ერდოღანი: "საქართველოს პრემიერმა გადმომცა ნიკოლ ფაშინიანის თხოვნა, რომ მას ჩემთან შეხვედრა სურს"

20-09-2021 11:03:32 კავკასია

"საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გადმომცა ნიკოლ ფაშინიანის თხოვნა, რომ მას ჩემთან შეხვედრა სურს" - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა გაერო–ს 76-ე გენერალურ ასამბლეაზე გამგზავრებამდე ჟურნალისტებთან განაცხადა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, ის სომხეთთან მოლაპარაკებების წინააღმდეგი არ არის, თუმცა ამისთვის ფაშინიანისგან ჯერ კონკრეტულ ნაბიჯებს ელოდება.

"ყარაბაღის უსაფრთხოების დერეფნის გახსნა-არ გახსნა პოლიტიკური საკითხია. თუ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან გსურს საუბარი, გარკვეული ნაბიჯები უნდა გადადგა. ჩვენ არ ვართ მოლაპარაკებების წინააღმდეგნი. ამისათვის საჭიროა მათი მხრიდან დავინახოთ პოზიტიური მიდგომა, რომლის საფუძველზეც გადადგამენ შესაბამის ნაბიჯებს. თუ ფაშინიანის დიალოგთან დაკავშირებული თხოვნა, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის საშუალებით მომაწოდა, ნამდვილად გულწრფელია, მაშინ მეც მზად ვარ, იგივე განწყობით ვუპასუხო და აქ უკვე ჩაერთვება დიპლომატია. ვიმედოვნებ, ადგილი ექნება პოზიტიურ და არა უარყოფით მიდგომებს," - განაცხადა ერდოღანმა.

შეგახსენებთ, რომ სომხეთის პრემიერ–მინისტრი საქართველოს 8 სექტემბერს სტუმრობდა. ოფიციალური ცნობებით, საუბარი მათ შორის რეგიონულ საკითხებსაც შეეხო.

საქართველოში გამომგზავრებამდე ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი მზადაა თურქეთთან სასაუბროდ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები