ენერგეტიკა და მიწა: რუსეთი აფხაზეთს უკანასკნელს ართმევს?

04-10-2021 14:48:47 კონფლიქტები

აფხაზეთში ახალი მსხვილი სკანდალი მწიფდება. ამჯერად იგი ერთდროულად რამდენიმე მოუგვარებელ პრობლემას უკავშირდება, რომელიც არა მარტო მოსახლეობის ყოფას ართულებს, არამედ სახელმწიფოებრიობის დაკარგვის საფრთხესაც ქმნის - იმ სახელმწიფოებრიობისა, რომლისთვისაც აფხაზმა ხალხმა ასწლეულობით იბრძოლა.

პირველი პრობლემა არახალია. ენერგეტიკული კრიზისი დიდი ხანია, აზანზარებს აფხაზეთს, ფლობს რა ყოველდღიურად რამდენიმე საათით წყვდიადში მთელს რაიონებს. თუმცა თუ ადრე ამ პრობლემებს ჯვრის წყალსაცავში წყლის ხან — სიმწირეს, ხანაც სიჭარბეს უკავშირებდნენ, ახლა სახეზეა სრული კოლაფსი, რომელსაც ხელისუფლება საკუთარი ძალით უკვე ვეღარანაირად უმკლავდება.

აფხაზეთში ელექტროენერგიას კვლავინდებურად თიშავენ ყოველდღიურად 2-2 საათით: რაიონების მონაცვლეობით რესპუბლიკას დილის 1-დან 7 საათამდე აბნელებენ. და ეს — ზაფხულის პერიოდში, როცა მოხმარება ყველა პარამეტრით დაბალია. დაამატეთ ამას სოკოებივით მომრავლებული მაინინგ-ფერმების პრობლემა — და ვიღებთ ენერგოკრიზისს, რომელიც შემოდგომით მხოლოდ გამძაფრდება. როგორც ენერგეტიკოსები ამბობენ, ოქტომბერში გათიშვები დღე-ღამეში 4-6 საათს მიაღწევს.

კრიზისის გაღრმავების ფონზე ხელისუფლება ვერ პოულობს სახსრებს იმ მრიცხველების დასაყენებლად, რომლებიც პრობლემას დროებით მაინც შეამსუბუქებდა. პარლამენტის მიერ ამ მიზნებისთვის განსაზღვრული თანხები მთავრობამ სადღაც გადაამისამართა და თან ის 100 მლნ რუბლიც დახარჯა, რომელიც აჩიგვარას ხაზის მშენებლობისთვის იყო გათვალისწინებული.

«მთელი ეს კრიზისი დღეს არ წარმოქმნილა, მაგრამ ხელისუფლებამ მდგომარეობა მხოლოდ დაამძიმა, დაუშვა რა მაინინგი და მდიდრების მიერ ჩვენი შუქის გამოყენება. შედეგად, ისინი ახლა განათებულ შენობებში სხედან, გენერატორებითა და მაინინგით ნაშოვნი მილიონებით, რიგითი მოქალაქეები კი კაპიკებს ითვლიან და გადარჩენას ცდილობენ. დარწმუნებული ვარ, ეს გამიზნულად გაკეთდა, რომ ჩვენი ენერგეტიკა საბოლოოდ ჩაძირონ და მერე მათ მიერვე შექმნილი გამოუვალი მდგომარეობის მოტივით მიჰყიდონ რუსებს, რომლებიც მასზე უკვე დიდი ხანია, ნადირობენ», - თვლის ჩვენი თანამოსაუბრე არკადი. მისივე აზრთ, აფხაზური ენერგეტიკა უკვე კარგა ხნის გაყიდული იქნებოდა, რომ არა პარლამენტი, რომელიც რესპუბლიკის ხელმძღვანელობის ამ მცდელობებს ყოველმხრივ ბლოკავს.

