საბერძნეთი თურქეთთან საზღვარს ამაგრებს და ევროკავშირს მიგრაციული პოლიტიკის გამკაცრებისკენ ოუწოდებს

12-10-2021 01:11:18 ევროპა

საბერძნეთი ავღანეთის კრიზისის გამო არალეგალური მიგრაციის ტალღის მოლოდინშია და თურქეთთან საზღვარზე მესაზღვრეების რაოდენობას ზრდის, - იუწყება ადგილობრივი გამოცემა Ekathimerini.

მისივე ინფორმაციით, უახლოესი თვეების განმავლობაში სადღეისოდ მოქმედ 1500 მესაზღვრეს კიდევ 250 ოფიცერი დაემატება. ამასთანავე, 800-ით გაიზრდება მესაზღვრეთა რაოდენობა თურქეთთან საზღვრის სიახლოვეს მდებარე აეროპორტებსა და რეგიონებში.

ბოლო ორი წლის განმავლობაში საბერძნეთმა საკუთარი მიგრაციული პოლიტიკა მნიშვნელოვნად გაამკაცრა, თურქეთთან სასაზღვრო ზოლზე კედელი გააფართოვა და მაღალტექნოლოგიური სადამკვირვებლო სისტემა დაამონტაჟა.

როგორც ქვეყნის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას საბერძნეთის მიგრაციის საკითხთა მინისტრმა ნოტის მიტარაჩიმ აღნიშნა, ევროკავშირის 27 სახელმწიფოდან სულ უფრო მეტი სთხოვს ევროკომისიას, მიგრაციის შესაკავებლად ზომები გაამკაცროს.

"ევროპა მეომარ ქვეყნებს არ ესაზღვრება და შესაბამისად, შემომავალი მიგრანტების უმრავლესობას ბოლო სატრანზიტო ქვეყანაში რისკები არ ემუქრება. ამდენად, მნიშვნელოვანია, მიგრაციული პოლიტიკა გადაიხედოს და შესწავლილ იქნას, როგორ მუშაობს სასაზღვრო უსაფრთხოება" - განაცხადა მიტარაჩიმ.

  • საბერძნეთი, პოლონეთი და ლიტვა იყვნენ 12 სახელმწიფოს შორის, რომელმაც გასულ კვირას ევროკომისიას მიმართა წერილით არალეგალური მიგრაციის საწინააღმდეგო ზომების გაფართოებისა და გამკაცრების თაობაზე.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები