
აფხაზეთში პოლიტიკური კრიზისის ფონზე რამდენიმე მაღალჩინოსნის მიმართ სისხლის სამართლის საქმეები აღიძრა
11/10/2021 11:18:53 კონფლიქტები
ოკუპირებულ აფხაზეთში გრძელდება პოლიტიკური კრიზისი, რომელიც 30 სექტემბერს სოხუმის სანაპიროზე დე ფაქტო დეპუტატებსა და შს "სამინისტროს" ჩინოსნებს შორის დაპირისპირებას მოჰყვა.
როგორც დღეს "გენერალურმა პროკურორმა" ადგურ აგრბამ განაცხადა, შს "სამინისტროს" რამდენიმე მაღალჩინოსნის მიმართ სისხლის სამართლის საქმეები აღიძრა. საუბარია, კერძოდ, "მინისტრის" მოადგილეზე - სპეცდანიშნულების რაზმის (СОБР) მეთაურ რაშა ცვიჟბასა და მის ორ მოადგილეზე, მათ შორის - СОБР-ის მეთაურის მოადგილე დადინ ჩაჩხალიაზე.
ხსენებულ პირებს გამოძიება "დამამძიმებელ გარემოებებში, კერძოდ, ძალის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას" ედავება, რაც აფხაზეთში მოქმედი კანონმდებლობით, თავისუფლების 5-დან 10 წლამდე აღკვეთით ისჯება.
ამავდროულად, "პროკურატურამ" დანაშაულის ნიშნები განჭვრიტა კონფლიქტის მეორე მხარის - "დეპუტატ" გარი კოკაიას ქმედებებშიც, რომელსაც ხულიგნობასა და "ხელისუფლების წარმომადგენლების შეურაცხყოფას" ედავებიან. ამასთან, როგორც დე ფაქტო გენერალურმა პროკურორმა აღნიშნა, არსებობს იმის მტკიცებულებებიც, რომ კოკაიას კოლეგამ - "დეპუტატმა" ალმასხან არძინბამ შს "სამინისტროს" შენობასთან ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გახსნა.
რაც შეეხება ინციდენტის მონაწილე შს "მინისტრ" დიმიტრი დბარს, რომელსაც მომხდარის გამოძიების დასრულებამდე უფლებამოსილება აქვს შეჩერებული, როგორც "გენერალურმა პროკურორმა" აღნიშნა, დბარის ქმედებებში მისმა უწყებამ დანაშაულის ნიშნები ვერ დაინახა, "თუმცა ინციდენტის დროს მისი ადგილზე ყოფნისა და მასში მონაწილეობის ფაქტის გათვალისწინებით, გენერალური პროკურატურა აუცილებლად მიიჩნევს, პრეზიდენტს დბარის თანამდებობაზე დატოვებისა და მის მიმართ დისციპლინარული სასჯელის გამოყენების საკითხების განხილვის თხოვნით მიმართოს".
- დე ფაქტო შსს-ს ინფორმაციით, 30 სექტემბერს - "გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღს", დე ფაქტო დეპუტატმა გარი კოკაიამ სოხუმის სანაპიროზე მდებარე ერთ-ერთი რესტორნიდან გამოსვლის შემდეგ დღესასწაულის აღსანიშნად კუთვნილი იარაღიდან ჰაერში სროლა გახსნა, რითაც "საზოგადოებრივი წესრიგი უხეშად დაარღვია". ამასთან, იგი არ დაემორჩილა სროლის ხმაზე ადგილზე მისული სამართალდამცველებისა და მათთან ერთად მყოფი დე ფაქტო შს მინისტრის - დიმიტრი დბარის მოთხოვნას, იარაღი ჩაებარებინა. გაჩაღდა კონფლიქტი, რომელშიც კოკაიას თანმხლები ომის ვეტერანებიც ჩაერთვნენ. შედეგად კოკაიამ და რამდენიმე ვეტერანმა სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღეს.
- მოგვიანებით, დე ფაქტო შსს-ს ცნობით, კიდევ ერთმა "დეპუტატმა" - ალმასხან არძინბამ შს "სამინისტროს" შენობა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან დაცხრილა.
- ამ მოვლენებიდან მეორე დღეს, 1 ოქტომბერს დე ფაქტო პარლამენტი საგანგებო სხდომაზე შეიკრიბა, რომელიც კოკაიასა და მისი თანმხლები ვეტერანების მშობლიურ სოფელ აძიუბჟას მცხოვრებთა საპროტესტო აქციის ფონზე წარიმართა. მისი მონაწილეები დე ფაქტო შს მინისტრის გადაყენებას მოითხოვდნენ.
- 3 ოქტომბერს "პრეზიდენტმა" ბჟანიამ დიმიტრი დბარს გამოძიების დასრულებამდე უფლებამოსილება შეუჩერა.
- 4 ოქტომბერს დე ფაქტო პარლამენტის შენობასთან მორიგი აქცია გაიმართა, რომელიც ვეტერანთა ოპოზიციური ორგანიზაცია "არუაას" მიერ იყო მართული.
- თუმცა "პარლამენტმა", 1 ოქტომბრის მსგავსად, ვერც 4-ში მიიღო რაიმე გადაწყვეტილება და ჩამოყალიბდა იმაზე, რომ დაჰლოდებოდა გამოძიების დასრულებას.