
პუტინი 69 წლისაა: ვინ მიულოცა რუსეთის ლიდერს
07/10/2021 10:32:34 პოლიტიკა
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს 69 წელი შეუსრულდა.
როგორც ჟურნალისტებს მისმა პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა უამბო, იუბილეს მიუხედავად, დღეს პუტინს სამუშაო გეგმები აქვს, საღამოს იგი დაბადების დღეს ვიწრო წრეში აღნიშნავს.
«როგორც წესი, ასე ხდება», – დასძინა მან.
პუტინს საიუბილეო თარიღი ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერმა ასლან ბჟანიამ მიულოცა. "თქვენ დამსახურებულად ითვლებით მსოფლიო მასშტაბის ლიდერად და ისტორიული მნიშვნელობის პერსონად. თქვენი ხელმძღვანელობით რუსეთმა დაიბრუნა იმ დიადი დერჟავის სტატუსი, რომელიც წამყვან როლს ასრულებს მსოფლიოს მშვიდობისა და უსაფრთხოების, ასევე საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლური პრინციპების დაცვაში. ძნელია, გადააფასო თქვენი პირადი ღვაწლი აფხაზეთის უსაფრთხოების, რესპუბიკის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების საქმესა და რუსეთ-აფხაზეთის კულტურულ თუ ჰუმანიტარულ თანამშრომლობაში. მწამს, რომ ესოდენ მყარი ფუნდამენტის პირობებში ჩვენს ხალხებს შორის ურთიერთობების დინამიკა მხოლოდ მომძლავრდება», – ნათქვამია მის მისალოც წერილში.
რუსეთის ლიდერს მიულოცა საქართველოს მეორე ოკუპირებული რეგიონის - ე.წ. "სამხრეთ ოსეთის" ლიდერმა ანატოლი ბიბილოვმაც. «თქვენი ჭეშმარიტად ისტორიული ღვაწლის შედეგად რუსეთმა დაიბრუნა მსოფლიოში წამყვანი სახელმწიფოს სტატუსი, განუზომლად გაიზარდა რუსეთის როლი და გავლენა საერთაშორისო საქმეებში, რამაც ჩვენს ქვეყანასაც გაუჩინა ისტორიული პერსპექტივები. ამდენად, ჩვენი სახელმწიფოები ურღვევ კავშირში არიან ერთმანეთთან - ისევე, როგორც ასწლეულების განმავლობაში. ჩვენი ხალხის ცნობიერებაში სწორედ თქვენს სახელს უკავშირდება სასიკვდილო საფრთხის განეიტრალება, მყარი მშვიდობის მოპოვება, აღზევება და ხვალინდელი დღის რწმენა», – ნათქვამია მის მისალოცში.
რუსული მედიის ინფორმაციით, პუტინს მიულოცეს ასევე თურქეთის, აზერბაიჯანის, ბელორუსის, სომხეთის, უზბეკეთის, ყირგიზეთისა და ყაზახეთის ლიდერებმა.