
"საქართველოში ჩატარებული არჩევნები წარმოუდგენელ იმედგაცრუებას იწვევს"
05/10/2021 05:30:13 პოლიტიკა
"საქართველოში ჩატარებული არჩევნები წარმოუდგენელ იმედგაცრუებას იწვევს და დრამატული უკან დახევა იყო 2012 წლის არჩევნებიდან, რომელსაც მე ვაკვირდებოდი", - ასე აფასებს აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის წევრი ჯიმ რაში 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს.
მისი თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობა გააგრძელებს არჩევნების მეორე ტურზე ყურადღებით დაკვირვებას.
„შეშფოთებული ვარ დაშინების და ამომრჩეველთა მოსყიდვის შესახებ გავრცელებული ცნობებით. საქართველოს მთავრობამ, რომელიც არჩევნების მეორე ტურს მართავს, უნდა მოაგვაროს ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის მიერ ხაზგასმული საკითხები, განსაკუთრებით საარჩევნო პერიოდში დაფიქსირებული ძალადობა და არათანაბარი პირობები იმ პარტიებისთვის, რომლებიც მმართველ პარტიას უპირისპირდებიან. სამართლიანი და ღია საარჩევნო პროცესი ძლიერი დემოკრატიის ნიშანია", - აცხადებს სენატორი.
2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების წინასწარი შედეგებით, საქართველოს მასშტაბით, პროპორციულ ნაწილში ყველაზე მეტი ხმა, 46%-ზე მეტი მმართველ პარტია "ქართული ოცნებას" აქვს. მეორე ადგილზე "ნაციონალური მოძრაობაა" 30%-ზე მეტით და მესამეზე "გახარია-საქართველოსთვის", რომელსაც ხმა მისცა 7%-ზე მეტმა. სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოში წევრები ეყოლებათ სხვა პარტიებსაც, მათ შორის, "ლელოს", "გირჩი-მეტი თავისუფლება"-ს და "ანა დოლიძე-ხალხისთვის".
ამასთან, 5-ივე თვითმმართველ ქალაქში - თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ფოთსა და ბათუმში მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართება "ქართული ოცნების" და "ნაციონალური მოძრაობის" მიერ წარდგენილი კანდიდატების მონაწილეობით, რადგან პირველივე ტურში გასამარჯვებლად საჭირო, ხმების 50%-ზე მეტი ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო. მერის არჩევნების მეორე ტური გახდა საჭირო 59-დან 15 თვითმმართველ თემშიც. წინასწარი მონაცემებით, 44 თემში პირველივე ტურში გაიმარჯვეს "ქართული ოცნების" კანდიდატებმა. არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს უნდა ჩატარდეს.