ევროპაში გაზის ფასმა ისტორიული მაქსიმუმი განაახლა

06-10-2021 14:39:47 ევროპა

ევროპის ბირჟებზე გაზის ფასმა ისტორიული რეკორდი განაახლა. ლონდონის ბირჟაზე 1000 კუბური მეტრის ღირებულებამ 1700 დოლარს გადააჭარბა.

ევროკომისიამ ფასის ზრდის მიზეზად ენერგორესურსებზე მოთხოვნის მატება დაასახელა. კერძოდ, მისი მონაცემებით, მოთხოვნამ ბოლო 25 წლის განმავლობაში მაქსიმალურ მაჩვენებელს მიაღწია.

თუმცა საფრანგეთმა, ესპანეთმა, ჩეხეთმა, საბერძნეთამ და რუმინეთმა ევროპაში გაზის ფასის რეკორდული ზრდის მიზეზების გამოძიება მოითხოვეს. ამასთან, ხსენებული ქვეყნების ფინანსთა მინისტრები გამოვიდნენ ერთობლივი ინიციატივით ევროკავშირის ქვეყნებისთვის ერთიანი ინსტრუმენტარის ჩამოყალიბების თაობაზე, რათა გაჩნდეს ენერგორესურსების ფასების რყევებზე სწრაფი და ეფექტური რეაგირების მექანიზმი. ევროკავშირის ქვეყნებმა გაზის შესყიდვა კოორდინირებულად უნდა განახორციელონ, - ნათქვამია მათ ერთობლივ განცხადებაში.

ევროპაში გაზის გაძვირება ზაფხულში დაიწყო. ერთ-ერთ მიზეზად 2020-ში განსაკუთრებით ცივი ზამთარი და უჩვეულოდ ცხელი ზაფხული დასახელდა. ევროპულ საცავებში საწვავის მარაგების დეფიციტი ფიქსირდება. თუ წინა წელს საცავები თითქმის 95%-ით იყო შევსებული, წელს ეს ციფრი მხოლოდ 70%-ს შეადგენს, რაც ბოლო 11 წლის განმავლობაში მინიმალური მაჩვენებელია.

ამასთანავე, ფასებზე აისახა აუქციონების შედეგები სექტებერში უკრაინის გავლით გაზის ტრანზიტისთვის დამატებითი სიმძლავრეების დასაჯავშნად. აუქციონზე გატანილი იყო სიმძლავრეები დღ-ღამეში 15 მლნ კუბურ მეტრამდე მოცულობით, მაგრამ რუსულმა "გაზპრომმა" მოცულობის 4%-ზე ოდნავ მეტი შეისყიდა და 20 სექტემბერს აუქციონზე ახალი სიმძლავრეები აღარ დაჯავშნა, რაც ბაზარზე რუსეთის შეგნებული ზეწოლის შესახებ ბრალდებების საფუძვლად იქცა.

საპასუხოდ მოსკოვი აცხადებს, რომ ფასები გაზსადენ "ჩრდილოეთ ნაკადი-2"-ის ამოქმედების შემდეგ დაბალანსდება.

News

Other news