“თალიბანი”, ოპიუმის ნაცვლად - “ამარანტი”, საქონლის ნაცვლად – ქათამი და სხვა: ბიბილოვის გარემოცვის ახალ წევრთა უცნაური ისტორიები

29-09-2021 18:30:24 კონფლიქტები

სოცქსელების ოსურ სეგმენტში ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ლიდერ ანატოლი ბიბილოვის გარემოცვის ძალზე უცნაური ახალი წევრების ირგვლივ ერთი სკანდალი მეორეს მოსდევს.

ინტერნეტ-მომხმარებლების ყურადღების ცენტრში ამჯერად რუსი მეწარმე დიმიტრი ატროშჩენკო მოექცა: ცოტა ხნის წინ ბიბილოვის მრჩევლად დანიშნულ, გაუგებარია, საიდან “აღმოცენებულ” ამ პერსონას ტელეგრამ-არხმა “БОНВӔРНОН” კრიმინალური წარსული აღმოუჩინა. ვითარებას პიკანტურობა შეჰმატა იმ ფაქტმა, რომ ატროშჩენკო ბიბილოვს ამ დღეებში აფხაზეთში ახლდა - “დამოუკიდებლობის დღისადმი” მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებზე გამგზავრებული დელეგაციის შემადგენლობაში.

აი, რას წერს “პრეზიდენტის” ამ ახალ “მრჩეველზე” ტელეგრამ-არხი “БОНВӔРНОН”: «2017 წლის 17 ოქტომბერს ბ-ნი ატროშჩენკო განსაკუთრებით მასშტაბური თაღლითობის მუხლით აღძრული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში იყო დაკავებული, რომელიც რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და “როსგვარდიის” საკვებით უზრუნველყოფის პროცესში 220 მლნ რუბლის ოდენობის საბიუჯეტო თანხის მიტაცებას ეხებოდა. ატროშჩენკო და მისი კომპანია საქონლის ხორცს ქათმის იაფი ხორცით ცვლიდნენ. აღნიშნულმა პირმა საპატირო დაწესებულებაში 7 თვე გაატარა, ხოლო შემდეგ შინა პატიმრობის რეჟიმზე გადაიყვანეს. კიდევ მოგვიანებით სასამართლომ ატროშჩენკოს სააპელაციო სარჩელი დაუკმაყოფილა და გაათავისუფლა იმ მოტივით, რომ მისი დანაშაული სამეწარმეოთა კატეგორიას განეკუთვნებოდა, ხოლო მიმალვის ან გამოძიებაზე ზეწოლის განზრახვა ატროშჩენკოს არ უდასტურდებოდა. საბოლოოდ მან გამოძიებასთან გარიგება გააფორმა და კომპანიონების წინააღმდეგ ჩვენება მისცა».

ეს კრიმინალური ისტორია თავის დროზე რუსულ მედიაში გაშუქდა, შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში კი ატროშჩენკოს შესახებ აღარაფერი ისმოდა, სანამ ორიოდ დღის წინ იგი ბიბილოვის თანმხლებ დელეგაციაში არ გამოჩნდა აფხაზეთში, რომელთანაც, “БОНВӔРНОН”-ის ვარაუდით, ატროშჩენკოს გარკვეული პირადი ინტერესები აკავშირებს.

ამას წინ უძღოდა ბიბილოვის გარემოცვის საიდუმლოებით მოცული კიდევ ერთი ახალი წევრის – ალექსეი მაქსიმოვის ირგვლივ აგორებული სკანდალი: ეს უცნაური, ასევე არავინ იცის, საიდან “აღმოცენებული” პერსონა ამასწინათ, ყველასთვის მოულოდნელად, ავღანეთში მატერიალიზდა, სადაც “სამხრეთ ოსეთის” სახელით თალიბების ხელისუფლების წარმომადგენლებთან მართავდა მოლაპარაკებებს “ორი ქვეყნისათვის აქტუალურ, ასევე რეგიონული უსაფრთხოებისა და ავღანეთში არსებული მდგომარეობის საკითხებზე”.

მხოლოდ ამ მოლაპარაკებების შემდეგ დაიწყო ცხინვალის რეგიონში იმის რკვევა, ვინაა საერთოდ ეს მაქსიმოვი, საიდან გაჩნდა იგი ცხინვალში და ვინ მიანიჭა უფლბამოსილება, ტერორისტული ორგანიზაციის წარმომადგენლებთან “სამხრეთ ოსეთის” სახელით ესაუბრა. რიგ სოცქსელებსა და მედიაში გაჩნდა ინფორმაცია მაქსიმოვის ბიოგრაფიაში “საეჭვო ფაქტების” არსებობის თაობაზე, კერძოდ, იმის შესახებ, რომ მას სავარაუდოდ, არარსებული საბრძოლო დამსახურებები და სამხედრო ჯილდოები ჰქონდეს მითვისებული.

დე ფაქტო ხელისუფლების დუმილისა და შესაბამისად, ოფიციალური ინფორმაციის არარსებობის ფონზე წარმოიშვა არაერთი კონსპიროლოგიური ვერსიაც, მათ შორის – იმის შესახებ, რომ მაქსიმოვი “მტრის მიერაა მიგზავნილი რესპუბლიკის იმიჯის დისკრედიტაციის მიზნით” და შესაძლოა, სულაც “საქართველოს ფარული აგენტი იყოს”.

