Accentnews.ge
აფხაზეთი, რუსეთი, მოქალაქეობის საკითხი: «თუ ეს მოხდება, აფხაზეთი არსებობას შეწყვეტს»

აფხაზეთი, რუსეთი, მოქალაქეობის საკითხი: «თუ ეს მოხდება, აფხაზეთი არსებობას შეწყვეტს»

05/10/2021 12:59:28 კონფლიქტები

აფხაზეთზე საუბრისას რუსეთი სულ უფრო ხშირად ახსენებს, რომ რესპუბლიკის მცხოვრებთა 90%-ზე მეტი რუსეთის მოქალაქეა. ძნელი დასაჯერებელია, რომ მსგავსი რამ ოდესღაც რეალურად ხდებოდა, მაგრამ აფხაზეთის მოსახლეობისთვის რუსული პასპორტების დარიგების კამპანიის დასაწყისშიც კი საკმაოდ მაღალი ციფრი იყო დასახელებული. თუმცა მას შემდეგ დიდი დრო გავიდა და არაოფციალური მონაცემებით, სადღეისოდ აფხაზეთში რუსეთის მოქალაქეობის არმქონეთა რაოდენობა მოსახლეობის სრული რაოდენობის 35%-ს აჭარბებს. და რუსებიც ლამობენ, რესპუბლიკაში რუსეთის მოქალაქეთა რიცხვი მაქსიმალურად გაიზარდოს.

ამ მიზნით წელს აფხაზეთმა მოამზადა და რუსულ მხარესთან შეათანხმა პროექტი აფხაზეთის მოქალაქეებისთვის რუსეთის მოქალაქეობის მინიჭების წესის გამარტივების შესახებ. ჟურნალისტებს ეს ამბავი პრეზიდენტმა ბჟანიამ აცნობა, განაცხადა რა, რომ ხელმოწერილი დოკუმენტი რუსულ მხარეს ჯერ კიდევ 25 აგვისტოს გადაუგზავნა.

«საკითხზე გადაწყვეტილების მიღებას ერთი წელი დასჭირდა. ეს შეთანხმება აფხაზეთის მაცხოვრებლებს რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მიღების შესაძლებლობას მისცემთ», - აღნიშნა ბჟანიამ.

აფხაზეთის წინა ხელისუფლებებს საკითხის გადაჭრა არაერთხელ უცდიათ, რადგან მოთხოვნა რუსულ პასპორტებზე, რომლებიც აფხაზეთის მოსახლეობას სხვადასხვა სახის დანამატების მიღების, კრედიტების გაფორმებისა და მსოფლიოში მოგზაურობის შესაძლებლობას მისცემდათ, მართლაც მაღალი იყო. თუმცა რუსეთი სოხუმის მიმართვებს ყოველთვის იგნორირებდა და აფხაზეთის ხელმძღვანელობას საკითხის გადადებას სთავაზობდა. დაიღალა რა ლოდინით, აფხაზეთის მოსახლეობა შეეგუა იმ აზრს, რომ აფხაზური პასპორტების ამარა რჩებოდა. ზოგიერთებმა კი მზერა მიაპყრეს საქართველოს, რომელიც ყოველგვარი ბიუროკრატიული გაჭიანურებების გარეშე, დაჩქარებული წესით გასცემს აფხაზეთის ყველა მსურველ მოქალაქეზე ქართულ პასპორტს. ყველაზე ხშირად საქართველოს მოქალაქეობას ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლები იღებდნენ, რომელთაც მსოფლიოს გაცნობა და უცხოეთის პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა სურდათ. აფხაზეთის იმ მკვიდრთა რაოდენობა, რომლებსაც საქართველოს მოქალაქეობა აქვთ მიღებული, დანამდვილებით ცნობი არ არის, თუმცა თუ მოსკოვის რეაქციით ვიმსჯელებთ, ციფრი უკვე თვალშისაცემი გახდა. სხვა რით ავხსნათ მოსკოვში მოულოდნელად გაჩენილი «სურვილი», რუსეთის მოქალაქეობის გაცემის პროცესი განაახლონ და აფხაზეთის რაც შეიძლება, მეტი მკვიდრი აქციონ თავის მოქალაქედ?!

ასეა თუ ისე, პროცესი დაწყებულია და როგორც პრეზიდენტმა ბჟანიამ აღნიშნა, საკითხი წლის ბოლომდე გადაიჭრება.

მაგრამ მთელს ამ ეპოპეას არაერთი წყალქვეშა რიფი ახლავს თან, რომელიც ბჟანიას არ უხსენებია.

ორმაგი მოქალაქეობის გამარტივებული წესით მიღების სქემამ ამჯერად ცვლილება განიცადა. იგი ეხება რუსეთის 10 ათას მოქალაქეს, რომელიც, ახალი შეთანხმების თანახმად, აფხაზურ პასპორტებს მიიღებს. ეს მნიშვნელოვანი პუნქტი ასლან ბჟანიას მიერ მოსკოვში ჯერ კიდევ ზაფხულში განიხილებოდა და რაკი კრემლმა მისგან თანხმობა ვერ მიიღო, რუსებიც არ სთანხმდებოდნენ ახალი შეთანხმების გაფორმებას.

«ხმები იმის შესახებ, რომ ჩვენებისთვის რუსეთის მოქალაქეობის მინიჭების სანაცვლოდ რუსეთის მოქალაქეები აფხაზურს მიიღებენ, დიდი ხანია, დადის. აქამდე, სიმართლე გიხთრათ, არ მინდოდა, დამეჯერებინა. ჩვენ ხომ «მოქალაქეობის შესახებ» კანონი გაგვაჩნია და ვფიქრობდი, მისი გვერდის ავლით როგორ იმოქმედებენ-მეთქი? მაგრამ ახლა მესმის, რომ ეს ყველაფერი რეალურია. რაკი ამდენი მცდელობის მიუხედავად, რუსებს ჩვენთან საკუთრების შეძენის ნება არ დავრთეთ, გამოსავალი იპოვეს ამ სახით», - თვლის ჩვენი თანამოსაუბრე რაფაელი.

«თუკი რუსებს თუნდაც ერთხელ მივცემთ ჩვენი მოქალაქეობის მიღების შესაძლებლობას, ამით გავხსნით პანდორას ყუთს, რაც საბოლოოდ ჩვენს სახელმწიფოს გაანადგურებს! დავიჯერო, ჩვენს ხელისუფლებას არ ესმის, რომ მსგავსი გადაწყვეტილების რეალიზების შემთხვევაში აფხაზები უბრალოდ გავითქვიფებით და უმცირესობაში აღმოვჩნდებით საკუთარ სახელმწიფოში?! თუმცა რომელ სახელმწიფოზეა საუბარი? - ფიქციაღაა მხოლოდ დარჩენილი. აფხაზეთი სადღეისოდ მდიდრებისა და უგუნური ჩინოსნების ქვეყანაა, რომლებიც საკუთარ სარგებელსა და ცხვირს იქით ვერაფერს ამჩნევენ», - ამბობს ჩვენი რესპონდენტი გიორგი.

ყველა ჩვენი თანამოსაუბრე დარწმუნებულია, რომ თუკი რუსეთის მოქალაქეებს აფხაზური პასპორტები დაურიგდებათ, ისინი აფხაზებს არათანაბარ პირობებში ჩააყენებენ.

