„ქართულ ოცნებაში“ ზეიმის შემდეგ მეორე ტურებზე ალაპარაკდნენ
02/10/2021 23:17:02 პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ ერთ–ერთი ლიდერი არჩევნებში გამარჯვების ზეიმის შემდეგ მეორე ტურების ალბათობაზე საუბრობს.
როგორც მდინარაძემ აღნიშნა, მეორე ტურები მოსალოდნელია 10–ზე მეტ რაიონში.
მიუხედავად იმისა, რომ გამარჯვება მმართველმა გუნდმა უკვე მიულოცა კახა კალაძეს, ხოლო თავად კალაძემ მხარდამჭერებს მადლობა საზეიმო ვითარებაში გადაუხადა, მდინარაძე მეორე ტურის ალბათობას დედაქალაქის შემთხვევაშიც უშვებს.
„არც თუ ცოტა რაიონში იქნება მეორე ტური. ეს არ იქნება ნახევარი, მაგრამ შეიძლება, იყოს 10, 15 რაიონში, ზუსტი მონაცემი არ ვიცი, მაგრამ ეს არ იქნება არც 2 და 3, მაგრამ არც პირობითაც, 30. რაც შეეხება თბილისს, იცით, რომ ეგზტოლის [იმედის დაკვეთით ჩატარებულის]მნაცემებით 51%–ზე ცოტა მეტია, 3%–იანი ცდმილების პირობებში ჩვენ გადაჭრით არაფერი შეგვიძლია, ვთქვათ. შემოდის მონაცემები და რამდენიმე საათში ამის შესახებ თქვენც და ჩვენც გვეცოდინება“,– განაცხადა მდინარაძემ.
რაც შეეხება კოალიციას, მისი თქმით, დედაქალაქში კოალიციური მმართველობა თეორიულადაც კი გამორიცხულია:
„მაჟორიტარებისთვის 40%–იანი ბარიერია და არა 50%–იანი. შესაბამისად, ოპოზიციური არხის მონაცემებითაც კი, 10–ვე ოლქში სავარაუდოდ, „ქართული ოცნების“ მჟორიტარი იგებს, ამის შემდეგ, თუ იგივე პროცენტებზე გადავთვლით, 30–ზე მეტი მანდატი გამოსდის „ქართულ ოცნებას“. როგორც ჩანს, მათ არ გაითვალისწინებს 40%–იანი ბარიერი“.
ცნობისთვის: "ქართული ოცნება" გამარჯვება ჯერ კიდევ საარჩევნო უბნების დახურისთანავე– 20:00 საათზე ტელეკომპანია "იმედის" ეგზიტპოლზე დაყრდნობით იზეიმა.
"კიდევ ერთხელ გილოცავთ და ვულოცავ "ქართული ოცნების" თითოეულ წევრს ამ დიდებულ გამარჯვებას. ვულოცავ ყველა მერს ამ დიდებულ გამარჯვებას. მინდა, მივმართო ოპონენტებს, რომ დღეს დავასრულეთ პოლარიზაცია ქვეყანაში, დღეს დავასრულეთ სიძულვილისა და სიცრუის ეპოქა, ხვალიდან უნდა დაიწყოს ქვეყანაში სიმშვიდის, სტაბილურობის, განვითარების ხანა", - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მხარდამჭერებს მიმართა პარტიის თამჯდომარემაც:
"10 წლის წინ, როცა ბიძინა ივანიშვილმა დააფუძნა ქართული ოცნება, მაშინ პირველი გამარჯვების არავის სჯეროდა, თუმცა იმის შემდეგ ჩვენ მოვიპოვეთ ზედიზედ მე-8 გამარჯვება და დიდი გამარჯვევები კიდევ წინ არის, გაუმარჯოს ჩვენს დღევანდელ გამარჯვებას და ჩვენს შემდეგ გამარჯვებას, გაუმარჯოს",– განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კახა კალაძემ კი მათ, ვისაც "იმედის" ეგზიტპოლის არ სჯერა, მოუწოდა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებს დაელოდოს:
“თუ არ გჯერათ ჩვენი ეგზიტპოლის შედეგების, შეგიძლიათ, დაელოდოთ ცესკოს მონაცემებს”.
მისი თქმით, "ქართულმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ საკადრისი პასუხი გასცა რევანშს მოწყურებულ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც ჩვენს სახელმწიფოს ძალადობითა და არეულობით ემუქრებოდნენ":
"დღევანდელი დღე გახდება საქართველოს მშვიდობიანი განვითარების მყარი საფუძველი. შეგახსენებთ, რომ შემდეგი არჩევნები საქართველოში 2024 წელს ჩატარდება. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს უნიკალური შესაძლებლობა, ეს სამი წელი სრულად დავუთმოთ ჩვენი პოლიტიკური სპექტრის თვისებრივ გაჯანსაღებას, ეკონომიკის განვითარებას, ჩვენი მოქალაქეების სოციალური პირობების გაუმჯობესებასა და სხვა სახელმწიფოებრივი ამოცანების შესრულებას.
განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო თბილისს და თბილისელებს დღევანდელი მხარდაჭერისა და თანადგომისთვის.
ეს გამარჯვება მაძლევს ახალ სტიმულს, რომ გაორმაგებული ენერგიით ვიზრუნო და ვიშრომო თბილისის განვითარებისთვის, თბილისელების წინაშე არსებული საკითხების გადაჭრისთვის, მეტი სიცოცხლის შესატანად თბილისის თითოეულ უბანში".


