
სროლა სოხუმში: დეპუტატს "საზოგადოებრივი წესრიგის უხეშ დარღვევაში" დასდეს ბრალი
01/10/2021 13:13:10 კონფლიქტები
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო შს სამინისტრო "დეპუტატ" გარი კოკაიას "საზოგადოებრივი წესრიგის უხეშ დარღვევაში" ადანაშაულებს. როგორც დე ფაქტო უწყების განცხადებაშია აღნიშნული, კოკაიამ გასული ღამით სოხუმის ცენტრში, რესტორან «Rina»-ს მიდებარე ტერიტორიაზე ცეცხლი გახსნა.
"აცნობიერებდა რა, რომ აღნიშნული სტერიტორია საზოგადოებრივი ადგილია, საზოგადოებრივი წესრიგის უხეში დარღვევის ბოროტი განზრახვითა და საზოგადოებისადმი ღია უპატივცემულობის გამოხატვით, შემთხვევითი გამვლელების თანდასწრებით გარი კოკაიამ ცეცხლი გახსნა ადრე შეძენილი, მასზე რეგისტრირებული «Glock»-ის ტიპის 9х19მმ კალიბრის იარაღიდან, კერძოდ, ჰაერში 5 გასროლა განახორციელა. ადგილზე სამართალდამცველების გამოჩენისას მან დაუფარავი აგრესია გამოხატა და მათთვის იარაღის ჩაბარებაზე კატეგორიული უარი განაცხადა. ამის საფუძველზე დაწყებული კონფლიქტის მიმდინარეობისას კოკაიამ მოულოდენლად ტერიტორია დატოვა და მიიმალა. მოგვიანებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას მისი იარაღი და ვაზნები მიმდებარე ტერიტორიაზე იქნა აღმოჩენილი», - ნათქვამია დე ფაქტო შსს-ს განცხადებაში.
აფხაზური Telegram-არხები იუწყებიან, რომ ადგილზე მისული იყო დე ფაქტო შს მინისტრი დიმიტრი დბარიც და რომ თავად კოკაიამ სამართალდამცველებთან კონფლიქტის დროს სხეულის დაზიანებები მიიღო.