Accentnews.ge
ჯუანშერ ბურჭულაძე: "ნატო-საქართველოს თანამშრომლობა გამოირჩევა უპრეცედენტო, შეუქცევადი დინამიკით"

ჯუანშერ ბურჭულაძე: "ნატო-საქართველოს თანამშრომლობა გამოირჩევა უპრეცედენტო, შეუქცევადი დინამიკით"

08/10/2021 06:34:15 თავდაცვა

ნატო-საქართველოს თანამშრომლობა გამოირჩევა უპრეცედენტო, შეუქცევადი დინამიკით, რასაც ცხადყოფს ალიანსის მხრიდან მტკიცე პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა საქართველოს ალიანსში გაწევრიანებისთვის მზადების პროცესში, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარესთან, ადმირალ რობ ბაუერთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში ალიანსის უმაღლესი სამხედრო ორგანოს ვიზიტი ადასტურებს ნატო-ს ურყევ მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ორმხრივ შეხვედრაზე განიხილეს თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები და ნატო- სთან სამხედრო თანამშრომლობის პრიორიტეტები, ნატო-საქართველოს შორის არსებული ღრმა და ყოვლისმომცველი თანამშრომლობა, კერძოდ, განახლებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების გზაზე მიღწეული პროგრესი, ასევე შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები.

ჯუანშერ ბურჭულაძემ ყურადღება გაამახვილა ავღანეთში ნატო-ს მიერ წარმოებულ მისიებში საქართველოს კონტრიბუციაზეც:

​„საქართველო, როგორც ალიანსის დასაყრდენი და საიმედო პარტნიორი და მომავალი წევრი, ორ ათწლეულზე მეტი მხარდამხარ იბრძოდა ნატო-ს სამხედროებთან ერთად, და წარმოადგენდა ერთ-ერთ უმსხვილეს კონტრიბუტორ სახელმწიფოს ავღანეთში ნატო-ს მიერ წარმოებულ მისიებში. მტკიცე მხარდაჭერის მისიის დასრულების შემდგომ პერიოდშიც, საქართველომ, ნატო-ს სტანდარტების შესაბამისი შესაძლებლობებითა და მხარდაჭერით, მნიშვნელოვანი დახმარება აღმოუჩინა ალიანსის ძალებს ტრანზიტისა და ევაკუაციის პროცესში, რაც მეტყველებს ჩვენი ძალისხმევის წარმატებასა და იმ პროგრესზე, რასაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით მივაღწიეთ“.

საქართველო უკვე მეოთხედ მასპინძლობს ნატო-ს სამხედრო კომიტეტს. ვიზიტის ფარგლებში, ნატო-ს სამხედრო კომიტეტისა და საქართველოს პლენარული სხდომა გაიმართება. გაიმართა ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის მაღალი რანგის ორმხრივი შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელ პირებთან. ნატო-ს სამხედრო კომიტეტის წარმომადგენლები თავდაცვის ძალების ინფრასტრუქტურასა და შესაძლებლობებსაც გაეცნენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S