"ქართული ოცნების" წევრების რეაქცია სააკაშვილის განცხადებაზე

01-10-2021 11:26:11 პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ წევრები ირწმუნებიან, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში არ იმყოფება.

„სააკაშვილი საქართველოში არ არის. ის კლოუნია და ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა. ნეტა ყოფილიყო საქართველოში, ამ შემთხვევაში სრულიად ქართული საზოგადოება კიდევ ერთხელ დაინახავდა, როგორი კლუნია და ამით დასრულდებოდა ის სიმახინჯე, რომელიც არის ქართულ პოლიტიკაში, მათ შორის პოლარიზაციის კუთხით“,– განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიემ.

ის კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ სააკაშვილი არ იმყოფება ბათუმში, მისი ვიდეო არ არის ჩაწერილი საქართველოში.

მისი თქმით, ენმ–ში არსებობს შიდა დაპირისპირებები იმის შესახებ, თუ ვინ მიიწერს 25%–იან შედეგს, რომელიც არჩევნებზე შესაძლოა, ენმ–მ მიიღოს და სააკაშვილი ცდილობს, ამ შედეგის საკუთარ თავზე მიწერას.

"ქართული ოცნების" ერთ–ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე ირწმუნება, რომ სააკაშვილს უკრაინის ტერიტორია არ დაუტოვებია და სპეციალისტები სწავლობენ, რა სახის ფაბრიკაციაა მესამე პრეზიდენტის მიერ გამოქვეყნებული ვიდეოები.

„ქართული ოცნების“ წევრი ვიქტორ სანიკიძე პრობლემას თარიღში ხედავს:

„ჩემი ინფორმაციით, საქართველოში არ იმყოფება. პლუს ამას, საჯარო ინფორმაცია იყო, რომ ჩამოდიოდა 2 ოქტომბერს კიევის რეისით, დღეს კი გვეუბნება, რომ ბათუმშია. ე.ი. მოატყუა უკვე თავისი ამომრჩეველი“, — თქვა სანიკიძემ „ფორმულას“ ჟურნალისტთან საუბრისას.

მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების შესახებ ინფორმაციას არასერიოზულს უწოდებს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა და მედიას მოუწოდებს, ცრუ ინფორმაციის ტირაჟირებისგან თავი შეიკავოს.

"ფაქტია, რომ სააკაშვილი საქართველოში არ არის, ეს არის ფეიქ ვიდეო", - აღნიშნა კახა კუჭავამ.

ინფორმაციას მორიგ კლოუნადას უწოდებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე გივი მიქანაძე:

"არანაირი ინფორმაცია, გარდა იმისა, რომ ეს არის მორიგი კლოუნადა და ის არ შემოსულა საქართველოში. რატომ ავრცელებთ არასწორ ინფორმაციას. დამიმტკიცეთ, რომ ის საქართველოშია. საიდან იცით? ნახეთ თქვენ პირადად? კლოუნადაა, მორიგი კლოუნადა. მე შეხვედრა მაქვს, არ მცალია".

სააკაშვილის განცხადების არ სჯერა „ქართული ოცნების“ კიდევ ერთ წევრ ბექა დავითულიანს.

მისი თქმით, სააკაშვილი დამალობანას ამაშობს და თუ რეალურად გადმოკვეთა ქვეყნის საზღვარი, მას ბრალი ამჯერად საზღვის უკანონო კვეთისთვის წარედგინება.

ანალოგიური პოზიცია აქვს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძესაც:

"არ მგონია, რომ ამ გავრცელებულ ვიდეოებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ის აქ იმყოფება. შსს-მ გააკეთა განცხადება, არც ერთი გამშვები პუნქტების მეშვეობით ის საქართველოში არ იმყოფება, შესაბამისად ეს არის ოფიციალური ინფორმაცია და შეგვიძლია უდაოდ ვენდოთ.

თუ რაღაცა მწვანე გზებით და ა.შ. არის ნასიარულები და ტყე-ტყე, რა ვიცი ესეც კომიკურად გამოიყურება ახლა ყველაფერი და უცნაური სიტუაციაა. უცნაური იმიტომ, რომ ნაღდად არ არის სასიამოვნო საყურებელი ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც ასეთი მანიპულაციებით ცდილობს საკუთარი ავტორიტეტის განმტკიცებას საკუთარ ამომრჩეველში, კომედიურ ჟანრს ემსგავსება.

საკუთარ ამომრჩევლებს ამხნევებს ასეთი გზებით. უკვე მასაც რომ არ უჯერებენ ჩამოსვლასთან დაკავშირებით, უწევს რაღაც „ფეიკების“ გავრცელება თუ ყველაფერი სხვა.

შიდა განხეთქილების და ყველაფრის გათვალისწინებით კარგავს "ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციაში დომინანტურ მდგომარეობას, შესაბამისად სჭირდებათ ძალისხმევით მაქსიმალური მობილიზება იმისთვის, რომ ასეთი მდგომარეობა არ დაეკარგოთ, ამას ცდილობენ გააფთრებით," - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ცნობისთვის: ორიოდ საათის წინ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში იმყოფება. მოგვიანებით მან რამდენიმე ვიდეო გამოაქვეყნა, რომლებიც სავარაუდოდ, ბათუმშია გადაღებული. სააკაშვილმა მხარდამჭერებს 3 ოქტომბრისთვის თბილისისკენ დაძვრისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ერთ–ერთ კოლონას თავადაც შეუერთდება.

შსს–ში აცხადებენ, რომ სააკაშვილს საზღავრი არ გადმოუკვეთავს.

ენმ–ის ბათუმის ორგანიზაციის წევრები აცხაებენ, რომ არ აქვთ ინფრმაცია, თუ როგორ შემოვიდა სააკაშვილი ქვეყანაში, მაგრამ მთავარია, რომ ის ნამდვილად იმყოფება საქართველოში, ხოლო პარტიაში არანარი დაპირისპირება არაა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები