კალაძე – კოალიციურ მთავრობაზე: "სალომე ზურაბიშვილის გადასაწყვეტი არ არის, არც ჩემი გადასაწყვეტია"
28/09/2021 10:41:35 პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის განცხადებით, არც პრეზიდენტისა და არც მისი გადასაწყვეტი არაა, როგორი მთავრობა ეყოლება საქართველოს.
„სალომე ზურაბიშვილის გადასაწყვეტი არ არის, არც ჩემი გადასაწყვეტია, ეს უნდა გადაწყვიტოს ქართველმა ხალხმა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ამავე საკითხის კომენტირებისას უმრავლესობის წარმომადგენელმა, დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რომ ერთპარტიული მმართველობის დასრულება ქართველი ხალხის გადასაწყვეტია საპარლამენტო არჩევნებზე:
„მონა აღარ არის პრეზიდენტი, თქვენი ტელევიზიები ამ პრეზიდენტს ეძახდნენ „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის მონას, აღმოჩნდა, რომ თურმე ჩვენ მონებს კი არ ვუჭერთ მხარს, ჩვენ რეალურ პოლიტიკოსებს ვუჭერთ, ეს ერთი. მეორე - ერთპარტიული მმართველობა დასრულდება მხოლოდ ქართველი ხალხის გადაწყვეტილებით, ეს გადაწყვეტილება იქნება საპარლამენტო არჩევნებზე მიღებული“.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ფრანგულ გამოცემა „კვირის ჟურნალთან“ (JDD) ინტერვიუში კოალიციური მთავრობის შექმნის აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას.