ჩვენი რესპონდენტების უმრავლესობა ამ აზრს იზიარებს და საამისოდ საკმაოდ მყარი საფუძველი არსებობს. ბოლო თვეებში აფხაზეთში მოსკოვიდან რეგულარულად ჩადიოდნენ ათასგვარი სახის კომისიები ქვეყნის ენერგეტიკული პოტენციალის დასკანალურად შესასწავლად და იმ წინადადებების გასაჟღერებლად, რომლებზეც აფხაზეთის ხელმძღვანელობა, როგორც ჩანს, უარს ვერ იტყოდა.

განგაშის ზარი იმ დროს გაისმა, როცა გაჩნდა ოფიციალური ინფორმაცია, რომლის თანახმად, ჰესების რეკონსტრუქციაზე სამი კომპანია აცხადებს პრეტენზიას: აფხაზური «Сухум ГЭС», რუსული «Чистая энергия» და ქართული «ენგურჰესი». საუბარი თითქოსდა დანგრეული სადგურების აღდგენაზე მიდის, თუმცა პარლამენტის რიგი დეპუტატები და ოპოზიციური ორგანიზაციები დარწუნებულები არიან, რომ რეალურად, საქმე გვაქვს ფარული გაყიდვის მცდელობასთან.

«პრობლემის მოგვარების მცდელობის ნაცვლად, ჩვენს ხელისუფლებას ტარიფების გაზრდა სურს. სად გაგონილა, ხელისუფლების შეცდომებისთვის რიგითი მოქალაქეები, პენსიონერები, ინვალიდები, ბავშვები აგებდნენ პასუხს?! ვერ გამიგია, ეს უვიცობით მოსდით, თუ გამიზნულად უგდებენ რუსებს ჩვენს ქვეყანას ხელში?», - აღშფოთებულია ჩვენი თანამოსაუბრე მაკტინა.

და ეს უსაფუძვლო შფოთვა როდია. ამასწინანდელ პრეს-კონფერენციაზე პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ დაადასტურა ხელისუფლების გადაწყვეტილება ტარიფების გაზრდის შესახებ. საბოლოო ციფრები ჯერ არ დასახელებულა, თუმცა წინასწარი ინფორმაციით, 1 კილოვატის ფასი 40 რუსული კაპიკიდან 1 რუბლამდე და 70 კაპიკამდე გაიზრდება.

«ჩვენს რუს მეგობრებთან ერთად მოვამზადეთ ენერგეტიკის განვითარების საგზაო რუქა, რომელიც ეტაპობრივ მიდგომას ითვალისწინებს. ესაა ქვეყანაში ეკონომიკურად დასაბუთებული ტარიფის დაწესება, მაგრამ იქნება არა ერთი, არამედ რამდენიმე ტარიფი — მოსახლეობის სხვადასხვა კატეგორიებისთვის», - განაცხადა ასლან ბჟანიამ.

გამოდის, რომ აფხაზეთის ხელმძღვანელობა ენერგოკრიზისის დაძლევას მოსახლეობის ხარჯზე გეგმავს — სხვა, როგორც ჩანს, ვერაფერი მოიფიქრა. მაგრამ არსებობს ეჭვები, რომ ამ გადაწყვეტილებამდე სოხუმი თავად არ მისულა — ეს «გამოსავალი» მოსკოვიდან უკარნახეს, სადაც ესოდენ ხშირად უყვარს სიარული პრეზიდენტ ბჟანიას.

«ხალხის ბედზე ზრუნვის» შესახებ რაოდენ ლამაზ ფრაზებსაც არ უნდა ამოეფარონ, ნათელია, რომ ყველაფერი ჩვენი ენერგეტიკის რუსებისთვის მიყიდვისკენ მიდის. და ამ ყველაფერს «ერთადერთ გამოსავლად» ასაღებენ, რაც ტყუილია! სუვერენიტეტი პრაქტიკულად ისედაც დაკარგული გვაქვს და ერთადერთი, რაც ჯერ კიდევ გვრჩება, ენერგოდამოუკიდებლობაა. მაგრამ როგორც ჩანს, მალე რუსების ხელი მასაც მისწვდება. და დავრჩებით ამაყი აფხაზები დროშის, ღერბისა და ნომინალური სახელმწიფოს ამარა», - შიშობს ჩვენი რესპონდენტი მარია.

მეორე პრობლემა აფხაზეთისთვის ასევე არახალია. მაღალმთიანი სოფელი აიბღა აფხაზეთ-რუსეთის ურთიერთობებში დაძაბულობის მიზეზად დიდი ხნის წინ იქცა. მაგრამ მას შემდეგ, რაც რუსეთმა აიბღა თავის რეესტრში შეიყვანა, საკითხმა დაპირისპირების მკვეთრად გამოხატული ხასიათი მიიღო. ამ თემაზე უკვე არაერთხელ დაგვიწერია, თუმცა თუ ადრე საკითხი თითქოს ჰაერში იყო ჩამოკიდებული, ახლა სახეზე გვაქვს მკაფიო ნიშნები იმისა, რომ აფხაზეთის ხელმძღვანელობამ აიბღა რუსებს გადასცა ერთგვარ გამოსასყიდად. რას მივიღებთ სანაცვლოდ — ჯერ გაურკვეველია, მაგრამ აფხაზური დროშა აიბღაში აღარ ფრიალებს და სასაზღვრო საგუშაგოც დაშალეს. არ ვიცი, რამდენადაა ინფორმირებული ამის შესახებ პრეზიდენტი ბჟანია, რომელმაც ამასწინათ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, «აიბღასთან მიმართებაში რუსულ მხარესთან შეთანხმება არსებობს და გამოიყენება ძალზე ტაქტიანი ფორმულირება «სახელმწიფო საზღვრის შეუთანხმებელი მონაკვეთიო».

«სამი — საქართველოს, აფხაზეთისა და რუსეთის საზღვრის გასაყარზე კომისიამ მუშაობა დაიწყო. აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ იმოძრავებენ. აიბღამდე ჯერ არ მისულან. კომისია ჩვეულ რეჟიმში მოქმედებს. საზღვრის იმ მონაკვეთთან დაკავშირებით, რომელზეც ახლა მუშაობენ, არავითარი აზრთა სხვადასხვაობა და პრობლემა არ გვაქვს. აიბღაზე კი ჩვენთან მეტს საუბრობენ, ვიდრე სადმე სხვაგან. თანაც, აიბღამდე ჯერ საქმე არ მისულა», - აღნიშნა პრეზიდენტმა.

ამასთანავე, ქვეყნის ლიდერმა დააზუსტა, რომ აიბღასთან დაკავშირებით არავინ არავის უყენებს არავითარ პრეტენზიებს და მასთან მიმართებაში გამოყენებული ფორმულირება «ძალიანაც ტაქტიანია».

ჰოდა, გამოდის, რომ ბოლო წლებში სხვადასხვა რანგის რუსი პოლიტიკოსები აფხაზეთს რუსეთის შემადგენლობაში შესვლას უქადიან, მოსკოვი კი ამასობაში რესპუბლიკას ჯერ ნაკუწ-ნაკუწ ართმევდა მიწას, ახლა კი უკვე სუვერენიტეტის უკანასკნელი ნიშანი – ენერგეტიკაც ამოიღო მიზანში და როგორც ჩანს, აფხაზეთის ხელმძღვანელობის ხელით წარმატებით აღწევს კიდეც მიზანს.

აი, ასეთია დღეს აფხაზური რეალობა, ხოლო ისინი, ვინც საწინააღმდეგოს წერენ, ან საქმის კურსში არ არიან რეალური ვითარების შესახებ, ან თავს იკატუნებენ.

კრისტინა ავიძბა

__________________________________________________________________________

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში გამოიყენება

__________________________________________________________________________

მასალა მომზადებულია საინფორმაციო სააგენტო "აქცენტისა" და არასამთავრობო ორგანიზაცია GRASS-ის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, რომელიც ღია საინფორმაციო პარტნიორობის (OIP) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება

ახალი ამბები

სხვა სიახლეები