«ჯერ — ისინი, შემდეგ — მათი ოჯახების წევრები და სულ მალე 10 000-ის ნაცვლად, მივიღებთ ასსაც, ორასსაც და სამას ათასსაც. მერე ისინი აგვირჩევენ პრეზიდენტს, საკუთარი ინტერესისამებრ შეგვლიცვლიან კანონებს, ხოლო თუ მოუნდათ, რეფერენდუმსაც ჩაგვიტარებენ რუსეთთან მისაერთებლად. და პრეტენზიასაც ვერ წაუყენებ: გვეტყვიან, აფხაზეთის მოქალაქეებმა მისცეს ხმაო! რა არის ეს, თუ არა ხალხისა და ქვეყნის ინტერესების ღალატი?! ამ ყველაფერმა იმაზეც კი დამაფიქრა, გვიღირდა კი საერთოდ ქართველებთან ომი, რათა საბოლოოდ რუსეთს ჩავეყლაპეთ და როგორც ეთნოსი, გავმქრალიყავით? მებრალებიან დაღუპულები, ჩვენც ცოდონი ვართ — ცოცხლად გადარჩენილები. მსგავსი მოღალატეობრივი ნაბიჯების შედეგებს ვფიქრობ, ვეღარასოდეს დავაღწევთ თავს. აღარ იარსებებს აფხაზეთი, თუ ეს ყველაფერი მოხდა», - დარწმუნებულია ჩვენი თანამოსაუბრე მიხეილი.

მოსახლეობის შეშფოთება გასაგებია: რუსებისთვის აფხაზეთის მოქალაქეობის მინიჭების უკან ხომ არა მხოლოდ აფხაზურ მიწაზე უცხოელი მესაკუთრეების არშემოშვების სურვილი დგას, არამედ ასიმილაციის ძალზე რეალური საფრთხეც. არაა საკმარისი, რომ რუსი სამხედროების უმრავლესობა და მათი ოჯახების წევრები აფხაზურ პასპორტსაც იღებენ და მასთან ერთად ხელშეუხებლობასაც?!

მთელს ამ ისტორიაში არის ერთი უცნაური მომენტი. თავად შეთანხმების ტექსტში რუსეთის მოქალაქეების შესახებ სიტყვაც არ წერია. ამის შესახებ მონაცემები დამატების ტექსტშია, რომელიც ნაკლებ სავარაუდოა, ოდესმე განსაჯაროვდეს.

«საიდან მოვიდა ეს ციფრი - 10 ათასი? ეს რა, ვინმეს დაკვეთაა, თუ რაღაც პროექტებისთვის სურთ რუსებს, აქ 10 ათასი მათიანი ჰყავდეთ? დარწმუნებულები ვართ, ეს ციფრი შემთხვევითი არ არის. შესაბამის სიაში მოხვდებიან გარკვეული პირები, რომელთაც მოსკოვი აქ რაღაცას დაავალებს. ამბობენ, ამ ადამიანების ნაწილი ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის ტერიტორიაზე და გალის რაიონში განთავსდებაო. ღმერთმა იცის, იქ რას გააკეთებენ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ იქნება აფხაზეთისა და აფხაზი ხალხისათვის სასიკეთო საქმიანობა», - თვლის ჩვენი რეპონდენტი დაური.

მართალია, არაოფიციალურად, მაგრამ ინფორმაციამ ხალხში მაინც გაჟონა. აღშფოთებას პიკისთვის ჯერ არ მიუღწევია, თუმცა უკვე ისმის. არ ვიცი, როგორ შეაგნებინებს აფხაზური საზოგადოება თავის ხელმძღვანელობას მსგავსი წამოწყების მთელს დამღუპველობას, მაგრამ თუ ეს დროულად არ გაკეთდა, დაიწყება შეუქცევადი პროცესი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ვეღარასოდეს ვიხილავთ ნათელ მომავალს, რომლისთვისაც აფხაზებმა 28 წლის წინ საკუთარი სისხლიც დაღვარეს და სხვისიც.

კრისტინა ავიძბა

_________________________________________________________________________

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში გამოიყენება

__________________________________________________________________________

მასალა მომზადებულია საინფორმაციო სააგენტო "აქცენტისა" და არასამთავრობო ორგანიზაცია GRASS-ის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, რომელიც ღია საინფორმაციო პარტნიორობის (OIP) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S