თუმცა საბოლოოდ დადგინდა, რომ საქართველო არაფერი შუაშია: ალექსეი მაქსიმოვი ცოტა ხნის წინ – აგვისტო-სექტემბრის პერიოდში ცხინვალში მოსკოვიდან იყო "მიწვეული" და “რუსეთში სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საგარეო დაზვერვის სამსახურის წარმომადგენლად” დაინიშნა.

რაც შეეხება თალიბებთან მის მოლაპარაკებებს, რიგმა ექსპერტებმა გამოთქვეს ვარაუდი, რომ ეს ვიზიტი შესაძლოა, რეალურად, მაქსიმოვის “ვიწრო მერკანტილურ მიზნებსაც” უკავშირდებოდეს. აი, რას ემყარება ეს მოსაზრება: 2014 წლიდან ავღანეთში საპილოტე პროექტ «ამარანტის» რეალიზება დაიწყო, რომელიც ოპიუმის ყაყაჩოს არატრადიციული სასოფლო-სამეურნეო კულტურით – ამარანტით ექსპერიმენტულ ჩანაცვლებას ისახავდა მიზნად. პროექტს ფონდი “ЕВРАЗИС”-ი, რუსეთის ტიმირიაზევის სახელობის სოფლის მეურნეობის აკადემია და რუსეთის “ინფორმატიზაციის საერთაშორისო აკადემია” ახორციელებდნენ, რომლის აქტიური წევრიც გახლდათ ჩვენი ბატონი მაქსიმოვი. ამასთან, როგორც ირკვევა, ამ ორგანიზაციას თავად რუსეთში სისტემატიურად ადანაშაულებდნენ «ფსევდომეცნიერების გავრცელებასა» და “დიპლომებითა და სამეცნიერო წოდებებით ვაჭრობაში”, ზოგიერთები კი “დესტრუქციულ ტოტალიტარულ სექტებსაც” კი მიაკუთვნებდნენ. ჩანაფიქრის თანახმად, ავღანეთში ამ პროექტის რეალიზებაში ოს აგრონომებსაც უნდა მიეღოთ მონაწილეობა, თუმცა თავად ცხინვალის რეგიონში დღემდე არაფერი სმენიათ ადგილობრივ აგრონომებზე, რომლებიც ავღანელებს ოპიუმის მოყვანაზე უარის თქმაში ეხმარებოდნენ.

ბიბილოვი და მისი რეჟიმი როგორც მაქსიმოვის, ისე ატროშჩენკოს ირგვლივ აგორებულ სკანდალთან დაკავშირებით კვლავინდებურად პარტიზანულ დუმილს ინარჩუნებენ, ოსური საზოგადოება კი – მღელვარებას, თვლის რა, რომ მსგავსი ისტორიები “სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას სახელს უტეხს”.

როგორც ოსი ოპოზიციონერი დეპუტატი დავით სანაკოევი აღნიშნავს, «ამ ადამიანების მიმართ კანონმორჩილების კუთხით კითხვები არსებობს თავად რუსეთშიც, ახლა კი ისინი ჩრდილს აყენებენ სამხრეთ ოსეთს, საიდანაც ბოლო დროს მხოლოდ ნეგატიური ინფორმაცია გადის რაღაც კრიმინალური ელფერით”.

“საკადრო პოლიტიკა სამხრეთ ოსეთში ყოველთვის დახურული იყო. ამასთან, ყოველი ახალი პრეზიდენტი პირობას დებდა, რომ რესპუბლიკას უხელმძღვანელებდნენ ადამიანები, რომლებიც მას თავის დროზე იცავდნენ და ადგილობრივები იყვნენ, ხოლო თუ რომელიმე სფეროში სპეციალისტი არ აღმოგვაჩნდებოდა, მას რუსეთიდან მოვიწვევდით. ამას დაგვპირდა პრეზიდენტად მოსვლისას ანატოლი ბიბილოვიც. მაგრამ რა? ჩვენი საზოგადოება უკვე დაიღალა კრიმინალური სკანდალების გაუთავებელი წყებით, რომლის ცენტრშიც ყოველთვის რესპუბლიკის უმაღლესი ხელმძღვანელობაა. ინალ ჯაბიევის მკვლელობა; სიგარეტის კონტრაბანდის იმ მასშტაბებამდე გაზრდა, რომ ამან რუსულ საბაჟოსთან ურთიერთობების დაძაბვა გამოიწვია და ამის გამო რიგითი მოქალაქეები იჩაგრებიან; შანტაჟი, მუქარა, ხელჩართული ჩხუბის სცენები, ეთიკის თუნდაც ელემენტარული ნორმების გამუდმებული ხელყოფა, – ეს ყველაფერი ჩვენი რესპუბლიკის მმართველობის ხელწერად იქცა. და ეს აბსოლუტურად არ აკმაყოფილებს ჩვენს საზოგადოებას. თუმცა ხელისუფლება საზოგადოებრივ მოთხოვნას იგნორირებას უწევს და უნდა ვაღიაროთ, რომ ეს ჯერ-ჯერობით კარგად გამოსდის” – დასძენს დე ფაქტო დეპუტატი.