Accentnews.ge
"ოცნებისა" და ოპოზიციის წარმომადგენლების რეაქცია კოალიციური მთავრობის შესახებ პრეზიდენტის განცხადებაზე

"ოცნებისა" და ოპოზიციის წარმომადგენლების რეაქცია კოალიციური მთავრობის შესახებ პრეზიდენტის განცხადებაზე

28/09/2021 12:50:04 პოლიტიკა

"ქართული ოცნების" წევრები კოალიციური მთავრობის შესახებ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმიანებიან და აცხადებენ, რომ პრეზიდენტის გადასაწყვეტი არაა, როგორი მთავრობა ეყოლება საქართველოს.

"სალომე ზურაბიშვილის გადასაწყვეტი არ არის, არც ჩემი გადასაწყვეტია, ეს უნდა გადაწყვიტოს ქართველმა ხალხმა“, - განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ.

როგორც მმართველ პარტიაში აღნიშნავენ, "კოალიციის შექმნა უტოპიურად ჟღერს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და გიორგი გახარიასთან, რომელიც ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილად იქცა".

"პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს კითხვას დავუსვამ, "რომელი პარტიების კოალიციური მთავრობა წარმოუდგენია უახლოეს პერიოდში, რომელმაც შეიძლება, საქართველისთვის სტაბილურობა განაპირობოს?" [...] კარგი იქნებოდა, სალომე ზურაბიშვილს დაესახელებინა, თანამშრომლობა პერსპექტივაში რომელ პარტიასთან იქნებოდა კარგი. არსებულ პოლიტიკურ ცხოვრებაში „ქართული ოცნების“ არსებობა საკმაოდ მნიშვნელოვანია და მომავალშიც ასე გაგრძელდება, თუნდაც, პარტიამ ის უპირატესობა ვერ აიღოს, რომელიც 50%-ს საჭიროებს. საქართველოში არსებულ სიტუაციაში თანამშრომლობის პერსპექტივას ვერ ვხედავ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და მის სატელიტ პოლიტიკურ ორგანიზაციებთან. კოალიციური მთავრობა სტაბილურობის მეტი გარანტიაა გერმანიისთვის, ავსტრიისთვის, ისრაელისთვის, თუმცა საქართველოში არსებული ვითარება აჩვენებს, რომ კოალიციურ მთავრობას პერსპექტივა არ აქვს. როდესაც სალომე ზურაბიშვილის კანდუდატურას მხარი დავუჭირეთ ვიცოდით, რომ მას გარკვეულ პრინციპულ საკითხებზე შეიძლება სხვა მოსაზრებები ჰქონოდა და ამ თვალსაზრისით ასეთი პრეზიდენტის ხიბლი მეტია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენს გუნდს მისგან განსხახვეული პოზიცია არ უნდა გვქონდეს და თუნდაც აღნიშნული საკითხი სადაო იყოს“, – განაცხადა დეპუტატმა გია ვოლსკიმ.

ამავე საკითხის კომენტირებისას საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, რომ ერთპარტიული მმართველობის დასრულება ქართველი ხალხის გადასაწყვეტია საპარლამენტო არჩევნებზე:

„მონა აღარ არის პრეზიდენტი, თქვენი ტელევიზიები ამ პრეზიდენტს ეძახდნენ „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის მონას, აღმოჩნდა, რომ თურმე ჩვენ მონებს კი არ ვუჭერთ მხარს, ჩვენ რეალურ პოლიტიკოსებს ვუჭერთ, ეს ერთი. მეორე - ერთპარტიული მმართველობა დასრულდება მხოლოდ ქართველი ხალხის გადაწყვეტილებით, ეს გადაწყვეტილება იქნება საპარლამენტო არჩევნებზე მიღებული“.

რაც შეეხება ოპოზიციას, "ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის გიგა ბოკერიას შეფასებით, სწორია პრეზიდენტ ზურაბიშვილის განცხადება, რომ კოალიციური მთავრობა აუცილებელია:

„ეს ნიშნავს იმას, რომ გაჩერებული საათი დღეში ორჯერ სწორ დროს აჩვენებს. ამ შემთხვევაში, სწორია, ქვეყანას სჭირდება. რეალობის გამომხატველი ამბავია, ჩვენს საზოგადოებას ეს მოლოდინი აქვს. ამას სირთულეები ყოველთვის ახლავს, იმიტომ, რომ კოალიციური მმართველობის ტრადიცია ჩვენ არ გვაქვს, მაგრამ ოპოზიციამ წინა არჩევნებისგან განსხვავებით, ამ არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში, კრიტიკულმა მასამ აჩვენა, რომ განსხვავებულ პოლიტიკურ ძალებს გონივრულ კომპრომისებზე წასვლა შეუძლიათ".

„რესპუბლკური პარტიის“ თავმჯდომარის ხათუნა სამნიძის განცხადებით, ქვეყანას სჭირდება კოალიციური მმართველობა და შეთანხმება აუცილებელია:

"აბსოლუტურად ვეთანხმები პრეზიდენტს. როგორც ჩანს, მისი პრეზიდენტობის პერიოდში თვითონაც შეეჯახა იმას, თუ რამხელა პრობლემაა, როცა ქვეყანაში არ არის შეთანხმებასა და დიალოგზე დაფუძნებული მმართველობა, არამედ არის სიძულვილზე, ზიზღზე და ერთი ადამიანის გადაწყვეტილებით მართული პოლიტიკური პროცესი. რა თქმა უნდა, ქვეყანას სჭირდება კოალიციური ხელმძღვანელობა და მმართველობა, შეთანხმება არის აუცილებლობა და მე მას ვეთანხმები ამ განცხადებაში“.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ფრანგულ გამოცემა „კვირის ჟურნალთან“ (JDD) ინტერვიუში კოალიციური მთავრობის შექმნის აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S