სახელმწიფოს რომელ ტიპს განეკუთვნება დღეს საქართველო ? არის თუ არა ის დემოკრატიული ქვეყანა, როგორც სურს წარმოჩენა ხელისუფლებას თუ ის ავტოკრატიული რეჟიმია, როგორც ამას ოპოზიცია ამტკიცებს?
სინამდვილეში, საქართველო არც დემოკრატიაა და არც ავტოკრატია. ის, პოსტსაბჭოური მემკვიდრეობით მიღებული მახინჯი პოლიტიკური სისტემაა, სადაც ერთ პოლიტიკურ სივრცეში თანაარსებობენ ბოლშევიკური და ულტრალიბერალური იდეები, დასავლური თანასწორობა და კლანურ-კუტოკური გაგება, ტოლერანტობა და რელიგიური ეგზალტაციით შეპყრობილი რასიზმი და ჰომოფობია. ჩვენ ახლა ვართ პოსტსაბჭოთა აჯაფსანდალი. ამღვრეული მასა, რომელიც აუცილებლად დაწდება. თხლე დაილექება და დარჩება სუფთა ყურძნის წვენი, ოღონდაც ამას დრო სჭირდება. დრო, ჩვენი მოთმინება, განათლება და შრომა. მერე ალბათ დავღვინდებით კიდეც, მაგრამ მანამდე კიდევ შორია. როგორც ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანაში, ჩვენი არჩევნებიც მიდის ადმინისტრაციული რესურსის დიქტატის თანხლებით. ცხადია ისე მძაფრად არა, როგორც აზიურ ავტოკრატიებში, მაგრამ არც ისე დემოკრატიულად, როგორც ბალტიის ქვეყნებში. ჩვენი არჩევნები ყველაზე ახლოს რუსულ მოდელთან დგას. ავხსნი რატომაც. თანამედროვე საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა პერიოდი, როცა ქვეყნის მოსახლეობის არჩევანი არ ყოფილიყოს მთლიანად ორიენტირებული ერთ, ან ორ დაპირისპირებულ ლიდერზე. არასდროს არ ყოფილა ისეთი არჩევნები, როცა მოსახლეობა ირჩევდა გონებით და არა ემოციით. თითქმის არავინ კითხულობს პოლიტიკური პარტიების პროგრამებს. არავინ ინტერესდება პოლიტიკოსების დაპირებების რეალისტურობით. მოსახლეობა მზად არის უაპელაციოდ მიიღოს საყვარელი ლიდერის ყველა განცხადება, თუნდაც ის ფანტასტიკის სფეროდან იყოს. მთავარია ის ემოცია, რომელსაც ლიდერი ასხივებს. ამავე დროს მზად არის გაგლიჯოს პოლიტიკური ოპონენტი და მისი თუნდაც კრისტალური სიმართლეც არასარწმუნოდ სცნოს. როდესაც პოლიტიკურ ჰორიზონტზე ჩნდება ასეთი ემოციური ლიდერი ადმინისტრაციული რესურსი უძლური ხდება, ხელისუფლება სწრაფად ჩამოიშლება და ქვეყანაში ახალი პოლიტიკური კლასი მოდის. ასე იყო 1990-ში, 2003-ში და 2012-ში. ასე მოხდა რუსეთშიც, გორბაჩოვის დროს, შემდეგ როცა გამოჩნდა ქარიზმატული ელცინი, ხოლო ბოლოს პუტინი, რომელიც ასევე უდავოდ არის იმ სპეციფიური ქარიზმით დაჯილდოვებული, რომელიც ასე მოსწონს რუს ერს.
და მაინც, ქართული და რუსული საარჩევნო სისტემების მსგავსება უმთავრესად ადმინისტრაციული რესურსის და სპეცსამსახურების ძალიან უხეშ და ყოველგვარ საზღვრებს გადასულ გამოყენებაშია. ოპონენტების თვალთვალი და მოსმენა, შანტაჟი, დაშინება, მოსყიდვა, კორუფცია, ცრუ დაპირებები, პირდაპირი ფიზიკური ზეწოლა და ბულინგი, ხშირად მისული სისხლის სამართლის დანაშაულამდე, კრიმინალების ჩართულობა და რაც მთავარია, ბიზნესის და ფინანსური ნაკადების სრული დამორჩილება. ყველაფერ ამას ერთნაირად ნახავთ რუსეთშიც და საქართველოშიც. სამწუხარო ის არის, რომ 30 წლის განმავლობაში თვისობრივად არაფერი შეცვლილა. იცვლება მხოლოდ ფორმა და იხვეწება მეთოდები. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რომელიც 2 ოქტომბერს ჩატარდება, თავისი მნიშვნელობით, გახლავთ უნიკალური საქართველოს უახლეს ისტორიაში. არავისთვის არის საიდუმლო, რომ ადგილობრივი არჩევნები ყოველთვის ნაკლებ ინტერესს იწვევს ამომრჩეველში, ვიდრე საპარლამენტო. მათზე დასწრებაც ბევრად ნაკლებია ვიდრე საპარლამენტო ან საპრეზიდენტო არჩევნებზე. ერთის მხრივ, მიზეზი მარტივია. ამ არჩევნებით არ იცვლება ცენტრალური ხელისუფლება. მეორეს მხრივ, ასეთი მიდგომა პირდაპირ მიუთითებს მოსახლეობის მოქალაქეობრივი შეგნების და პოლიტიკური კულტურის სიმწირეზე. ადგილობრივი არჩევნებით ხდება იმ ქალაქების თუ სოფლების მმართველობის ცვლილება, რომლებიც პირდაპირ არიან პასუხისმგებელნი ამომრჩევლის ცხოვრების და ყოფის ხარისხზე. ეს ნიშნავს, რომ ამომრჩეველი ვერ აცნობიერებს, რომ თავად არის ქვეყნის ხელისუფალი. თავად შეუძლია აირჩიოს ის, ვინც მას გაუყვანს გაზს, წყალს თუ გზას. რომელ დემოკრატიაზე შეიძლება ვისაუბროთ ასეთ ვითარებაში ? დემოკრატია, ხომ სწორედ ასეთი ადამიანების, ხალხის, დემოსის მმართველობაა ? მიუხედავად ზემოთქმულისა, მომავალი არჩევნების მნიშვნელობა დღეს განუზომლად დიდია ვიდრე წინა მსგავსი არჩევნების. დღეს ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოების წინაშე დევს საჯილდაო ქვა. ოპოზიციამ არ უნდა დააგროვებინოს ხელისუფლებას 43%. ასეთია შარლ მიშელის შეთანხმების პირობა. რამდენიც არ უნდა იძახოს ხელისუფლებამ, რომ ის გავიდა ამ შეთანხმებიდან და ის უკვე ფარატინა ქაღალდია, თუ ქართული ოცნება ვერ მოახერხებს 43%-ის აღებას, მის მიმართ შეიქმნება ისეთი პოლიტიკური წნეხი, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარედან, რომ პირადად მე, სრულიად წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ ხელისუფლებამ შეძლოს გაძლება 2024 წლამდე. ამიტომ, დღეს ეს არჩევნები გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს. მართალია, მე არ მომწონს მისი რეფერენდუმად მონათვლა, რადგან რეფერენდუმი შედეგების აუცილებელ შესრულებას ითვალისწინებს, ამას კი ქართული ოცნება პირდაპირ უარყოფს, მაგრამ ერთია რას იტყვის ხელისუფლება და მეორეა, რა პოლიტიკური ვითარება შეიქმნება ქვეყანაში.
არ უნდა დაგვავიწყდეს კიდევ ერთი სიახლე მომავალი არჩევნების შესახებ. პირველად, ასეთი არჩევნების ისტორიაში, არ იქნება დაშვებული ბლოკები და ყველა პარტიას მოუწევს საკუთარი ძალებით მონაწილეობის მიღება საარჩევნო რბოლაში. ეს კი ძალიან ურთულებს ცხოვრებას პატარა პარტიებს, რადგან საიდუმლო არ არის, რომ მათი რესურსები, როგორც ადამიანური, ასევე ფინანსური, განუზომლად მცირეა სახელისუფლებო პარტიასთან შედარებით. და მაინც, ასეთ პარტიებს შეუძლიათ საკუთარი ამომრჩევლის მობილიზება და საერთო ოპოზიციურ ყულაბაში თავისი წვლილის შეტანა. სწორედ ამიტომ, მათი საარჩევნო ფასეულობა დღეს განსაკუთრებით დიდია. დასკვნის სახით კი ვიტყოდი, მინდა ოდესმე საქართველოში ვნახო ისეთი ადგილობრივი არჩევნები, რომელშიც პარტიების პოლიტიკურ პოზიციაზე მაღლა იდგება იმ ადამიანების პროფესიონალიზმი და ენთუზიაზმი, რომლებსაც ხალხი აირჩევს. აირჩევს თავისთვის, თავისი გემოვნების და მოთხოვნების მიხედვით და არა რომელიღაც ერთი, თუნდაც სუპერქარიზმატული ლიდერის ხათრით.