
კადიროვის ქალიშვილი ჩეჩნეთის კულტურის მინისტრად დანიშნეს
08/10/2021 14:43:15 კავკასია
ჩეჩნეთის რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმულმა ლიდერმა რამზან კადიროვმა თავისი უფროსი ქალიშვილი - 22 წლის აიშათი ჩეჩნეთის კულტურის მინისტრად დანიშნა.
ამის შესახებ საზოგადოებამ ჩეჩნური პარლამენტის სპიკერ მაგომედ დაუდოვის ინსტაგრამ-პოსტიდან შეიტყო.
"საქმისადმი მაღალი პასუხისმგებლობის წყალობით აიშათმა შეძლო, უმნიშვნელოვანესი წვლილი შეეტანა რესპუბლიკის ბიბლიოთეკების, თეატრებისა და კულტურის სახლების განვითარებაში, ასევე მიეღწია მაღალი მაჩვენებლებისთვის კულტურის სამინისტროს საქმიანობაში ყველა მიმართულებით", – წერს დაუდოვი.
2020 წლის დეკემბერში კადიროვის მეორე ქალიშვილი - ხადიჟათი გროზნოს სკოლამდელი აღზრდის დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა.
2020 წლის ივლისში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა კადიროვის მიმართ სანქციები დააწესა რესპუბლიკაში ადამიანის უფლებების სისტემატიური უხეში დარღვევის, მათ შორის გატაცებების, მკვლელობებისა და წამების გამო. ეს სანქციები კადიროვის ცოლსა და ქალიშვილებსაც ეხებათ.