
ყოფილი გამგებელი მოსახლეობის მიერ მიწის გადასახადის სახით გადახდილ თანხებს სისტემატიურად ითვისებდა
28/09/2021 11:11:10 კონფლიქტები
ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის ერთ-ერთ უმსხვილეს სოფელში გამგებელი მივიდა დასკვნამდე, რომ სამართლიანი იქნებოდა, მოსახლეობის მიერ მიწის გადასახადის სახით გადახდილი თანხები ასე განაწილებულიყო: 2/3 – “სახელმწიფო” ბიუჯეტს, 1/3 – მას. თუმცა დე ფაქტო პროკურატურამ სხვაგვარად ჩათვალა და სოფელ პირველი ოტობაიას “ადმინისტრაციის” ექს-ხელმძღვანელ ბესლან თურქიას წინააღმდეგ “სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვისი ქონების მითვისების” ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
საუბარია 01.09.2020 წ.-დან 31.12.2020 წ.-მდე პერიოდზე, რომლის განმავლობაშიც თურქია, გამოძიების ვერსიით, სისტემატიურად სჩადიოდა აღნიშნულ დანაშაულს.
ხსენებულ პერიოდში მოსახლეობის მიერ მიწის გადასახადის სახით გადახდილი თანხიდან რაიონის საბიუჯეტო ანგარიშზე სულ 1 163 203 რუბლი შევიდა, 660 147 რუბლი კი იმჟამინდელი გამგებლის – თურქიას ჯიბეში “დაილექა”.
თურქიას 6-დან 12 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება ქონების კონფისკაციით.
ამასთან, ირკვევა, რომ ყოფილი გამგებელი მარტო არ მოქმედებდა - მას ჰყავდა თანამზრახველებიც, კერძოდ – მოადგილე ჯამბულ გამისონია და ბრიგადირი რამაზ გიდელია, რომელთა წინააღმდეგ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ჩადენილი თაღლითობის მუხლით სისხლის სამართლის ცალკე საქმეა აღძრული. ამ შემთხვევაში საუბარია 19.02.2020 წ.-დან 07.07.2020 წ.-მდე პერიოდზე, რომლის განმავლობაშიც ისინი შესაბამის საბუთებს აყალბებდნენ.
ცნობისთვის: პირველი ოტობაია გალის რაიონის ქვედა ზონის უმსხვილესი სოფელია. აქ 700 კომლი (დაახლოებით 2400 მცხოვრები) სახლობს.