კალიურანდი განმარტავს, რა ბედი ელის ევროპარლამენტის მიერ საქართველოსთვის შემოთავაზებულ "ჟან მონეს დიალოგს“
06/10/2021 13:23:55 პოლიტიკა
ევროპარლამენტის სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობების დელეგაციის ხელმძღვანელი, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თანათავმჯდომარე მარინა კალიურანდი "ჟან მონეს დიალოგის“ საკითხს საქართველოში 30 ოქტომბრისთვის დაგეგმილი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურს უკავშირებს.
ამის შესახებ მან "საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის" (GIP) მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე სახელწოდებით "2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გამოწვევები და შედეგები" განაცხადა.
"დიახ, ევროპარლამენტმა საქართველოს პარლამენტს "ჟან მონეს დიალოგი" შესთავაზა. ასე რომ, მოდით, ვნახოთ, როგორ ჩაივლის არჩევნების მეორე ტური და შემდეგ დავუბრუნდეთ ამ საკითხს. ვიმედოვნებ, მეორე რაუნდი იქნება მშვიდობიანი, ვიმედოვნებ, არ გადავა პროცესები ქუჩაში ან არ იქნება ძალის გამოყენება ქუჩაში და რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან ყურადღებით გავაგრძელებთ მიხეილ სააკაშვილის საქმის მონიტორინგს. საქართველო არის დემოკრატია, ჩვენ არ ვერევით ქვეყნის საშინაო საქმეებში, თუმცა დავაკვირდებით იმას, კანონის უზენაესობა და მართლმსაჯულების პრინციპები იქნება თუ არა შესრულებული საქართველოს ხელისუფლების მიერ", – განაცხადა კალიურანდმა.
ცნობისთვის: მიმდინარე წლის მაისში ევროპარლამენტში "ჟან მონეს დიალოგის" ფორმატის ფარგლებში საქართველოსთვის დახმარების მზაობა გამოთქვეს.
"19 აპრილის შეთანხმება ზედმიწევნით უნდა შესრულდეს – სიტყვით და სულისკვეთებით. თავის მხრივ, ევროპარლამენტი მზად არის დასახმარებლად, მაგალითად, მედიაციის საშუალებით, როგორიცაა "ჟან მონეს დიალოგი", – განუცხადა "აქცენტს" კალიურანდმა 19 მაისს.
რა არის "ჟან მონეს დიალოგი"
"ჟან მონეს დიალოგი" ნახსენებია 19 აპრილს მიღწეული შეთანხმების მეოთხე პუნქტში, რომელიც პარლამენტში ძალაუფლების გადანაწილებას ეხება.
„პარტიები იზრუნებენ "ჟან მონეს დიალოგის" ფორმატის შექმნაზე ევროპარლამენტთან“, – ნათქვამია დოკუმენტში.
ჟან ომერ მარია გაბრიელ მონე (1888-1979) გავლენიანი ფრანგი დიპლომატი იყო, რომელიც ევროკავშირის ერთ-ერთ დამფუძნებელ მამად მიიჩნევა. მისი სახელობის დიალოგს საფუძველი 2016 წელს ჩაეყარა მონეს სახლში. „ჟან მონეს დიალოგი“ საპარლამენტო მედიაციისა და დიალოგისთვის ევროპარლამენტის მიერ შემუშავებული ინსტრუმენტია. იგი დიალოგის პლატფორმაა პოლიტიკური ლიდერებისთვის, რათა მათ კონსენსუსს მიაღწიონ ეროვნული პოლიტიკის პრიორიტეტულ საკითხებზე.
„ჟან მონეს დიალოგი“ არ არის ერთჯერადი შეხვედრა, იგი მოლაპარაკებათა პროცესია.
ფორმატი გულისხმობს ყველა მონაწილის შეთანხმებას როგორც განსახილველ თემებზე, ისე შემდეგ ცხრა აუცილებელ წესზე:
- მედიაციის პრინციპები საჭიროებისამებრ იქნება გამოყენებული;
- ყველა პოლიტიკური პარტია მონაწილეობს თანაბარ პირობებში;
- ნულოვანი შედეგი გამოირიცხება;
- წინასწარ არაფერია დაწესებული და/ან გამორიცხული;
- არაფერია შეთანხმებული, სანამ ყველაფერი არ შეთანხმდება;
- არანაირი კომუნიკაცია მედიასთან, სანამ კონკრეტული შედეგი არ იქნება;
- წინასწარ არ უნდა იყოს წარმოდგენილი წინადადებები ან კანონპროექტები;
- თუ თემაზე არსებობს პოლიტიკური შეთანხმება, დაიწყება მისი დამუშავება;
- ნებისმიერი შეთანხმებული საერთო პროექტი მხარეებს შეუძლიათ, წარმოადგინონ ერთობლივად;
ქვეყნები, რომლებთანაც ევროპარლამენტმა „ჟან მონეს დიალოგის“ ფორმატი გამოიყენა
ევროპარლამენტმა ხსენებული ფორმატი დღემდე სამ ქვეყანასთან – უკრაინასთან, ჩრდილოეთ მაკედონიასა და სერბეთთან თანამშრომლობის ფარგლებში გამოიყენა.


