თბილისი "ექვსთა პლატფორმის" ალტერნატივის შექმნას ცდილობს?

28-09-2021 17:48:55 კავკასია ,საგარეო პოლიტიკა ,ინტერვიუ

მართალია, ქართული საზოგადოების აქტიური ნაწილის ყურადღება ამჟამად მოახლოებულ არჩევნებზეა ფოკუსირებული, რომელიც სამწუხაროდ, სიმშვიდის შემომტანი ვერ იქნება და ამის პროგნოზირება იმ გარემოების გათვალიწინებითაცაა შესაძლებელი, რომ 2 ოქტომბრის კენჭისყრის მნიშვნელობა დაპირისპირებული პოლიტიკური ჯგუფებისა და მათი მხარდამჭერების მხრიდან სხვადასხვაგვარადაა დანახული. თუმცა ყურადღებას ასევე იმსახურებს უშუალოდ ჩვენს რეგიონში მიმდინარე პროცესებიც: რჩება განცდა, რომ საქართველო, რომელიც, მათ შორის, სამეზობლოს პრობლემებისგან მუდმივად დისტანცირებას ცდილობდა, ამჟამად რეგიონის მასშტაბით გარკვეული როლის მორგებას ცდილობს დასავლეთთან გართულებული ურთიერთობების ფონზე:

  • საქართველო აშშ–სთან ერთად ჩართული იყო სომეხ ტყვეთა გათავისუფლების პროცესში და ეს როლი ცალსახად პოზიტიურად შეფასდა, მათ შორის, ადგილობრივ დონეზე;
  • საქართველოში სომხეთის პრემიერ–მინისტრის ვიზიტის შემდეგ თურქეთის პრეზიდენტმა მიანიშნა საქართველოს მიერ ერევანსა და ანკარას შორის შუამავლობის მცდელობაზე;
  • როგორც საქართველოს პრემიერის პრეს–სამსახურის მიერ გავრცელებული რელიზიდან ვიგებთ, გაერო–ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ერდოღანთან გამართულ შეხვედრაზე ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ „საქართველო მზადაა, შეასრულოს საკუთარი სამშვიდობო ფუნქცია კავკასიის რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობისთვის“;
  • გაერო-ს 76-ესესიაზე ღარიბაშვილი კავკასიაში „სამეზობლოს მშვიდობიანი ინიციატივით“ წარსდგა;
  • დაანონსდა ღარიბაშვილის ვიზიტი აზერბაიჯანში.

ვინ როგორ აღიქვა ინიციატივა, მხარეების დუმილის ფონზე დაბეჯითებით რთული სათქმელია, კონფლიქტოლოგი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი კი მიიჩნევს, რომ მსგავსი აქტივობა მისასალმებელია, თუ ის ფორმალურ ხასიათს არ ატარებს და არ ემსახურება სხვა ამოცანას. მაგალითად, წინასაარჩევნო კონტექსტს, ან თავის რეგიონული მასშტაბის მოთამაშედ წარმოჩენის მცდელობას.

მსგავსი ეჭვის საფუძველს კონფლიქტოლოგს რამდენიმე გარემოება აძლევს, მათ შორის:

  • არა ყარაბაღის მეორე ომის მიმდინარეობისას, არამედ კონფლიქტიდან ერთი წლის თავზე დაწყებული აქტიურობა და ინიციატივისთვის მოუმზადებელი ნიადაგი;
  • ბრიუსელის, სომხეთის, აზერბაიჯანის დუმილი;
  • კრემლის ინტერესები და ამ ინტერესების გავლენა ერევანზე, სომხეთში ანტირუსული განწყობების ზრდის მიუხედავად.

გარდა ამისა, კონფლიქტოლოგი „აქცენტთან“ იხსენებს რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებას ნიკოლ ფაშინიანის მასთან ირაკლი ღარიბაშვილის მეშვეობით დაკავშირების მცდელობაზე:

„ერდოღანმა საკმაოდ ხისტად უპასუხა ფაშინიანის მცდელობას, ახსენა რა რიგი პირობები. მას შეეძლო, არ ეხსენებინა საქართველო, მაგრამ მოხდა შემდეგი: როდესაც ფაშინიანი და ღარიბაშვილი იმყოფებოდნენ ბათუმში, როგორც ჩანს,შეხვდნენ გავლენიან თურქ ბიზნესმენს, რომელმაც მხარდაჭერა აღუთქვა ფაშინიანს, დახმარებოდა ერდოღანზე„გასვლაზე“ და უცებ ერდოღანმა ეს ყველაფერი ძალიან უხეში ფორმით გამოააშკარავა. მას საქართველოს ხსენება არაფერში სჭირდებოდა, მაგრამ რაკი ახსენა, გარკვეულწილად საქართველოც დასაჯა, უსაყვედურა. აშკარად ჩანდა, რომ ეს ყველაფერი მოუმზადებელი იყო. საინტერესოა, იყო თუ არა პროცესში ჩართული მაგალითად, საქართველოში თურქეთის საელჩო? იცოდნენ მათ, რომ თურქ ბიზნესმენთან ხდებოდა მსგავსი გარიგება? ვფიქრობ, ერდოღანი არ იყო დარწმუნებული, რომ კონკრეტული ბიზნესმენი მაგალითად, რუსეთში არ გაიტანდა ინფორმაციას,შემდეგ კრემლისგან თავად არ მიიღებდა საყვედურს და ამ ფონზეც ჩათვალა საჭიროდ გამოაშკარავება რაღაც „შეთქმულების მსგავსის. მსგავსი „შემოლაწუნება“ თურქეთისგან 30 წლის განმავლობაში არ მიგვიღია“.

