
"აბსურდის თეატრი" - კრემლის კომენტარი სააკაშვილის ბრალდების საპასუხოდ
05/10/2021 11:34:04 პოლიტიკა
კრემლი "უკომენტარდ ტოვებს" რუსეთის ლიდერის მიმართ საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ბრალდებას იმის შესახებ, რომ ის "პუტინის პირადი პატიმარია", - იუწყება «Интерфакс».
«ალბათ, არ გავაკეთებდით კომენტარს არაფერზე, რაც ბ-ნ სააკაშვილს უკავშირდება, რამეთუ ეს ყველაფერი ერთგვარი აბსურდის თეატრია», – განაცხადა პუტინის პრეს-სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა.
ორიოდ დღით ადრე მანვე განაცხადა, რომ კრემლი საქართველოში სააკაშვილის დაბრუნებსთან დაკავშირებით დესტაბილიზაციის განსაკუთრებულ რისკებს ვერ ხედავდა.
სააკაშვილი 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს და რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს. 1 ოქტომბერს დილიდან "ქართული ოცნების" ლიდერები და შსს აცხადებდნენ, რომ სააკაშვილს არ დაუტოვებია უკრაინის ტერიტორია და საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს, საღამოს კი, პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე გამოაცხადა, რომ ექს–პრეზიდენტი დააკავეს. ოფიციალურად ამ დრომდე უცნობია, რა გზით დაბრუნდა მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში.
სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, "ქართული ოცნების" ხელისუფლების მიერ იძებნებოდა. მას ქართული სასამართლოს მიერ დაუსწრებლად აქვს მისჯილი პატიმრობა სანდრო გირგვლიანისა და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის ვალერი გელაშვილის საქმეებზე. 2018 წელს ორივე საქმეზე სააკაშვილი დამნაშავედ ცნეს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში. ვალერი გელაშვილის საქმეზე მიესაჯა თავისუფლების 6 წლით, ხოლო სანდრო გირგვლიანის საქმეზე - 3 წლით აღკვეთა. მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ საქართველოში აღძრულია სისხლის სამართლის კიდევ რამდენიმე საქმე.