
"არსებობს რეალური საფრთხე, შესაძლოა, ნიკა გვარამიასთან ერთად მკვლელობის სამიზნე სხვა ჟურნალისტიც იყოს"
30/09/2021 10:53:13 სამართალი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას გარდა, შესაძლოა, მკვლელობის სამიზნე სხვა ჟურნალისტიც იყოს. ამის შესახებ სუს-ის კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის მოადგილემ ბაჩა მგელაძემ განაცხადა.
„კონტრტერორისტულ ცენტრში მიმდინარეობს გამოძიება განზრახ შეკვეთილი მკვლევლობის მომზადების ფაქტზე, შესაბამისად, გამოძიების ფარგლებში, ჩვენ მიერ დაბარებული იქნა ნიკა გვარამია, მას მიეწოდა გარკვეული სახის ინფორმაცია და შესაბამისად მიეცა რეკომენდაციები უსაფრთხოების ზომების გამკაცრებასთან დაკავშირებით.
გამოძიების ინფორმაციით, შესაძლოა არსებობდეს რეალური საფრთხე, შესაბამისად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მისთვის მიგვეცა გარკვეული რეკომენდაციები უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით.
მოგეხსენებათ გამოძიება მიმდინარეობს ნიკა გვარამიას შეკვეთილი მკვლელობის ფაქტზე, თუმცა, შესაძლებელია ნიკა გვარამიასთან ერთად მკვლელობის სამიზნე იყოს სხვა ჟურნალისტიც“ - განაცხადა ბაჩა მგელაძემ.