
იდლიბში დაჯგუფება "ჰაიათ თაჰრირ აშ-შამის" წევრებმა მურად მარგოშვილის შტაბ-ბინა ჩაიგდეს ხელში
07/10/2021 11:22:25 სამართალი
სირიულ იდლიბში შეიარაღებული დაჯგუფება "ჰაიათ თაჰრირ აშ-შამის" წევრებმა ჩეჩენ საველე მეთაურ "მუსლიმი შიშანის" - პანკისელი მურად მარგოშვილის შტაბ-ბინა ჩაიგდეს ხელში.
"Кавказ.Реалии"-ს ინფორმაციით, ივნისის ბოლოს "ჰაიათ თაჰრირ აშ-შამის" ლიდერებმა ჩეჩენ საველე მეთაურს ულტიმატუმი წაუყენეს მოთხოვნით, ან სირია დაეტოვებინა, ან მათ რიგებს შეერთებოდა. ოქტომბრის დასაწყისში კი თავად "ბოევიკების" საიტებზე გავრცელდა ვიდეო, როგორ შედიან ისინი ოფისში.
OGN-ის კორესპონდენტი ბილალ აბდულ-ქარიმი თვლის, რომ "ჰაიათ თაჰრირ აშ-შამის" ლიდერები "მუსლიმი შიშანის" დაპატიმრებას ისურვებდნენ, მაგრამ ამ უკანასკნელის პოპულარობა მათ ამაში ხელს უშლით.
"მუსლიმი შიშანი" (მურად მარგოშვილი) ჩეჩნეთის მეორე ომის მონაწილეა წარმოშობით პანკისის ხეობიდან, გახლავთ დაჯგუფება "ჯუნუდ აშ-შამის" ამირი (მეთაური) და ჯიჰადისტი. 2018 წელს მან სირიის ოპოზიციას გაერთიანებისკენ მოუწოდა და თურქეთის მხარეს სირიელი ქურთების წინააღმდეგ ოპერაციაში მონაწილეობა უარყო.
შიშანის დაჯგუფებაში ჩეჩნების გარდა, ბევრი ქურთი მებრძოლიც არიან.
2011 წელს სირიაში სამოქალაქო ომის დაწყების დროიდან, სხვადასხვა მონაცემებით, უკვე ნახევარ მილიონამდე ადამიანია დაღუპული, 11 მილიონზე მეტი დევნილად იქცა, რაც ომამდელი სირიის მოსახლეობის თითქმის ნახევარს უტოლდება. ქვეყანა სამ ძირითად ნაწილადაა დაყოფილი, რომელთაგან უმსხვილესს ბაშარ ალ-ასადის მთავრობა და მისი მოკავშირეები აკონტროლებენ, უპირველესად - რუსეთი და ირანი.