„აშკარად ჩანს, რომ ღარიბაშვილი 3+3 ფორმატის ალტერნატივის შექმნას იწყებს“

ინფორმაციისთვის: გასული წლის დეკემბერში თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ სამხრეთ კავკასიაში შესაძლებელია "ექვსთა პლატფორმის" (თურქეთი, რუსეთი, ირანი, აზერბაიჯანი, საქართველ, სომხეთი) ჩამოყალიბება რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განსავითარებლად. ინიციატივას მაშინვე დაუჭირა მხარი აზერბაიჯანის ლიდერმა. თბილისში კი აცხადებენ, რომ საქართველო რუსეთთან ერთობლივ ვერავითარ ფორმატში ვერ ჩაებმება, სანამ რუსეთს ქვეყნის ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული. კონფლიქტოლოგთა ნაწილი ფორმატს „მკვდრადშობილს“ უწოდებს პოტენციურ მონაწლეთა აბსოლუტურად განსხვავებული ინტერესების გამო.

კონფლიქტოლოგს უცნაურად ეჩვენება, რომ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ინიციატივა გაერო–ში გააჟღერა და არა ბაქოსა და ერევანში.

„აშკარად ჩანს, რომ ღარიბაშვილი 3+3 ფორმატის ალტერნატივის შექმნას იწყებს, მაგრამ ამას გაერო–დან აკეთებს. ინიციატივის მისაღებად მზად იყვნენ ბაქო და ერევანი?“,– კითხულობს კონფლიქტოლოგი და თავადვე პასუხობს,“მზად რომ ყოფილიყვნენ, თავად განაცხადებდნენ გაერო–ში“.

ზაქარეიშვილის აზრით, „ბრწყინვალე იქნებოდა, ღარიბაშვილს, ალიევს და ფაშინიანს ერთად განეცხადებინათ ამ ფორმატის შესახებ, მაგრამ ინიციატივა მხოლოდ საქართველომ წარმოადგინა, ბაქო და ერევანი კი დუმან“.

„აშკარად ჩანს, რომ ეს მხოლოდ ინიციატივაა, რომელსაც საერთო არაფერი აქვს შეთანხმებულ ვარიანტთან. ამდენად, ეს ფორმალური პოლიტიკაა და არა რეალური, კარგად გააზრებული სტრატეგიის ნაწილი. შესაბამისად, სამწუხაროდ, არ ველოდები, რომ საქართველო გარკვეულ როლს შეასრულებს კავკასიაში, მიუხედავად იმისა, რომ მას ძალიან კარგი რესურსები გააჩნია, როგორც ფენომენს“,– ასკვნის კონფლიქტოლოგი.

რაც შეეხება "ექვსთაპლატფორმას", ზაქარეიშვილის აზრით, ფორმატი არც თურქეთის ინტერესებში შედის, უფრო „რევერანსია“ რუსეთის მიმართ, ამდენად „3+3“–სადმი საქართველოს მიუღებლობა ანკარას „ხელს უხსნის“:

„უნდა გვსმოდეს, რომ თურქეთი რუსეთის არა მეგობარი, არამედ სიტუაციური პარტნიორია. მას დამოუკიდებელი პოლიტიკა აქვს კავკასიაში, მაგრამ არ აღიზიანებს რუსეთს, ისევე, როგორც აზერბაიჯანი. საკმაოდ საინტერესოდ არეული სიტუაციაა კავკასიაში, მაგრამ საქართველომ საკმაოდ გვიან მოინდომა პროცესში ჩართვა: ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი კონფლიქტის შემდეგ 3–4–ჯერ უნდა იყოს ნამყოფი ერევანში, ბაქოში, ანკარაში, ბრიუსელში;ქვეყანას უნდა შეემუშავებინა თავისი პოლიტიკა. ამასობაში კი მინსკის ჯგუფიც გვერდზე „გავიდა“ – ვერ „თამაშოს“ ისე, როგორც მას სურს. აშკარაა, რომ მოსკოვი გარკვეულ პოზიციებს კრავს, თავის საქმეს აკეთებს სომხეთთან და აზერბაიჯანთან, ცალკე თურქეთი მოქმედებს ისე, რომ მას ბოლომდე არ უშლის ხელს: ატარებს სამხედრო წვრთნებს აზერბაიჯანთან, პაკისტანთან ყალიბდება გარკვეული ალიანსი, რაც რუსეთს არ უნდა მოსწონდეს, მაგრამ დუმს, დუმს ანკარაც, ამ ფონზე საქართველო ფეხბურთის მოედანზე შეიჭრა სულელი ბიჭივით, რომელმაც ფეხბურთის თამაში არ იცის, ერდოღანმა კი საკმაოდ მკაცრად გააფრთხილა ორი პატარა სახელმწიფო (სომხეთი და საქართველო) და თავი დაიცვა რუსეთისგან“.

ამდენად, კონფლიქტოლოგის აზრით, საქართველოს პრემიერის ინიციატივას საფუძვლად შესაძლოა, ორი მიზეზი ედოს:

  • წინასაარჩევნო კამპანიის კონტექსტში სპიკერები ქმნიან წარმატების განცდას;
  • არის საპასუხო რეაქცია დასავლეთის მიმართულებით: არ ვართ „ჩასაჩოჩებიო“.

„მით უფრო, რომ დასავლეთის მხარდაჭერის გარეშე საქართველო მხოლოდ ინიციატივებისგამჟღერებელი იქნება, თუმცა ბრიუსელიც დუმს. ბრიუსელთან საქართველოს პრობლემები აქვს და წინ არჩევნებია“,– დასძენს კონფლიქტოლოგი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები