
“მართლმადიდებელი აფხაზეთი მოსკოვს უნდა დაექვემდებაროს” – რუსეთის საპატრიარქოს “რუპორად” ცნობილი მიხეილ ტიურენკოვი
28/09/2021 12:14:23 კონფლიქტები
ბოლო დღეებში ოკუპირებულ აფხაზეთს რუსეთის საპატრიარქოსთან აფილირებულ ტელეარხ “Царьградъ”-ის იდეოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი, მოსკოვის საპატრიარქოს “რუპორად” ცნობილი მიხეილ ტიურენკოვი სტუმრობდა.
ამ ნაკლებად გახმაურებული ვიზიტის ხილულ მიზანს იმ იდეის ლობირება წარმოადგენდა, რომ “მართლმადიდებელი აფხაზეთი მოსკოვის საპატრიარქოს ნაწილად უნდა იქცეს” (“Православная Абхазия должна стать частью Московского Патриархата”).
“1992-93 წ.წ. ქართულ-აფხაზური ომი ერთ-ერთი ყველაზე საშინელი და სისხლისმღვრელი იყო პოსტსაბჭოთა სამოქალაქო ომებს შორის. რა თქმა უნდა, დანაშაულებს ორივე მხრიდან ჰქონდა ადგილი. მაგრამ სსრკ-დან გამოსვლის არმსურველ, ცუდად შეიარაღებულ აფხაზებს, ისევე, როგორც მათ დასახმარებლად მისულ ასობით მოხალისეს რუსეთიდან (არა მარტო ჩეჩნებს, ყაბარდოელებსა და ჩერქეზებს, არამედ ბევრ რუს მართლმადიდებელს, კაზაკების ჩათვლით) უპირისპირდებოდა მოღალატე და უზურპატორი შევარდნაძის არალეგიტიმური სახელმწიფო საბჭოს რეგულარული არმია და ცნობილ “კანონიერ ქურდ” ჯაბა იოსელიანის “მხდრიონის” ტიპის დაუფარავად ბანდიტური ფორმირებები. ელცინის რეჟიმმა კი ფაქტობრივად, მხარი დაუჭირა ქართველ სეპარატისტებს. და მიუხედავად ამისა, აფხაზებმა შემოტევას გაუძლეს და გაიმარჯვეს. მაგრამ ყველაზე საშინელი იმ ძმათამკვლელ მოვლენებში ის იყო, რომ 1992 წელს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სრულად დადგა იმ სამოქალაქო ომის მონაწილე ერთ-ერთი მხარის გვერდში: იგი ხელს აფარებდა სამხედრო დანაშაულებს (1992 წლის 14 აგვისტოს სოხუმის სანაპიროზე ტურისტების ვერტმფრენებიდან დაცხრილვის ჩათვლით)” – აცხადებდა სოხუმში ყოფნისას ტიურენკოვი.
ამასთან, იგი ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ “ქართულ ეკლესიას ისედაც არ აქვს კანონიკური უფლება აფხაზურ ტერიტორიაზე (ამას, სხვათა შორის, მოსკოვის პატრიარქი ტიხონიც აღიარებდა), რომელიც 1943 წელს რუსული ეკლესიისგან მხოლოდ და მხოლოდ სტალინის ნებით ერგო, ხოლო 1992-93 წ.წ. დანაშაულებისა და 1993 წელს აფხაზეთის ტერიტორიიდან გაქცევის შემდეგ მან აფხაზეთზე მორალური უფლებაც დაკარგა”.
“ძალზე სამწუხაროა, რომ მოსკოვის საპატრიარქოს ამ დრომდე არ ეყო გამბედაობა, აფხაზეთს თავის კალთა გადააფაროს. შედეგად უკვე თითქმის 30 წელია, აფხაზეთი გაურკვეველ კანონიკურ სტატუსშია და ეს საკითხი გადაჭრას მოითხოვს, - თუნდაც ცალმხრივად (რუსული ეკლესიის მიერ). ხოლო ის, რომ საპასუხოდ ქართულ ეკლესიას შეუძლია, უკრაინის ფსევდომართლმადიდებელი ცრუ-ეკლესია აღიაროს, მხოლოდ თავად საქართველოს საპატრიარქოს ავნებს” – აცხადებდა ტიურენკოვი.
ვინაიდან მისი ვიზიტი აფხაზეთში ბევრისთვის ფაქტობრივად შეუმჩნეველი დარჩა, რუსეთის საპატრიარქოს “რუპორი” სოხუმის დატოვების შემდეგ ამ იდეების ფრქვევას სოცქსელებში აგრძელებს და დიდი გულმოდგინებით ვრცლად პასუხობს კომენტატორთა კითხვებს: